2014 წლის 30 აპრილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა: „კიდევ ერთი პრობლემა, ეს არის ფასების ზრდა, ეს არის ინფლაცია... მარტო უკანასკნელი დოკუმენტებით, საქართველოში პრაქტიკულად 20-25 პროცენტით გაძვირდა საშუალოდ ყველაფერი. არის პროდუქცია, რომელიც 200%-თაც არის გაზრდილი“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა დეპუტატის ამ განცხადებით და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
იმის გასარკვევად, თუ საშუალოდ როგორ გაიზარდა ფასები, ჩვენ სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებით კი ინფლაციის დონე იანგარიშება, რაც შესაბამისად, ფასების საერთო დონის პროცენტულ მატებას გვიჩვენებს.
საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის აპრილში 2013 წლის აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 3.4% შეადგინა. ძირითადად გაზრდილია ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (7.6%-ით), რომლის წილმაც ინფლაციის 3.4%-იან ნიშნულში 2.29 ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, 2014 წლის აპრილში ამავე წლის მარტთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა. ამ შემთხვევაშიც, ფასები ძირითადად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზეა (0.7%-ით) გაზრდილი, რომლის წილმაც თვიური ინფლაციის 0.3%-იან ნიშნულში 0.23 ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება კონკრეტულ პროდუქციაზე ფასების 200%-იან ზრდას, საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის აპრილში 2013 წლის აპრილთან შედარებით, ყველაზე მეტად ფასებმა მოიმატა კარტოფილზე - 126.1%-ით; მარტში - ასევე კარტოფილზე 124%-ით; თებერვალში - მწვანილზე 143.2%-ით, კარტოფილზე - 121.8%-ით; იანვარში - მწვანილზე 130.7%-ით, კარტოფილზე -104.2%-ით.
წინა თვესთან შედარებით, 2014 წლის აპრილში ყველაზე მეტად ფასებმა მოიმატა მწვანე ლობიოზე 143.4%-ით, კომბოსტოზე - 110.6%-ით; მარტში - მანდარინზე 25.2%-ით, ბანანზე -24.4%-ით; თებერვალში - მანდარინზე 31.6%-ით; იანვარში - მწვანილზე 56.1%-ით და მწვანე ლობიოზე 56.1%-ით.
დასკვნა
2014 წლის აპრილის თვეში წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 3.4%, ხოლო თვიურმა ინფლაციამ კი - 3%, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება დეპუტატის მიერ მოყვანილი რიცხვისგან. ამასთანავე, 2014 წლის განმავლობაში არც თვიური და არ წლიური ინფლაცია არ ყოფილა 3.5%-ზე მეტი და მას არ შეუდგენია 20-25%, როგორც ამას დეპუტატის აცხადებს.
ამასთანავე, საქსტატის მონაცემებით, არცერთ სასურსათო პროდუქციაზე არ ყოფილა ფასების 200%-იანი ზრდა, თუმცა, ზოგიერთ ყოველდღიურად მოხმარებად პროდუქტზე, ისეთებზე, როგორებიცაა კარტოფილი და მწვანილი, ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატის განცხადება: „კიდევ ერთი პრობლემა, ეს არის ფასების ზრდა, ეს არის ინფლაცია... მარტო უკანასკნელი დოკუმენტებით, საქართველოში პრაქტიკულად 20-25 პროცენტით გაძვირდა საშუალოდ ყველაფერი. არის პროდუქცია, რომელიც 200%–ითაც არის გაზრდილი“, არის მცდარი.