წლის 2 აპრილს, საქართველოს მასშტაბით განხორციელებული ტურნეს ფარგლებში სამეგრელოში გამართული შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისი ხელისუფლების მიღწევების შესახებ ისაუბრა.
პრემიერის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარება ახალი ხელისუფლების ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2013 წლის განმავლობაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 1186 პროექტი განხორციელდა.
ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
2009 წლიდან დაწყებული, ყოველწლიურად საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (გვ.5) ხორციელდება. პროგრამა ადგილობრივი მნიშვნელობის საზოგადოებრივი საჭიროებების მოგვარებითვისაა განკუთვნილი. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია ის ძირითადი მიმართულებები, რომლითაც სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები უნდა ხელმძღვანელობდნენ. პროგრამის კონკრეტული მიზნებია:
- პროგრამით გათვალისწინებული თანხის წარმართვა სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა დასაფინანსებლად (ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება და სხვა);
- თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა;
- მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესება;
- თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და გამგეობის რწმუნებულის უფლებამოსილებათა ეფექტიანად განხორციელება.
პროგრამა ძირითადად შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამდენად, პროგრამის ადგილებზე რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური სახსრები ცენტრალური ხელისუფლებიდან მიემართება. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია დამატებით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სახსრებით დაფინანსდეს. ანუ, ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია საკუთარი სახსრებით პროგრამის თანადაფინანსება განახორციელოს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევებში, როდესაც ცენტრიდან გამოყოფილი სახსრები სრულად არ არის საკმარისი კონკრეტული ადგილობრივი პრობლემის მოსაგვარებლად.
2013 წელს საქართველოს მთავრობამ N25 დადგენილებითსოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება 10 მილიონი ლარით გაზარდა. დაფინანსების მოცულობამ 50 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა თანხის განაწილების პრინციპი უცვლელი დარჩა:
ა) არა უმეტეს 50 სულიანი სოფლისათვის – 2 000 ლარი;
ბ) 51–დან 200 სულამდე სოფლისათვის – 4 000 ლარი;
გ) 201–დან 400 სულამდე სოფლისათვის – 5 000 ლარი;
დ) 401–დან 1 000 სულამდე სოფლისათვის – 8 000 ლარი;
ე) 1 000–ზე მეტსულიანი სოფლისათვის – 12 000 ლარი. ფაქტ-მეტრი აღნიშნული პროგრამის შესახებ გამოთქმული შეფასებებითაც დაინტერესდა. „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეკონომიკური ანალიზი და 5 შერჩეულ რეგიონში წარმოებული მონიტორინგის შედეგების ანგარიში მოამზადა. ანალიზის მიხედვით (გვ.12), ახალმა ხელისუფლებამ მიდგომები თანხის გამოყოფისა და მონიტორინგის თაობაზე ნაწილობრივ შეცვალა და უფრო დეტალური გახადა. 2013 წელს სოფლის მხარდაჭერის შესახებ დადგენილებაში ნაწილობრივ ის რეკომენდაციები და შენიშვნებიც გაითვალისწინეს, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მონიტორინგშიც იყო ასახული. ერთერთი ასეთი შენიშვნა პროგრამის განხორციელების პროცესში სოფლის მოსახლეობის დაბალ ჩართულობას ეხებოდა. კვლევის თანახმად, სოფლის მოსახლეობის ჩართულობა (ინფორმირებულობის დონეზეც კი) სოფლის დახმარების პროგრამაში საკმაოდ დაბალი იყო (მაქსიმუმ 35 პროცენტამდე). გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის დონე კი საშუალოდ 21 პროცენტს არ აღემატებოდა.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესრულებას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიხედვით, 2014 წლის 15 იანვრის მონაცემებით დასრულებული იყო პროექტების 98 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტიდან თანხები მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 30 ოქტომბრის მონაცემებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების 28 პროცენტი დასრულებული არ იყო, აქედან 9 პროცენტი კი საერთოდ არ იყო დაწყებული. შესაბამისად, პროექტების დაახლოებით მესამედი 2013 წლის ბოლო 2 თვეში განხორციელდა, აღნიშნულია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის 2013 წლის ანგარიშია ხელმისაწვდომი. ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მასშტაბით 60 მუნიციპალიტეტში, მათ შორის სამეგრელოს შვიდ რაიონში განხორციელდა. აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობისმუნიციპილატიტებეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო ჯამში 1071 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 6 590 494 მილიონი ლარი შეადგინა. 2013 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს შვიდ რაიონში შესრულებული სამუშაობი ძირითადად სოფლის ინფრასტურქტურის გამართვას და გზების რეაბილიტაციას ეხებოდა.
დასკვნა 2013
წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს შვიდ მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში 1071 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რაც ბოლომდე არ ემთხვევა პრემიერის განცხადებაში მოყვანილ რიცხვს (1186).
არასამთავრობო ორგანიზაცია, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ანგარიშში საუბარია ინფრასტურქტურის სამინისტროს მიერ პროგრამის დახვეწისკენ გადადგმულ გარკვეულ პოზიტიურ ნაბიჯებზეც.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სამეგრელოს რეგიონში 1186 [ინფრასტრუქტურული] პროექტი განვახორციელეთ“, არის მეტწილად სიმართლე.