წლის 2 აპრილს, პარლამენტის სესიაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა: „მე მინდა გითხრათ რამდენიმე ციფრი, რომელიც არის საგანგაშო, მაგალითად: 2013 წლის მარტში საგადასახადო შემოსავლები 710 მილიონი იყო, 2014 წლის მარტში კი - 686 მილიონი. შარშანდელ მარტთან შედარებითაც კი თქვენ გაქვთ კლება. მეორე მნიშვნელოვანი ციფრი არის ის, რომ უპრეცედენტოდ არის გაზრდილი საგარეო ვალის რაოდენობა: ორ თვეში, იანვარ-თებერვალს ვგულისხმობ, შიდა ვალი 146 მილიონი ლარით, ხოლო საგარეო ვალი 46 მილიონი ლარით გაიზარდა. წინა წლებს თუ თვალს გადავავლებთ, ორ თვეში კი არა, წლის განმავლობაშიც კი არ მომხდარა შიდა ვალის ასეთი ზრდა“.
ფაქტ-მეტრი საქართველოს ბიუჯეტის ფაქტობრივი მონაცემებით და სახელმწიფო ვალის სტატისტიკით დაინტერესდა და დეპუტატის განცხადება გადაამოწმა.
სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 2013 წლის მარტში საგადასახადო შემოსავლები (რაც საშემოსავლო, მოგების, დამატებული ღირებულების, იმპორტის, ქონების, სხვა გადასახადებს და აქციზს მოიცავს) 710 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2014 წლის მარტში კი - 686 მლნ ლარს. ეს მონაცემები ზუსტად ემთხვევა დეპუტატის მიერ დასახელებულ რიცხვებს და როგორც ვხედავთ, 2014 წლის მარტის საგადასახადო შემოსავლები 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს მართლაც (24 მლნ ლარით) ჩამორჩება.
აქვე, მეტი ანალიზისთვის უპრიანია 2013-2014 წლების მარტის საგადასახადო შემოსავლებთან ერთად, ამავე წლების მარტის თვის და პირველი კვარტლის შემოსავლები, ასევე პირველი კვარტლის შემოსულობები, ბიუჯეტში არსებული გარღვევა და საგადასახადო შემოსავლებიც მიმოვიხილოთ.
2014წლის მარტში შემოსავლები (რაც საგადასახადო შემოსავალს, გრანტებს, პროცენტებს, დივიდენდებს, რენტას, ადმინისტრაციულ მოსაკრებლებს და გადასახდელებს და ა.შ მოიცავს) 709 მლნ ლარით, ხოლო 2013 წლის მარტში 726 მლნ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება 2014 წლის პირველ კვარტალს, შემოსავლებმა 1,696 მლნ ლარი, ხოლო 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში 1,641 მლნ ლარი შეადგინა.
2013 წლის მარტში ბიუჯეტი (რაც შემოსავლებს, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლებას და ვალდებულების ზრდას მოიცავს) 839 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის მარტში - 848 მლნ ლარით. აქვე აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მარტის ბიუჯეტის 13%-ით (105 მლნ ლარით) და 2014 წლის მარტის 14%-ით (116 მლნ ლარით) ზრდა ვალდებულებების ზრდით იყო გამოწვეული. შესაბამისად, 2013 და 2014 წელს მარტში ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდის ხარჯზე ზრდა თითქმის ერთი და იგივე პროცენტული წილით იყო გამოწვეული. 2013წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტმა 1,795 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალში კი - 2,038 მლნ ლარი. აქედან, 2013 წელს ვალდებულებები ბიუჯეტის 8%-ს (138 მლნ ლარს) შეადგენდა, ხოლო 2014 წელს კი - 14%-ს (292 მლნ ლარი). თუ 2013 და 2014 წლების პირველი კვარტლის ბიუჯეტებს და ვალდებულებებს შორის სხვაობას ერთმანეთს შევადარებთ (ბიუჯეტებს შორის სხვაობა 243 მლნ ლარია, ხოლო ვალდებულებების ზრდას შორის 154 მლნ ლარი) ვნახავთ, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ბიუჯეტი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ვალდებულებები.
რაც შეეხება ბიუჯეტის გარღვევას, 2013 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში 188 მლნ ლარის გარღვევას ჰქონდა ადგილი, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალში - 62 მლნ ლარის (2014 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტიგეგმით 2,099 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ კი 2,038 მლნ ლარი შეადგინა).
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი კვარტლის საგადასახადო შემოსავლებმა 2013 წელს 1,553 მლნ ლარი, ხოლო 2014 წელს კი - 1,639 მლნ ლარი შეადგინა.
ცხრილი 1:სახელმწიფო ვალის ფაქტობრივი მონაცემები (ათას ლარებში)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; mof.geრაც შეეხება სახელმწიფო ვალებს, 2014 წლის თებერვლის ბოლოს საგარეო ვალი (ფაქტობრივი მონაცემი) 7,338 მლნ ლარი იყო, ხოლო 2013 წლის ბოლოს, როგორც ცხრილი 1-დან ჩანს - 7,296 მლნ ლარი. შესაბამისად, 2014 წლის იანვარ-თებერვალში 2013 წლის დეკემბერთან შედარებით საგარეო ვალი 42 მლნ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება საშინაო ვალს, 2014 წლის თებერვლის ბოლოს სახელმწიფო საშინაო ვალის მოცულობა 1,491 მლნ ლარი იყო, ხოლო 2013 წლის ბოლოს კი - 1,345 მლნ ლარი. შესაბამისად, 2014 წლის იანვარ-თებერვალში 2013 წლის დეკემბერთან შედარებით, საშინაო ვალი 146 მლნ ლარით გაიზარდა. ზემოაღნიშნული მონაცემები მთლიანობაში ზურაბ ჯაფარიძის მიერ დასახელებულ რიცხვებს ემთხვევა.
საგარეო და საშინაო ვალების კუთხით გასულ წლებში შემდეგი ვითარება იყო:
2012წლის თებერვლის ბოლოს საგარეო ვალი 7,088 მლნ ლარი იყო, ხოლო 2011 წლის თებერვლის ბოლოს - 7,064 მლნ ლარი. თუ 2012 და 2011 წლის თებერვლის მონაცემებს წინა წლის მაჩვენებლებს შევადარებთ (რაც ცხრილი 1-შია მოცემული) ვნახავთ, რომ 2012 წელს ორ თვეში (იანვარი-თებერვალი) 2011 წელთან შედარებით საგარეო ვალი 72 მლნ ლარით, ხოლო 2011 წელს ორ თვეში (იანვარი-თებერვალი) 2010 წელთან შედარებით - 85 მლნ ლარით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, 2014 წლის იანვარ-თებერვალში 2013 წელთან შედარებით საგარეო ვალის 42 მლნ ლარიანი ზრდა, გასულ წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს არ წარმოადგენს. თუმცა, აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროგნოზის მიხედვით, 2014 წელს საგარეო ვალის 530 მლნ ლარიანი ზრდა, გასულ წლების წლიურ მაჩვენებლებთან შედარებით, მართლაც ყველაზე მაღალი მონაცემია, თუ ამ შემთხვევაში 2008, 2009 და 2010 წლებს მხედველობაში არ მივიღებთ (შენიშვნა: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სართაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს 4.5 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარება აღმოუჩინა, საიდანაც 2 მლრდ დოლარი გრანტის, ხოლო 2.5 მლრდ დოლარი კი კრედიტის სახით იყო გამოყოფილი).
რაც შეეხება საშინაო ვალების დინამიკას, როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, 2005 წლიდან 2010 წლამდე ის კლების, ხოლო 2010 წლიდან დღემდე კი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2010 წელს საშინაო ვალი 151 მლნ ლარით, 2011 წელს 52 მლნ ლარით, 2012 წელს 9 მლნ ლარით, 2013 წელს 115 მლნ ლარით, ხოლო 2014 წელს კი 1,239 მლნ ლარით გაიზარდა. აქ აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ 2014 წელს შიდა ვალის წმინდა ზრდა 600 მლნ ლარით არის განსაზღვრული და 1,239 მლნ ლარი ზღვრული მოცულობა (ზღვრული მოცულობა შედგება ისტორიულ ვალებისა და წლის ბოლოსთვის ვალების საპროგნოზო მოცულობისგან) 600 მლნ ლარის გარდა ისტორიულ ვალებსაც მოიცავს, რაც დაახლოებით 640 მლნ ლარამდეა. თუ 2014 წლის იანვარ-თებერვალში საშინაო ვალის 146 მლნ-იან ზრდას გასული წლების ანალოგიური პერიოდების (იანვარი-თებერვალი) მონაცემებს შევადარებთ, მაშინ 146 მლნ ლარიანი ზრდა მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდება, მაგრამ თუ 146 მლნ ლარს შიდა ვალების წლიურ ზრდის მაჩვენებლებს შევადარებთ (ცხრილი 1), როგორც ამას დეპუტატი აღნიშნავს, ვნახავთ, რომ გამონაკლისი მხოლოდ 2010 წელია, როდესაც საშინაო ვალი 151 მლნ ლარით გაიზარდა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს შიდა ვალის 600 მლნ ლარიანი ზრდა გასულ წლებთან შედარებით მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.
დასკვნა
ზურაბ ჯაფარიძის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2013 წლის მარტში საგადასახადო შემოსავლები 710 მლნ ლარით, ხოლო 2014 წლის მარტში - 686 მლნ ლარით გაიზარდა. ასევე, 2013 წლის მარტში შემოსავლები 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მეტია, თუმცა 2014 წლის მარტის თვის ბიუჯეტის, პირველი კვარტლის შემოსავლების, ბიუჯეტში არსებული გარღვევის და საგადასახადო შემოსავლის მიხედვით შესაბამისი მონაცემები 2013 წლის მონაცემებზე უკეთესია.
2014წლის იანვარ-თებერვალში 2013 წლის დეკემბერთან შედარებით საგარეო ვალი 42 მლნ ლარით, ხოლო საშინაო ვალი 146 მლნ ლარით გაიზარდა. თუ 42 მლნ ლარს გასული წლების ანალოგიური (იანვარი-თებერვალი) პერიოდის მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ 42 მლნ ლარით საგარეო ვალდებულებების ზრდა უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს არ წარმოადგენს. თუ საგარეო ვალის ზრდის წლიურ მონაცემს გასულ წლებს შევადარებთ, 2014 წლის ბიუჯეტის პროგნოზის მიხედვით 2014 წელს საგარეო ვალის 530 მლნ ლარიანი ზრდა მართლაც უპრეცედენტოა.
რაც შეეხება საშინაო ვალებს, თუ 2014 წლის იანვარ-თებერვალში 146 მლნ ლარიან ზრდას გასული წლების ანალოგიურ პერიოდებს შევადარებთ, მაშინ ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აღმოჩნდება, მაგრამ თუ მას გასული წლების შიდა ვალის წლიურ ზრდის მაჩვენებლებს შევადარებთ ვნახავთ, რომ 146 მლნ ლარიან ზრდას მხოლოდ 2010 წელს შიდა ვალის 151 მლნ ლარიანი ზრდა აღემატება. ასევე თუ 2014 წელს შიდა ვალის 600 მლნ ლარიან წმინდა ზრდას გასული წლების წლიურ მონაცემებს შევადარებთ, ის მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდება.
ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატის განცხადება: „2013 წლის მარტში საგადასახადო შემოსავლები 710 მილიონი ლარი იყო, 2014 წლის მარტში - 686 მილიონი. შარშანდელ მარტთან შედარებითაც თქვენ გაქვთ კლება. ასევე საგარეო ვალის რაოდენობა უპრეცედენტოდ არის გაზრდილი: ორ თვეში, იანვარ-თებერვალში შიდა ვალი 146 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო საგარეო ვალი 46 მილიონი ლარით. წინა წლებს თვალს თუ გადავავლებთ, ორ თვეში კი არა, წლის განმავლობაშიც არ მომხდარა შიდა ვალის ასეთი ზრდა“, არის ნახევრად სიმართლე.