იტვირთება

2014

წლის 3  აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. განათლების სამინისტროს ინიციატივით  სკოლაში მოსწავლის მიღებისათვის ასაკის მინიმალურ ბარიერად 6 წელი განისაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა განაცხადა: „საერთაშორისო რეკომენდაციები, ტენდენციები, ადგილობრივი ექსპერტების და სპეციალისტების რეკომენდაციებიც არის ის, რომ ბავშვი უკვე უნდა იყოს 6 წლის (ან მეტის), როდესაც ის სასწავლო პროცესს იწყებს“. მისივე თქმით, ამ ასაკში ბავშვისთვის 2-3 თვესაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და თუკი სასწავლო პროცესის დაწყების წინ ბავშვი 6 წლიან ბარიერს არ დააკმაყოფილებს, მას მოუწევს მომავალ წელს დარეგისტრირდეს და შევიდეს სკოლაში.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული რეკომენდაციებით დაინტერესდა და მათი შესწავლა გადაწყვიტა. იმის დასაზუსტებლად, თუ რომელ ექსპერტებსა და რეკომენდაციებს გულისხმობდა ქეთევან ნატრიაშვილი განცხადებისას, ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური წერილით მივმართეთ და შესაბამისი ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მიღებულ პასუხში

ნათქვამია, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შემდეგ კვლევებში გამოთქმული რჩევები და რეკომენდაციები გაითვალისწინა:

  • 5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა;
  • სასკოლო მზაობის შეფასება (ანგარიში).
სოციოლოგიური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევა,

რომელიც ხუთ წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების შესწავლას ისახავდა მიზნად, 2012 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ იყო დაკვეთილი. კვლევის მიზანი 5 წლის ასაკიდან ბავშვის სკოლაში მიღებისას წამოჭრილი სირთულეების გამოკვლევა და მათი დასაძლევი რეკომენდაციების შემუშავება იყო. სამიზნე ჯგუფი მოიცავდა: პირველი და მეორე კლასის პედაგოგებს, რომლებსაც 5 წლის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ, დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლებს, რომლებმაც შვილები სკოლაში 5 წლის ასაკში შეიყვანეს, ასევე ფსიქოლოგებს, პედიატრებს და განათლების ექსპერტებს. კვლევის მეთოდად ფოკუს-ჯგუფი გამოიყენეს. კვლევის პროცესში ფოკუს-ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით ჩატარდა:

  • მშობლები, რომლებმაც 5 წლის ბავშვი შეიყვანეს სკოლაში - 3 ჯგუფი (თბილისი, გორი, ბათუმი);
  • მასწავლებლები, რომლებიც 5 წლის მოსწავლეებს ასწავლიან/ასწავლიდნენ - 3 ჯგუფი (თბილისი, გორი, ბათუმი);
  • ექსპერტების 2 ჯგუფი, რომელიც მოიცავდა: ფსიქოლოგებს, პედიატრებს და განათლების რეფორმაში ჩართულ პერსონალს.

კვლევის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: 5 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანასთან დაკავშირებით მშობლების ძირითადი მოტივაცია ბავშვის ინტელექტუალური მზაობაა. თუმცა, გამოიკვეთა ისეთი ფაქტორებიც როგორიცაა: საბავშვო ბაღის მოუწესრიგებელი სისტემა, მასწავლებლების დაყოფა „ცუდ“ და „კარგ“ მასწავლებლად, მშობლების მოუცლელობა, სხვის ქცევაზე მიბაძვა და სხვა. ამასთან, ბავშვის აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით მშობლების ინფორმირებულობის დონე დაბალია და თუკი 5 წლის ბავშვის სკოლაში მიღება არასავალდებულო ფორმით დარჩება, მშობელი ბავშვის სკოლაში მიყვანასთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და ვერ გაუმკლავდება სწავლების პროცესში წარმოშობილ პრობლემებს. კანონის ამ ფორმით დარჩენის შემთხვევაში კი მშობლების ინფორმირებულობის გასაზრდელად შესაბამისი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 5 წლის ასაკის ბავშვების სწავლებასთან დაკავშირებით არსებობს მნიშვნელოვანი სისტემური ბარიერები. დაწყებითი კლასის მასწავლებლების უმრავლესობას შესაბამისი ტრენინგები გავლილი არ აქვს. თუმცა, იმ მასწავლებლებსაც კი, ვისაც ამგვარი მომზადება გაუვლია, 5 წლის ბავშვებთან თავისებური მიდგომის გამოყენებასთან დაკავშირებით ნაკლებ ნებას გამოხატავენ. რაც გამოწვეულია არა მხოლოდ მასწავლებლების დაბალი მოტივაციით, არამედ კლასების ზომებით, შერეული კლასებითა და შეზღუდული ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, სკოლაში სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია ბავშვის სკოლისათვის მზაობის შეფასებაც. ბავშვის შესახებ შექმნილი ისტორია დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს საშუალებას მისცემს ბავშვთან საჭირო მიმართულებით იმუშაონ.

ბავშვების სკოლისთვის მზაობის შეფასებაზე მსჯელობისას ფსიქოლოგები, პედიატრები და სხვა ექსპერტები აქცენტს ბავშვის სოციალურ, ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ მზაობაზე აკეთებენ და ითვალისწინებენ ბავშვის აკადემიურ უნარ-ჩვევებს. აღნიშნული მაჩვენებლით 5 წლის ბავშვები ძირითადად ჩამორჩებიან 6 წლის ბავშვებს. ამიტომ, 5 წლის ბავშვების სწავლებასთან მიმართებაში აუცილებელია რეფორმების გატარება. გარდა ამისა, განსხვავებაა იმ ბავშვებს შორის, რომლებმაც საბავშვო ბაღში იარეს და რომლებმაც არ იარეს. საბავშვო ბაღში ჩაურთველობა  მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. კარგი მონაცემების ბავშვიც კი იჩაგრება, რადგან მას არ აქვს შესაბამისი მომზდება, ვერ დაძლევს პროგრამას, რითაც უმცირდება მოტივაცია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა 5 წლიანების სკოლაში მიღებას მზად ვერ შეხვდა. მათ სასწავლო პროცესში ჩართვას ბევრი პრობლემა მოჰყვა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ასაკის ბავშვებს არ შეიძლება, რომ  ვასწავლოთ, არამედ, მათ განსხვავებული მიდგომებით უნდა ვასწავლოთ. ამიტომ, იქამდე სანამ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები არ ჩატარდება, 5 წლის ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვა არარეკომენდებულია.

მეორე კვლევა,

რომელზეც განათლების სამინისტრომ მიგვითითა, არის  სასკოლო მზაობის შეფასება (ანგარიში). კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით 2011 წელს ჩატარდა და მისი მიზანი ქვეყნის მასშტაბით პირველი კლასის მოსწავლეთა სასკოლო მზაობის შეფასება იყო. კვლევაში ყველა ქართულენოვანი საჯარო სკოლის 1500 პირველკლასელი და მათი მშობლები მონაწილეობდნენ.

კვლევის კითხვარი შემდეგ სფეროებს მოიცავდა: ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება, შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა, სწავლისადმი მიდგომა, სოციალურ-ემოციური განვითარება, მეტყველება. გამოყენებული იყო რაოდენობრივი კვლევის მეთოდი. კვლევაში მონაწილე ბავშვებიდან 479 ხუთი წლის იყო, 1019 - ექვსი  წლის. ქალაქში მცხოვრები  - 805, მთაში - 170, სოფელში - 524. გოგონა - 758, ბიჭი - 741; ბაღში დადიოდა - 1073 ბავშვი, არ დადიოდა - 426.

კვლევაში შემდეგი დასკვნებია გაკეთებული: ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გავლენას ახდენს სასკოლო მზაობასა და განვითარების ნიშანთვისებებზე, ამიტომ ბავშვის სკოლაში შესვლამდე მიზანშეწონილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული იმუნიზაცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. კვლევაში ნათქვამია, რომ ბავშვების მესამედი ვერ იცავს წონასწორობას და კოორდინაციას. ბავშვთა დიდი ნაწილი ვერ ერკვევა მიმართულებაში (ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ). შესაბამისად, მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის თამაშების შეტანა სკოლამდელი დაწესებულების კურიკულუმში.

ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ ნატიფი და ვიზუალური მოტორიკის უნარების გამოვლენა (ხატვა, წერა). აღნიშნული კი პირდაპირ კავშირშია მეტყველების უნარებისა და ლოგიკური აზროვნების განვითარებასთან. ამიტომ, სკოლაში და  სკოლამდელ დაწესებულებებში ყურადღება უნდა მიექცეს მოცემული უნარების, განსაკუთრებით ხატვის, ძერწვისა და წერის უნარების განვითარებას. ხელი უნდა შეეწყოს ბავშვში ისეთი მოქმედებების განვითარებას, როგორებიცაა: ფეხსაცმლის თასმის შეკვრა, ტანსაცმლის ჩაცმა, ღილების შეკვრა და სხვა, რაც თავის მხრივ ავითარებს ნატიფ მოტორიკას. ყურადღება უნდა გამახვილდეს კლასიფიცირებაზეც. მაგალითად: მსგავსი საგნების დაჯგუფება, ასაწყობი სათამაშოს აწყობა და ა.შ.

კვლევის შედეგების მიხედვით, საგნების თვლასა და არითმეტიკულ ოპერაციებს პირველკლასელთა 76% ასრულებს. ამიტომ სასურველია, პირველი კლასის პროგრამა შეიცავდეს დავალებებს, როგორც მოქმედებით, ისე თვალსაჩინო მასალაზე დაყრდნობით.

კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთივს რთული ან ნაკლებად დაძლევადია ბგერითი სინთეზი და ანალიზი, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ ბავშვმა სკოლაში წერა-კითხვა აითვისოს. შესაბამისად აუცილებელია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აქცენტი ამ მიმართულებით გაკეთდეს, სისტემურად დაიგეგმოს ისეთი თამაშები და აქტივობები, რომლებიც ბავშვებს აღნიშნულ უნარებს გამოუმუშავებს.

გარდა ამისა, განსხვავება ფიქსირდება 5 და 6 წლის მოსწავლეებს შორის თვლის, არითმეტიკული, ოპერაციების, ტექსტის დამახსოვრებისა და რეპროდუქციის, თვალსაჩინო მასალაზე დაყრდნობით ანალიზის, სინთეზისა და განზოგადების ოპერაციების განხორციელების უნარის საკვლევ დავალებებში. ვინაიდან აღნიშნული უნარები გონებრივი მზაობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მიზანშეწონილია სასკოლო პროგრამებში 5 წლიანთა შესაძლებლობების გათვალისწინება და პედაგოგთათვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავება, 5 წლიანთა სწავლების სპეციფიკასთან დაკავშირებით.

დასკვნა

ფაქტ-მეტრმა 5 წლის ასაკის ბავშვების სასკოლო მზაობის საკითხის შესწავლის პროცესში, განათლების სამინისტროს მიერ მითითებული ორი კვლევა გაანალიზა. აქედან ერთში (5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების კვლევა) აღნიშნულია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწსებულებებში შესაბამისი გარემოს არარსებობის გამო ამ ეტაპზე 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიღება რეკომენდებული არ არის. მეორე კვლევაში კი (სასკოლო მზაობის შეფასება – UNICEF) აქცენტი მხოლოდ იმაზეა გაკეთებული, რომ კარგი იქნება, თუკი სასკოლო პროგრამებში 5 წლიანთა შესაძლებლობების გათვალისწინებაც მოხდება და მათი სწავლების სპეციფიკასთან დაკავშირებით პედაგოგებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები შემუშავდება. იმის პირდაპირი ხაზგასმა, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს 6 წლის (ან მეტის) განათლების სამინისტროს მიერ დასახელებულ არცერთ კვლევაში არ გვხვდება.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ქეთევან ნატრიაშვილის განცხადება: „საერთაშორისო რეკომენდაციები, ტენდენციები, ადგილობრივი ექსპერტების და სპეციალისტების რეკომენდაციებიც არის ის, რომ ბავშვი უკვე უნდა იყოს 6 წლის (ან მეტის), როდესაც ის სასწავლო პროცესს იწყებს“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2798 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი