2014 წლის 30 აპრილს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ზურაბ მელიქიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „2013 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 703 მლნ ლარით გაირღვა. ეს 703 მილიონი არის კონკრეტულ სოფლებში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც არ შესრულდება. საგადასახადო შემოსავლები 633 მლნ ლარით შემცირდა. წელს, უკვე პირველ კვარტალში, მიუხედავად იმისა, რომ მაინც თავმომწონედ დგას ეკონომიკური გუნდი, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო შემოსულობები 62 მლნ ლარით გაირღვა“.
ფაქტ-მეტრი დეპუტატის მიერ დასახელებული მონაცემების სიზუსტით დაინტერესდა და მისი განცხადება გადაამოწმა.
ტერმინი - "ბიუჯეტის გარღვევა" საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში არ გვხდება. კოდექსის მიხედვით, ტერმინი "ბიუჯეტის გეგმის შესრულება თუ შეუსრულებლობა" გამოიყენება. ზოგადად, ტერმინი -"ბიუჯეტის გარღვევა’" შეგვიძლია ვიხმაროთ, როდესაც: ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლები გეგმით არ შესრულდა, ან ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებული ხარჯები სრულად არ იქნა ათვისებული. შესაბამისად, ამ ტერმინის გამოყენებაც გარკვეულწილად განმცხადებელზე და მის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული.
ცხრილი 1: სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მონაცემები (ათას ლარებში)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; mof.ge
ცხრილი 1-ის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2013 წელს ბიუჯეტის დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ხარჯების მოცულობა 7,248 მლნ ლარს შეადგენდა, დაზუსტებული გეგმის მიხედვით კი - 7,006 მლნ ლარს. ბიუჯეტის ფაქტობრივმა შესრულებამ 6,546 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, ფაქტობრივი მონაცემები დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 703 მლნ ლარით ნაკლებია, ხოლო დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით კი - 460 მლნ ლარით. შესაბამისად, თუ საკასო შესრულებას დამტკიცებულ გეგმას შევადარებთ, მაშინ დეპუტატის მიერ დასახელებული 703 მლნ ლარის „გარღვევა“, ზუსტად ასახავს რეალობას.
ხარჯების გეგმით განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები ოდენობით გამოყენება ეკონომიკისთვის უარყოფით ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან ხარჯვით ნაწილში გაწერილ თანხებს თავის დანიშნულება აქვს და კონკრეტული პროექტების თუ აქტივობების შესასრულებად გამოიყოფა. თუ ფინანსური რესურსი გეგმაზე ნაკლები ოდენობით დაიხარჯა, ეს იმას ნიშნავს, რომ გეგმით განსაზღვრული ოპერაციები, რისი შესრულებაც კონკრეტულ წელს იყო გათვალისწინებული, სრულად არ განხორციელდა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც აქტივობები გეგმის მიხედვით სრულდება, თუმცა დაგეგმილ ფინანსურ რესურსზე უფრო ნაკლები იხარჯება. ეს ფაქტი თითქოს ერთი მხრივ კარგია, რადგან გამიზნული აქტივობების განხორციელება უფრო ნაკლები ფინანსებით ხდება, თუმცა, მის უარყოფით მხარეზეც შეიძლება საუბარი. როდესაც კონკრეტული ოპერაციის განხორციელება გეგმაზე ნაკლები ფინანსებით ხდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ხარჯები თავდაპირველად სწორად არ იქნა პროგნოზირებული და დარჩენილი თანხები სხვა სექტორის თუ ოპერაციის დასაფინანსებლად შეიძლებოდა გამოყენებულიყო (იმ პროექტების, რისი განხორციელებაც გადაუდებელი სწორედ იმ წელს იყო). შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეუსრულებლობა ეკონომიკისთვის არასახარბიელოა.
საბიუჯეტო ხარჯების კუთხით ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის უკეთ ანალიზისთვის, უპრიანია 2012 და 2013, 2014 წლების პირველ კვარტლებში ბიუჯეტის ხარჯების შესრულების მაჩვენებლებიც მიმოვიხილოთ. 2012 წელს დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯები 6,883 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ კი 6,566 მლნ ლარი შეადგინა. აქედან, 2012 წელს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გარღვევა 317 მლნ ლარი იყო. ეს მონაცემი კი 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში არსებულ 703 და ასევე 460 მლნ ლარიან გარღვევაზე ნაკლებია. რაც შეეხება 2014 წლის პირველ კვარტალს, აქ ხარჯებში 316 მლნ ლარის, ხოლო 2013 წლის პირველ კვარტალში კი 65 მლნ ლარის გარღვევა დაფიქსირდა. შესაბამისად ვხედავთ, რომ 2014 წელს გასულ წელთან შედარებით (პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით) უარყოფითი დინამიკა ფიქსირდება.
რაც შეეხება 2013 წლის საგადასახადო შემოსავლებს, მან 6,288 მლნ ლარი შეადგინა, 2012 წელს კი - 6,311 მლნ ლარი. ამ მონაცემებს შორის სხვაობა კი 23 მლნ ლარია. ეს მაჩვენებელი დეპუტატის მიერ დასახელებული რიცხვ - 633 მლნ ლარზე გაცილებით ნაკლებია. თუმცა, აქ გასათვალისწინებელი ისაა, რომ დეპუტატი „შემცირებაში“ 2013 წლის საგადასახადო შემოსავლების გეგმის შეუსრულებლობას, ანუ იგივე გარღვევას საგადასახადო შემოსავლებში, გულისხმობდა. 2013 წელს საგადასახადო შემოსავლები გეგმით 6,920 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ კი 6,287 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლები 632 მლნ ლარით „გაირღვა“, რაც ზუსტად ემთხვევა დეპუტატის მიერ დასახელებულ რიცხვს.
ეკონომიკური მდგომარეობის უფრო დეტალური ანალიზისთვის (საგადასახადო შემოსავლების კუთხით) ჩვენ 2012 წლის და 2013, 2014 წლების პირველი კვარტლის საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებლებიც განვიხილეთ. 2012 წელს, ბიუჯეტის გეგმის მიხედვით საგადასახადო შემოსავლები 6,300 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ კი 6,311 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლები 2012 წელს 11 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა. 2013 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლები გეგმით 1,550 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 1,553 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2013 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლები 3 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ 2012 წელს, 2013 წელთან შედარებით (საგადასახადო შემოსავლების კუთხით) უკეთესი მდგომარეობა იყო. რაც შეეხება 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს, საგადასახადო შემოსავლები გეგმით 1,618 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ კი 1,639 მლნ ლარი შეადგინა. როგორც ვხედავთ, 2014 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლები 21 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, რაც 2013 და 2012 წლების ანალოგიურ მაჩვენელებზე მეტია.
ზურაბ მელიქიშვილმა თავის განცხადებაში 2014 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის გარღვევაზეც ისაუბრა. 2014 წლის პირველ კვარტალში შემოსულობები გეგმით 2,099 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ კი 2,038 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ბიუჯეტში გარღვევა 62 მლნ ლარია, რაც ასევე ემთხვევა ზურაბ მელიქიშვილის მიერ დასახელებულ რიცხვს. რაც შეეხება 2013 ანალოგიური პერიოდის შემოსულობების მონაცემებს, შარშან პირველ კვარტალში კორექტირებამდე არსებული შემოსულობები გეგმით 1,982 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ კი 1,795 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად 2013 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში 188 მლნ ლარის გარღვევა დაფიქსირდა.
დასკვნა
ზურაბ მელიქიშვილის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 703 მლნ ლარით გაირღვა. 2012 წელს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში 317 მლნ ლარის გარღვევა იყო. რაც შეეხება 2014 წლის პირველ კვარტალს, აქ ხარჯებში 316 მლნ ლარის, ხოლო 2013 წლის პირველ კვარტალში კი 65 მლნ ლარის გარღვევა დაფიქსირდა.
2013 წელს საგადასახადო შემოსავლები გეგმით 6,920 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ კი 6,287 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლები 2013 წელს 632 მლნ ლარით გაირღვა. რაც შეეხება 2012, 2013 და 2014 წლების პირველი კვარტლის მონაცემებს, 2012 წელს საგადასახადო შემოსავლები 11 მლნ ლარის, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში 3 მლნ ლარის და 2014 წელს 21 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა.
2014 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტი (შემოსულობები) 62 მლნ ლარით, ხოლო 2013 წლის პირველ კვარტალში კი 188 მლნ ლარით გაირღვა.
როგორც ზემოთ გაანალიზებული ინფორმაციიდან ჩანს, დეპუტატი მონაცემებს ზუსტად ასახელებს. ასევე ნათელია, რომ 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯვით და საგადასახადო შემოსავლების ნაწილში არსებული გარღვევა, წინა წლის მონაცემებზე მეტია (ანუ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით უარესი მდგომარეობა დაფიქსირდა). რაც შეეხება 2014 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში არსებულ გარღვევას (62 მლნ ლარი), აქ 2013 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით (188 მლნ ლარი) შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.
ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ მელიქიშვილის განცხადება: „2013 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 703 მლნ ლარით გაირღვა. საგადასახადო შემოსავლები 633 მლნ ლარით შემცირდა. წელს უკვე პირველ კვარტალში სახელმწიფო შემოსულობები 62 მლნ ლარით გაირღვა“, არის სიმართლე.