მიმდინარე წლის 30 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით ონოფრიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება: „მშპ-ს, ანუ ეკონომიკის ზრდა მარტის თვეში 8.3%-ია. 2013 წლის ნოემბრიდან ეკონომიკური ზრდა არის სტაბილურად მაღალი, 7-8 პროცენტის ფარგლებში. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ზრდა შეასრულებს როგორც მინიმუმ იმ 5%-იან ზრდას, რაც ჩვენ ბიუჯეტში გვაქვს გათვალისწინებული. რაც შეეხება პირველი კვარტლის ეკონომიკურ ზრდას, ეს არის 7.4%. პირველ კვარტალში ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლო 6 წლის მანძილზე არ ყოფილა“.

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა და მასში მოყვანილი მონაცემების სიზუსტე გადაამოწმა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.3% შეადგინა. დეპუტატი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2013 წლის ნოემბრიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-დან 8%-მდე მერყეობს. 2013 წლის ნოემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.8% იყო. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2013 წლის დეკემბერში 8.4%, ხოლო  იანვრის თვეში  7.8% შეადგინა. 2014 წლის თებერვლში

 კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.4% იყო.

image001 დეპუტატის თქმით, 2014 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული ზრდა ბოლო 6 წლის მანძილზე ყველაზე მაღალია. ჩვენ 2009-2014 წლების პირველი კვარტლის მშპ-ს ზრდის მონაცემებიც გავაანალიზეთ. 2014 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.4%-ია. 2013 წლის შესაბამის პერიოდში მშპ-ს ზრდის ზრდის ტემპი (წინასწარი მონაცემებით) 2.4%-ს, ხოლო 2012 წლის პირველი კვარტალში 6.6%-ს შეადგენდა. 2011 წლის პირველი კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5.8%, 2010 წელს - 3.7%, ხოლო 2009 წელს მინუს 4.8% შეადგინა. როგორც ვხედავთ, ბოლო 6 წლის [პირველი კვარტლის მონაცემები] მანძილზე, 2014 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. image002

აქვე აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ოპონენტების აზრით, 2013 წლის IV კვარტალსა და 2014 წლის I კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ზრდის ტემპი ე.წ. ბეიზ-ეფექტის გამოა. ეკონომიკასა და ბიზნესში ბეიზ-ეფექტი, იგივე დაბალი საწყისი მაჩვენებლის ეფექტი ისეთ სიტუაციას ეწოდება, როდესაც პატარა დაბალი საწყისი ოდენობის მაჩვენებლიდან აბსოლუტური ცვლილება მაღალ პროცენტულ ცვლილებას იწვევს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ოპონენტებს მხედველობაში აქვთ საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის დაბალი ტემპი 2012 წლის IV კვარტლიდან დაწყებული 2013 წლის III კვარტლის ჩათვლით და სწორედ მასზე დაყრდნობით ხსნიან 2013 წლის IV კვარტლისა და მიმდინარე წლის I კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს.

  დასკვნა 2014

წლის მარტში, წინასწარი მონაცემებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, როგორც ამას დეპუტატი მიუთითებდა, 8.3% შეადგინა. 2013 წლის ნოემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 7.8%, დეკემბერში 8.4%, 2014 წლის იანვარში 7.8%, ხოლო თებერვალში კი 5.4% იყო. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით მშპ-ს ზრდის ტემპი 7%-8%-ის ფარგლებში მერყეობდა. ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, რომ განცხადების ეს ნაწილი ბოლომდე ზუსტი არ არის თუმცა, თუ ამ თვეების საშუალო მაჩვენებელს გამოვიყვანთ ვნახავთ, რომ საშუალოდ ეკონომიკის ზრდა შვიდ პროცენტს აღემატებოდა. დეპუტატი ზუსტია განცხადების მეორე ნაწილში. საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2014 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.4% იყო, რაც უკანასკნელი 6 წლის მანძილზე პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მშპ-ს ზრდის მაჩვენებლებს აღემატება.

დავით ონოფრიშვილის განცხადებაში გაჟღერებული მონაცემების გადამოწმებისას ფაქტ-მეტრი ე.წ. ბეიზ-ეფექტის, იგივე დაბალი საწყისი მაჩვენებლის ეფექტის, ეკონომიკის გაზრდილ აქტივობაზე შესაძლო გავლენის ანალიზში არ შევიდა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ცალსახა დასკვნის გამოტანა არ იქნებოდა უპრიანი. თუმცა, ფაქტ-მეტრი ამ საკითხს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.

ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატის განცხადება: „2013 წლის ნოემბრიდან ეკონომიკური ზრდა არის სტაბილურად მაღალი, 7-8 პროცენტის ფარგლებში... 2014 წლის პირველი კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.4%-ია. პირველ კვარტალში ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლო 6 წლის მანძილზე არ ყოფილა“, არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი