წლის 2 აპრილს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოში ვიზიტისას ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2 000 დევნილი ოჯახი, საშუალოდ 8 000 ადამიანი უკვე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, ხოლო 2016 წელს დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პრობლემა ძირითადად გადაჭრილი იქნება. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში ფართომასშტაბიან მშენებლობას იწყებს თბილისში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში.
ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
დევნილის ცნებას, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი განსაზღვრავს. კანონის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას. დევნილი ოჯახი კი არისგანცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც დევნილის სტატუსი აქვთ (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (მეოთხე მუხლი, ლ პუნქტი).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებგვერდზე მოყვანილი სტატისტიკისთანახმად, 2013 წლის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის შემდეგ საქართველოში 246 606 დევნილი პირი და 82 707 ოჯახი დაფიქსირდა.
საქართველოს მთავრობის N47 განკარგულებით, 2007 წლის 2 თებერვალს გამოქვეყნდა სახელმწიფო სტრატეგიაიძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ, რომლის პრეამბულაში ერთ-ერთ მიზნად დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა იქნა დასახული. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო სტრატეგია სხვა მიზნებთან ერთად დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად, მიზნად ისახავდა დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებებისა და აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას (თავი V. დევნილთა ინტეგრაცია).
საქართველოს მთავრობის N1162 განკარგულებით, 2012 წლის 13 ივნისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ, 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. აღნიშნულ დოკუმენტში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებებიც გაიწერა. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ნიშნავს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას (საქართველოს კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ,მუხლი 4, ო პუნქტი).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2013 წლიდან დღემდე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შემდეგი პროგრამები განხორციელდა:
- რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ შენობებში დევნილთა განსახლება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 2013 წლის აგვისტოდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი ფართის მისაღებად განცხადება სულ 13 041 დევნილმა ოჯახმა შეიტანა, მათგან რეაბილიტირებულ ობიექტებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ იქნა 1353 დევნილი ოჯახი.
- დევნილი ოჯახებისათვის ინდივიდუალური სახლებისა და ბინების შეძენა: 2013 წლიდან დაიწყო სოფლად სახლების შეძენის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახისთვის შეძენილი იქნა 30 სახლი.
- კერძო საკუთრებაში არსებული დევნილთა ჩასახლების ობიექტების გამოსყიდვა და დევნილებისათვის გადაცემა: 2013 წლიდან დაიწყო კერძო საკუთრებაში არსებული დევნილთა განსახლების ობიექტების გამოსყიდვა მესაკუთრეებისაგან. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დევნილთა მიმართვის საფუძველზე მოხდა დევნილთა ხუთი განსახლების ობიექტის შეძენა, სადაც განსახლებული იყო 202 დევნილი ოჯახი.
- დევნილთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართების პრივატიზაცია: მთავრობის სამოქმედო გეგმაში გაწერილი პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს 949 ოჯახს კერძო საკუთრებაში გადაეცა დროებით სარგებლობაში არსებული ფართები.
ზემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 2 534 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.
გარდა ამისა, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფართომასშტაბიანი მშენებლობების დაწყება იგეგმება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისთანახმად, ქ. თბილისში, კრწანისის დასახლებაში მიმდინარე წელს დაიწყება დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. აქვე აღნიშნულია, რომ სამინისტროს მზად აქვს მგავსი პროექტები თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, თუმცა ამ ქალაქებში განსახორციელებელი პროექტების გეგმა ვებგვერდზე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის და სამინისტროს განცხადებით, ის „ეტაპობრივად გაასაჯაროებს ამ პროექტებს“.
დასკვნა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2013 წლიდან დღემდე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული სხვადასხვა პროგრამების შედეგად, საცხოვრებელი ფართი 2 534 დევნილ ოჯახს გადაეცა.
ჩვენ ვასკვნით, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება „ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2 000 დევნილი ოჯახი, საშუალოდ 8 000 ადამიანი უკვე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართობითა და პირობებით“, არის სიმართლე.