წლის 1 მაისიდან საქართველოში სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. მიმდინარე წლის 12 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ახალი რეგულაციების შემოღების მიზეზი განმარტა: „სტომატოლოგიური მომსახურების მხრივ საქართველოში სტიქიური სიტუაცია იყო. სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნის მსურველს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, რომ ელემენტარულად ეცნობებია ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ აქტივობის შესახებ. ამის გამო, არ ვიცით საერთოდ რამდენი კაბინეტია საქართველოში, რა პირობებში ახორციელებენ ამ სერვისებს და რამდენად უსაფრთხოა პაციენტისთვის“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა მინისტრის განცხადებით და გადაამოწმა, თუ რა ვალდებულებები ჰქონდა სტომატოლოგიურ კაბინეტებს ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე.
ჩვენ გავეცანით საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359 დადგენილებას,რომელიც მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების რეგლამენტს წარმოადგენს. ამ დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იყო აღნიშნული საქმიანობის დაწყებისა და დასრულების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის" ეცნობებინა. ამავე დადგენილების მე-11 მუხლის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება სტომატოლოგიურ საქმიანობაზე არ ვრცელდებოდა. თუმცა, სტომატოლოგიურ კაბინეტებს სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული კონკრეტული პუნქტების შესრულების ვალდებულება მაინც გააჩნდათ. მათ შორის იყო:
- ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოება;
- კაბინეტის ისეთი სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტება, რომელთა სერთიფიკატი და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ამავე რეგლამენტის თანახმად, სტომატოლოგიური კაბინეტის რენტგენის აპარატით აღჭურვისთვის, სპეციალური ლიცენზია იყო საჭირო, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გასცემს.
აქვე აღსანიშნავია, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2005 წლიდან 2014 წლამდე სტომატოლოგიური კლინიკების კონტროლის მექანიზმი არ არსებობდა და შესაბამისად, მათი შემოწმება არ ხორციელდებოდა. სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება მხოლოდ სასამართლო დავების შემთხვევაში ხდებოდა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N159 დადგენილებით,ზემოთ განხილულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, სტომატოლოგიურ კაბინეტებს ახალი რეგულაციები დაემატა. 2014 წლის 1 მაისიდან სტომატოლოგიური კაბინეტების მფლობელებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ. კერძოდ, სტომატოლოგიური კაბინეტები ვალდებულნი გახდნენ მოეწყოთ შესაბამისი პანდუსები შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) პირთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის. ასევე, სტომატოლოგიური კაბინეტის ფართობი, ერთი ძირითადი სტომატოლოგიური სავარძლის არსებობის შემთხვევაში, უნდა იყოს არანაკლებ 14მ2, ხოლო ყოველ დამატებით სავარძელზე კი არანაკლებ 7მ2-ით უნდა იზრდებოდეს.
ამასთან, გაუქმდა მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის რეგლამენტის მე-11 მუხლი, რომელიც სტომატოლოგიურ კაბინეტებს საქმიანობის დაწყების ან დასრულების შესახებ შესაბამის უწყებაში შეტყობინების გაკეთების ვალდებულებისგან ათავისუფლებდა. შესაბამისად, ამჟამად სტომატოლოგიური კაბინეტი, როგორც მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო მომსახურეობის მიმწოდებელი, ვალდებულია თავისი საქმიანობის დაწყების ან დასრულების შესახებ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს აცნობოს. მოქმედ სტომატოლოგიურ კაბინეტებს თავიანთი საქმიანობის შესახებ სააგენტოსთვის 2014 წლის 1 მაისამდეუნდა ეცნობებინათ.
რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება წელიწადში ერთხელ (შერჩევითი კონტროლის სახით) უნდა განახორციელოს.კანონმდებლობასთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტომატოლოგიურ კლინიკას სათანადო კონსულტაცია გაუწიოს და ხარვეზის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს, შემდგომში კი ის კვლავ გადაამოწმოს.
მეტი ინფორმაციისთვის, ჩვენ სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" კონტროლის დეპარტამენტს დავუკავშირდით. როგორც გავარკვიეთ, შერჩევითი კონტროლის შედეგად, იმ სტომატოლოგიურ კაბინეტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის რეგლამენტის მოთხოვნებს, პირველ ჯერზე მითითებები და ხარვეზების გამოსასწორებელი ვადა მიეცემათ, რომელიც 1-დან 3 თვემდე მერყეობს. მეორე ჯერზე, ისინი 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდებიან. ხოლო, აღნიშნული ხარვეზების მესამედ აღმოჩენის შემთხვევაში, მათ სამმაგი ჯარიმა დაეკისრებათ. თუ ამის შემდეგ დარღვევები კვლავ არ იქნება გამოსწორებული, კაბინეტი შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 მაისიდან სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმება უნდა დაწყებულიყო, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი ექნებოდა. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, ეს პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა. ჩვენ ეს ინფორმაცია კონტროლის დეპარტამენტშიც გადავამოწმეთ. დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ამ ეტაპზე სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმების გრაფიკი დგინდება და სარეკომენდაციო ხასიათის მონიტორინგი უახლოეს მომავალში დაიწყება.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია სარეკომენდაციო პაკეტზე მუშაობს, რომელიც ერთგვარი გაიდლაინი იქნება სტომატოლოგიური კლინიკებისთვის. სარეკომენდაციო პაკეტი სტომატოლოგიური განათლების, სტომატოლოგიური დაწესებულებების ინსტიტუციონალური და სანიტარულ-ჰიგიენური მოწყობის საკითხებს შეეხება.
ჩვენ სტომატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ქეთევან გოგილაშვილს დავუკავშირდით. მისი განმარტებით, სტომატოლოგთა ასოციაცია იზიარებს სამინისტროს პოზიციას რეგულაციების არსებობასთან დაკავშირებით. თუმცა არსებობს პრობლემატური საკითხები, სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილისთვის პრობლემური გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პანდუსების დამონტაჟება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ 2010 წლის დადგენილებით სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებლებს აღნიშნული ვალდებულება არ მოეთხოვებოდათ. სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილი გაიხსნა მრავალსართულიანი შენობების ზედა სართულებზეც - იმ შენობებში, სადაც ლიფტი არ არის, რაც რიგ შემთხვევებში გარემოს ადაპტირების საშუალებას პრაქტიკულად არ იძლევა. სტომატოლოგთა ასოციაციამ სამინისტროს შემდეგი მოთხოვნით მიმართა: „უნივერსალური გარემო-პირობები მოეთხოვებოდეს ყველა იმ კლინიკას, რომელიც ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ გაიხსნება, ხოლო არსებული კლინიკებისთვის პანდუსების დამონტაჟების საკითხის განხილვა მოხდეს ინდივიდუალურად“.
სტომატოლოგიური კლინიკების უმეტესი ნაწილისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ის ფართობია (14მ2+7მ2), რომელიც მათ ახალი რეგულაციებით მოეთხოვებათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის ანალოგიური ფართობის მოთხოვნა ჯერ კიდევ 2002 წლის დადგენილებითიყო განსაზღვრული. აღნიშნული დადგენილება 2005 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ სტომატოლოგთა ასოციაციის პოზიციითაც დავინტერესდით. ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, „2002 წლის დადგენილების გაუქმების შემდეგ, სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილი დასავლეთის ქვეყნების სხვადასხვა სტანდარტების შესაბამისად გაიხსნა, სადაც, როგორც წესი, მინიმალური ფართი საშუალოდ 10 -12 კვ.მ–ს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილი 14 კვ.მ ფართობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. სტომატოლოგთა ასოციაციის სამუშაო ჯგუფი შეისწავლის საქართველოს სტომატოლოგიურ ბაზარზე არსებული კლინიკების მდგომარეობას და მოამზადებს რეკომენდაციას, რომელიც ერთი მხრივ მორგებული იქნება საქართველოში არსებულ რეალობას და მეორე მხრივ, მსოფლიოში აღიარებულ თანამედროვე სტანდარტებს“.
რამდენად გაიზიარებს ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციებს, ამ ეტაპზე ამის თქმა რთულია და მომავალში გაირკვევა.
დასკვნა
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის რეგლამენტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელებს ვალდებულება ჰქონდათ, თავიანთი საქმიანობის დაწყების ან დასრულების შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის ეცნობებინათ. 2014 წლის 13 თებერვლამდე ეს ვალდებულება სტომატოლოგიურ საქმიანობა/მომსახურეობაზე არ ვრცელდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი სტომატოლოგიური კაბინეტი არსებობდა ქვეყანაში, ვერ ექნებოდა.
2014წლის 13 თებერვალს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის რეგლამენტში შესული ცვლილებების თანახმად, სტომატოლოგიური კაბინეტების მფლობელებს, 2014 წლის 1 მაისამდე სააგენტოში თავიანთი საქმიანობის შესახებ განაცხადი უნდა გაეკეთებინათ. ამასთან, რეგლამენტის თანახმად, სტომატოლოგიური საქმიანობა მიმდინარე წლის 1 მაისიდან შერჩევით კონტროლს დაექვემდებარა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით სერგეენკოს განცხადება: „სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნის მსურველს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ აქტივობის შესახებ ეცნობებინა. ამის გამო, არ ვიცით საერთოდ რამდენი კაბინეტია საქართველოში“, არის სიმართლე.