მ საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში’’ ჩატარებული საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის - „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობების“ შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ღონისძიების მთავარი მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებისათვის, ევროკავშირის და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნესგარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. ამ ღონისძიებაზე სიტყვით ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოვიდა. მან სტუმრებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური განვითარების ხედვა წარუდგინა. ენერგეტიკულ საკითხებზე საუბრისას მან განაცხადა: „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით და დღეისათვის ამ რესურსების მხოლოდ 18%-ია გამოყენებული, იგი განსაკუთრებით მიმზიდველია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. 2013 წელს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ მთლიანი მოცულობის 22% შეადგინა".
ფაქტ-მეტრი საქართველოში არსებული ჰიდრორესურსებით, ასევე ენერგეტიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით დაინტერესდა და მინისტრის განცხადება გადაამოწმა.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსვებგვერდებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, „საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს (ნახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი და სხვ.) შორის პირველ ადგილზე წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსები დგას. საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, მყინვარები, მიწისქვეშა წყლები, ჭაობები), ქვეყნის მთლიანი ფართის გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა“. საქართველოს ტერიტორიაზე 26,060 მდინარე და 860-მდე ტბაა. მდინარეების საერთო სიგრძე 26 ათას კმ-ს აღწევს. ტბების უმეტესობა პატარაა და ამიტომაც მათი საერთო ფართობი 170 კვ.კმ-ს არ აღემატება (ქვეყნის ტერიტორიის 0.24%). საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებსა და ირიგაციულ სისტემებს 43 წყალსაცავი ემსახურება. მათგან 35 აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. დღეს საქართველოში ელექტროენერგიის 75%-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებში გამომუშავდება.
საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების ფართო მშენებლობა მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო. 1927 წელს ავჭალის ჰიდროელექტროსადგური „ზაჰესი“ (დადგმული სიმძლავრე - 36,8 მგვტ.) აშენდა, 1928 წელს - „აბჰესი“, 1934 წელს კი - „რიონჰესი“. 1941 წლისთვის საქართველოს ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრემ 180 მგვტ. შეადგინა. 1945-1960 წლებში სულ ექსპლუატაციაში 11 ჰიდროელექტროსადგური შევიდა. 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში 58 ჰიდროსადგური იყო, საიდანაც 10 მხოლოდ სეზონურია. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის - „საქართველო 2020’’ პროექტისმიხედვით, დღეს ჰიდრორესურსების წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მგვტ-ის, საშუალო წლიური ენერგია კი - 50 მლრდ კვტ. საათის ექვივალენტურია. ამასთან, ჰიდრორესურსების პოტენციალის 80% აუთვისებელია, ანუ მთლიანი ჰიდრორესურსების მხოლოდ 20%-ია გამოყენებული.
ცხრილი 1:ელექტროენერგიის გამომუშავების, მოხმარების, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები (მლნ კვტ. საათებში).
წყარო: ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი; esco.geროგორც ცხრილი 1-დან ჩანს, ელექტროენერგიის გამომუშავება 2006 წლიდან დღემდე ძირითადად ზრდის ტენდენციით ხასიათდება. გამონაკლისი მხოლოდ 2009 და 2012 წელია (2009 წელს 2008 წელთან შედარებით ელექტროენერგიის გამომუშავება 42.3 მლნ კვტ. საათით, ხოლო 2012 წელს წინა წელთან შედარებით 406.9 მლნ კვტ. საათით შემცირდა). აქედან, ჰიდროსადგურების პროცენტი გამომუშავებაში 63.3%-93.2% ფარგლებში ვარირებს. რაც შეეხება იმპორტს და ექსპორტს, საქართველოში ელექტროენერგიის ძირითადი ექსპორტიორიც და იმპორტიორიც რუსეთია.
როგორც ცხრილიდან ვხედავთ, ყოველ წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა მომხმარებელზე მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობაზე მეტია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არსებობს სასადგურე, ასევე ელექტროგადამცემ ხაზებში არსებული დანაკარგები და აგრეთვე ელექტროენერგიის გამომუშავების სეზონურობა. ეს უკანასკნელი კი წლის გარკვეულ პერიოდებში ელექტროენერგიის იმპორტს და ექსპორტს საჭიროებს.
როგორც ზემოთ არსებული ანალიზიდან ვხედავთ, საქართველოში ელექტროენერგიას ძირითადად ჰესები გამოიმუშავებენ და ამის მიუხედავად, დღეს ჰიდრორესურსების მაინც მხოლოდ 20%-ია გამოყენებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ინვესტირება ენერგეტიკაში და განსაკუთრებით კი ჰესების მშენებლობაში, რაც სეზონურობიდან გამომდინარე ელექტროენერგიის იმპორტს შეამცირებს და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.
ცხრილი 2:პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში ეკონომიკის სექტორების მიხედვით.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; geostat.geცხრილი 2-დან ვხედავთ, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე დიდი ოდენობით 2007, 2008 და 2010 წლებში ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა, 2009 და 2011 წლებში - უძრავ ქონებაში, 2012 და 2013 წლებში კი - ენერგეტიკაში (2012 წელს 19.7% და 2013 წელს 21.7%). აქედან გამომდინარე, 2013 წელს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოცულობამ გასულ წლებთან შედარებით, მის მაქსიმუმ მაჩვენებელს - 22%-ს მიაღწია. ენერგეტიკის სფერო ინვესტორებისთვის ამჟამად ყველაზე პრიორიტეტულ დარგად რჩება საქართველოში.
დასკვნა
საქართველოში ელექტროენერგიას ძირითადად ჰესები გამოიმუშავებენ და ამის მიუხედავად, დღეს ჰიდრორესურსების მხოლოდ 20%-ია გამოყენებული. შესაბამისად, ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელება, რაც ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებას და ექსპორტის გაზრდას შეუწყობს ხელს, მართლაც მნიშვნელოვანია. 2012 და 2013 წლებში, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე დიდი ოდენობით ენერგეტიკის სექტორში (2012 წელს 19.7% და 2013 წელს 21.7%) განხორციელდა და 2013 წელს, 22%-იანი მაჩვენებლით, გასულ წლებთან შედარებით მის მაქსიმუმ მაჩვენებელს მიაღწია.
ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება: „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით და დღეისათვის ამ რესურსების მხოლოდ 18%-ია გამოყენებული, იგი განსაკუთრებით მიმზიდველია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. 2013 წელს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ მთლიანი მოცულობის 22% შეადგინა", არის სიმართლე.