წლის 2 აპრილს, პრემიერ-მინისტრი რეგიონული ტურნეს ფარგლებში სამეგრელოს ესტუმრა. ვიზიტისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა და განაცხადა: „ეს [ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოები] მანამდე არ იყო დაგეგმილი. როგორც ყოველთვის, უკუღმა აკეთებდა ყველაფერს წინა ხელისუფლება. აქ უნდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურა, სასტუმროები. ზუსტი გათვლები არის საჭირო იმისთვის, რომ სწორად დავგეგმოთ სამუშაოები“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა განცხადებაში მოყვანილი ფაქტით და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
ირაკლი ღარიბაშვილი წინა ხელისუფლებას ანაკლიაში სამუშაოების არათანმიმდევრულად განხორციელების გამო აკრიტიკებს. როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, პრემიერ-მინისტრს ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება კურორტ ანაკლიის გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობად მიაჩნია.
გასულ წლებში ანაკლიაში დაგეგმილი და განხორციელებული ნაპირსამაგრი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, ჩვენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართეთ.
ჩვენი წერილის პასუხად სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გვაცნობა,რომ 2013 წლამდე მუნიციპალური განვითარების ფონდს ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები არ განუხორციელებია. მათივე ცნობით, 2013 წლის 12 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ამჟამად ანაკლიის ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობიის I ეტაპი (საკონტრაქტო ღირებულებით - 15 800 759.49 ლარი) მიმდინარეობს. წერილის თანახმად, სამუშაოები 2,3 კმ მანძილზე უკვე განხორციელდა და აღნიშნული პროექტი მომავალ წელს დასრულდება. რაც შეეხება ანაკლიაში მომავალ წელს დაგეგმილ ნაპირსამაგრ სამუშაოებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, დაგეგმილია ანაკლიის ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობის II ეტაპი. სამუშაოები 1,5 კმ მანძილის ნაპირგამაგრებას მოიცავს. აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი ჯერჯერობით არ ჩატარებულა, შესაბამისად, საპროექტო ღირებულების გასაჯაროება დონორის მიერ დადგენილი წესებით, ფონდს არ შეუძლია.
ანაკლიაში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოების შესახებ ვრცელი ინფორმაციარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა. მათი ცნობით, ანაკლიაში ნაპირდამცავ ნაგებობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და ჯამში, 4100 მეტრის ნაპირგამაგრება მოხდება. როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ნაპირგამაგრებასთან ერთად, მოწესრიგდება სანაპირო ზოლი და მოეწყობა ქვიშის პლაჟი. სულ 3 კილომეტრამდე სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის სანაპირო ზოლის მოწყობაა დაგეგმილი. სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 15 355 551.74 ლარია, მშენებლობის ვადა კი 9-10 თვეა. ამ პერიოდის განმავლობაში მშენებლობაზე 100-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული, საიდანაც 80% ადგილობრივი მოსახლეა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველ ეტაპზე მდინარე ენგურის შესართავიდან მდინარე თიკორის შესართავამდე (საერთო სიგრძით - 2600 მეტრი) ზღვის ნაპირგამაგრება და სანაპირო ზოლის დაცვა განხორციელდება. ნაპირგამაგრებასთან ერთად, 2300 მეტრ სიგრძესა და 60 მეტრ სიგანეზე მოწესრიგდება სანაპირო ზოლი და მოეწყობა ქვიშის პლაჟი.
რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, მეორე ეტაპზე ზღვის ნაპირგამაგრება და სანაპირო ზოლის დაცვა მდინარე თიკორის შესართავიდან სამხრეთით (ქ.ფოთის მიმართულებით) საერთო სიგრძით –1500 მეტრი), განხორციელდება. ნაპირგამაგრებასთან ერთად, სამუშაოების მეორე ეტაპზეც მოეწყობა სანაპირო ზოლი ქვიშის პლაჟით, რომლის სიგრძე - 1500 მეტრი, სიგანე კი - 60 მეტრი იქნება. მეორე ეტაპის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10-15 მილიონი ლარია. მშენებლობის საორიენტაციო ვადა 7-8 თვეა.
სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად სანაპირო ზოლზე განთავსებულია ტეტრაპოდები (ჰიდროტექნიკური ნაგებობა) და შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე, მათი ზღვაში ჩაყრა დაიწყება.
პროექტს კომპანია „მოდერნ ბიზნეს გრუპი“ახორციელებს, რომელიც სამუშაოების პირველ ეტაპს 2014 წლის ივლისში დაასრულებს. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები აღარ დაეტბორება, ასევე, გაუმჯობესდება დამსვენებელთა პირობები.
ანაკლიაში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოების შესახებ ფაქტ-მეტრი სამეცნიერო-კვლევითი ფირმის „გამას“საზღვაო ჯგუფის ხელმძღვანელს, ექსპერტ ირაკლი პაპაშვილს ესაუბრა. მისი განცხადებით, ანაკლიის მიმდებარედ ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას „გამას“ მიერ მომზადებული ლაზიკის პორტის პროექტიც ითვალისწინებდა, თუმცა, ის შეხამებული უნდა ყოფილიყო პორტის მშენებლობასთან. პორტის მშენებლობის შედეგად გამოწვეული ცვლილებების შემდეგ, როგორც წესი, საჭირო ხდება ნაპირისა და განხორციელებული სამუშაოების დაცვა ზღვის ტალღებისგან, რასაც ითვალისწინებდა კიდეც აღნიშნული პროექტი.
ექსპერტის განცხადებით, ანაკლიაში ამჟამად მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები, მაშინ, როდესაც ზუსტად არაა განსაზღვრული სამომავლოდ პორტის მშენებლობის ზუსტი ადგილი, შესაძლოა დაბრკოლებად იქცეს. ნაპირსამაგრი სამუშაოები ზღვის ფსკერზე სპეციალური ჰიდროტექნიკური ნაგებობების განთავსებას ითვალისწინებს, რომელიც, ერთი მხრივ, შეცვლის რელიეფს, მეორე მხრივ კი, ნაპირის სიახლოვეს ტალღების მიმართულებას. ამასთან, ექსპერტი სკეპტიკურადაა განწყობილი მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ირაკლი პაპაშვილის შეფასებით, ცალკე საკითხია, რამდენად დაიცავს ნაპირს აღნიშნული სამუშაოები, მაგრამ ამ სამუშაოების შედეგად, იმ კონკრეტულ ადგილზე, რომელსაც თავის დროზე „გამას“ მიერ მომზადებული წინადადება ითვალისწინებდა, ზემოთქმული მიზეზის გამო, ექსპერტის აზრით, პორტი ვეღარ აშენდება.
ფაქტ-მეტრი ასევე ესაუბრა შპს „მშენპროექტის“ დირექტორ სპარტაკ ერაგიას, რომელსაც ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი პროექტი აქვს მომზადებული. მისი შეფასებითაც, ანაკლიაში ამჟამად მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები მომავალში პორტის აშენებისთვის ხელისშემშლელი გახდება. სპარტაკ ერაგიას განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები არაკოორდინირებული და შეუთანხმებელია მთავრობის იმ გეგმასთან, რომელიც პორტის აშენებას ითვალისწინებს. ის ასევე გამოთქვამს ეჭვს სამუშაოების შედეგებთან დაკავშირებით.
იმ ფაქტს, რომ მთავრობამ ჯერჯერობით ზუსტად არ იცის, თუ კონკრეტულად სად ააშენებს პორტს, ადასტურებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაც.როგორც მან 2014 წლის 13 მაისს თემის კომენტირებისას აღნიშნა, 15 ივნისს მზად იქნება იაპონური კომპანიის დასკვნა. კონკრეტულად სად აშენდება პორტი, სწორედ წინასწარი დასკვნის მომზადების შემდეგ გადაწყდება.
დასკვნაფაქტ-მეტრის მიერ განცხადების სიზუსტის გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2013 წლამდე ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები არ განხორციელებულა. 2013 წლის 12 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ამჟამად ანაკლიის ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობიის I ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები 2,3 კმ მანძილზე უკვე განხორციელდა. ის მომავალ წელს უნდა დასრულდეს. ამავდროულად, მომავალ წელს დაგეგმილია ანაკლიის ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობის II ეტაპიც. მის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები 1,5 კმ მანძილის ნაპირგამაგრებას მოიცავს.
ფაქტ-მეტრი ანაკლიაში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოების შესახებ სამეცნიერო-კვლევითი ფირმის „გამას“საზღვაო ჯგუფის ხელმძღვანელს, ექსპერტ ირაკლი პაპაშვილს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრ სამუშაოებს „გამას“ მიერ მომზადებული ლაზიკის პორტის პროექტიც ითვალისწინებდა. თუმცა, ეს სამუშაოები პორტის მშენებლობასთან იყო შეხამებული. ნაპირისა და ნაგებობების დაცვა ზღვის ტალღებისგან განხორციელებული სამუშაოების შედეგად გამოწვეული ცვლილებების შემდეგ ხდება საჭირო და სწორედ ამას გულისხმობდა აღნიშნული პროექტი.
ექსპერტი სკეპტიკურადაა განწყობილი მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, გარდა იმისა, რომ საეჭვოა რამდენად მოახერხებს აღნიშნული სამუშაოები ნაპირის დაცვას, ამ სამუშაოების შედეგად იმ კონკრეტულ ადგილზე, რომელსაც თავის დროზე „გამას“ მიერ მომზადებული წინადადება ითვალისწინებდა, პორტი ვეღარ აშენდება. ამავე მოსაზრებას იზიარებს შპს „მშენპროექტის“ დირექტორი სპარტაკ ერაგია, რომელსაც ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთრი პროექტი აქვს მომზადებული. მისი შეფასებით, ანაკლიაში ამჟამად მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები მომავალში პორტის აშენებისთვის ხელისშემშლელია.
იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები გასულ წლებში დაგეგმილი ან განხორციელებული არ ყოფილა, მაგრამ ის მიმდებარე ტერიტორიაზე პორტის მშენებლობის აუცილებელი თანმდევი ღონისძიება იქნებოდა, ასევე, ექსპერტებისგან ამჟამად მიმდინარე სამუშაოების შედეგებისადმი სკეპტიკური შეხედულების გამო, ფაქტ-მეტრის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „ეს [ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოები] მანამდე არ იყო დაგეგმილი. როგორც ყოველთვის, უკუღმა აკეთებდა ყველაფერს წინა ხელისუფლება,“ არის ნახევრად სიმართლე.