2014 წლის 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტუმრობდა. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ დებატები გაიმართა. თავის გამოსვლაში უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ტყემალაძემ გასული წლის ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა და განაცხადა: „ახლა, როდესაც ვუკეთებთ ამ შეჩერებულ პროექტებს რატიფიცირებას, ვხედავთ, რომ 15 მლნ-ის სამუშაოები თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ზედმეტად ყოფილა შეფასებული. აღმოჩნდა, რომ იქ მთლიანად უცხოელებს უნდა ემუშავათ. ეს ხელშეკრულება შეიცვალა და ქართველები დასაქმდნენ. კახეთში, გომბორი-თელავის გზაზე პროექტის შემცირება მოხდა და ამან სიონის გზაზე, თუ სწორად მახსოვს, დამატებით 25 კილომეტრიანი მონაკვეთის გაკეთების საშუალება წარმოშვა. გასულ წელს, მაგისტრალზე, 111 კმ-ზე მიმდინარეობდა მშენებლობა. აი ამ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება მოხდა, ეს სახეზეა და დოკუმენტურად დადასტურებულია“.

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

განცხადების დაზუსტების მიზნით, ჩვენ თავად ზურაბ ტყემალაძესაც დავუკავშირდით. დეპუტატის განმარტებით, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის პროექტის ღირებულება 15 მილიონით შემცირდა, რადგან სამუშაოები ზედმეტად იყო შეფასებული, ხოლო ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის პროექტის შემცირების ხარჯზე კი სასადილო-სიონის გზის დამატებითი მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდება.

თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ახორციელებენ. პროექტი საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდის“ საავტომობილო გზის, თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს. ახალი ავტობანის სიგრძე 17,4 კილომეტრია. პროექტზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო. აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის 19 მარტს საქართველოს მთავრობამ, კერძოდ ფინანსთა სამინისტრომ აზიის განვითარების ბანკს დაფინანსების შესახებ „ურბანული განვითარების საინვესტიციო პროგრამისთვის“ წინადადება წარუდგინა, რომელიც თბილისი-რუსთავის მაგისტრალის 2 სექციის მშენებლობას მოიცავდა: „მონაკვეთი 1“- (კმ 0-4) და „მონაკვეთი 3“- (კმ 15.5-17.1). 2012 წლის 24 ივლისს აზიის განვითარების ფონდსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო, რომ აზიის განვითარების ბანკი მზადაა, საქართველოს პროექტის განსახორციელებლად 64886000 დოლარი ასესხოს. პროექტის განხორციელება 17 თვის პერიოდში იყო დაგეგმილი და 2012 წელსვე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პროექტი დროებით შეჩერდა.

ჩვენ საქართველოს მუნიციპალური ფონდის ვებგვერდზე, იმ დროისთვის ფონდის აღმასრულებელი დორექტორის (ამჟამად რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი), ელგუჯა ხოკრიშვილის ინტერვიუ მოვიძიეთ, რომელშიც იგი თბილისი-რუსთავის მაგისტრალის პროექტის შესახებ დაწვრილებით საუბრობს და პროექტის შეჩერების მიზეზებსაც განმარტავს.

ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, 2012 წლის დეკემბერში, ფონდში ახალი მენეჯმენტის მოსვლის პერიოდში რუსთავი-თბილისი ავტომაგისტრალის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ნიუ-ენერჯი“ იყო. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებამდე ხელშეკრულების უზრუნველყოფის და საავანსო გარანტია უნდა წარმოედგინა, რომლის წარმოდგენაც ვერ შეძლო, რადგან ამ პერიოდში „ნიუ-ენერჯის“ გარკვეული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ამ შემთხვევაში, ან მეორე ადგილზე მყოფი კომპანია უნდა გამოცხადებულიყო გამარჯვებულად, ან ტენდერი უნდა ჩაშლილიყო და ის თავიდან ჩატარებულიყო. საკითხი სამეთვალყურეო საბჭოზე განიხილეს, რომელშიც პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები შედიან.

ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, საკითხის კვლევის შედეგად გარკვეული დარღვევების არსებობა დადგინდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა 2012 წლის 14 სექტემბრამდე გარკვეული არ იყო, თუმცა ჯერ კიდევ 20 აგვისტოს ქვეყნის პრეზიდენტმა და „ნიუ-ენერჯის“ წარმომადგენლებმა ამ პროექტის დაწყების შესახებ სატელევიზიო ეთერში განაცხადეს. კადრებში კარგად ჩანს, რომ მობილიზებულ სამშენებლო ტექნიკაზე კომპანია ნიუ-ენერჯის ლოგო იყო (იხ. ბმულები: „იმედი“, „ინფო 9“). ამ ყველაფერმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ ტენდერის გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად ჩატარება. გარდა ამისა, არ არსებობდა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვას თავისი კატეგორია აქვს და მით უფრო, რომ ეს არის რთული კატეგორიის ავტობანი, სამუშაოების მშენებლობის ნებართვის გარეშე დაწყება კანონმდებლობის დარღვევაა. ასევე, პროექტით არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი მუშახელის დაქირავების აუცილებლობა.

ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმებულიყო ტენდერი და გარკვეული პერიოდი მოხმარებოდა პროექტის გადახედვას, სამშენებლო ნებართვის აღებას და ახალი ტენდერის გამოცხადებას. ამასთან, დაიწყო აზიის განვითარების ბანკთან მოლაპარაკება, რომ სატენდერო პირობებში ჩადებულიყო პირობა, რომ პროექტზე დასაქმებული ე.წ. არაკვალიფიციური მუშახელი ადგილობრივი მოსახლეობა ყოფილიყო. ამ პირობის პროექტში ჩადება მართლაც მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად აზიის განვითარების ბანკი უარს ამბობდა.

2013 წლის 18 მაისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. ფაქტ-მეტრმა ტენდერის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალური ფონდის ერთერთ ანგარიშში მოიძია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ განმეორებით ტენდერში უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და სატენდერო დოკუმენტაცია ორმოცდაერთმა კომპანიამ შეიძინა. ასევე, აღმოიფხვრა პროექტში არსებული ყველა ხარვეზი, გადაიჭრა საკუთრების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები, მიღებულია მშენებლობის ნებართვა, მნიშვნელოვნად შემცირდა პროექტის ღირებულება. თბილისი-რუსთავის გზის პირველ ტენდერშიგამაჯვებული კომპანიის (კომპანია „ნიუ-ენერჯი“) მიერ წარმოდგენილიფასი 96,799,813 ლარი იყო. ახლანდელი კონტრაქტის ფასი 88,761,128 ლარია.შესაბამისად, პროექტის განხორციელებისას 8,038,685 ლარის დაზოგვა მოხდა. ანგარიშის მიხედვით, აზიის განვითარების ბანკთან მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ავტომაგისტრალის მშენებლობაზე 100%-ით ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.

განცხადების მეორე ნაწილში ზურაბ ტყემალაძე კახეთის გზების, კერძოდ ვაზიანი-გომბორი-თელავი და სასადილო-სიონის გზის შესახებ საუბრობს. ფაქტ-მეტრი დასახელებულ გზებზე მინდინარე სამუშაოებით დაინტერესდა.

ჩვენ, ინფორმაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტს მივმართეთ. უწყებიდან მიღებული პასუხის თანახმად, ვაზიანი-გომბორი-თელავის 55 კმ-იანი გზის სრული რეაბილიტაციის პროექტი 2010 წელს დასრულდა და გზის სრული რეაბილიტაცია მოხდა დედაქალაქიდან თელავის რაიონის მიმარულებით, ასევე გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის „შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის პროექტის - (SLRP)“ ფარგლებში გახორციელდა. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში აშენდა 2 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ჩაუტარდა 7 ხიდს. რეაბილიტირებულ გზაზე მოეწყო წყალგამტარი მილები, კიუვეტები, საგზაო ნიშნები და საორიენტაციო ბოძკინტები. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ 1-კმ 54 სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დახარჯულმა თანხამ საერთაო ჯამში 42 445 423,9 ლარი შეადგინა.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის რეაბილიტაცია დაგეგმილზე ნაკლები დაჯდა (30 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი). შესაბამისად, საქართველოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, პროექტში არსებული დანაზოგი თანხა სოფლების სასადილოსა და სიონის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის ყოფილიყო გამოყენებული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასადილო-სიონის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც მსოფლიო ბანკის „შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის პროექტის - (SLRP)“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია 17,4 კმ-იან საგზაო მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 5 ხიდის რეაბილიტაცია, რკინაბეტონის კიუვეტებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა. პროექტი დაყოფილია 3 ეტაპად. ყოველ ეტაპზე ხორციელდება სარეაბილიტაციო მონაკვეთის დეტალური პროექტირების სამუშაოები, რომლის დასრულებისთანავე გზის რეაბილიტაცია დაიწყება. მომდევნო მონაკვეთის პროექტირების სამუშაოები კი პარალელურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისათვის მიმდინარეობს სასადილო-სიონის ს/გზის პირველი 5 კმ-იანი მონაკვეთის დეტალური პროექტირების სამუშაოები. პროექტი 2014 წლის იანვარიდან 2015 წლის მაისამდე განხორციელდება. მისი ღირებულება 7 მლნ. 920,6 ათასი ლარია. საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს კონტრაქტორი ორგანიზაცია შ.პ.ს „კავკასუს როუდ პროჯექტი“.

დასკვნა

ზურაბ ტყემალაძე განცხადების პირველ ნაწილში თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტის ღირებულების შემცირებაზე და პროექტში ადგილობრივი მუშახელის დასაქმებაზე საუბრობს. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მართლაც, პირველ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „ნიუ-ენერჯის“ წარმოდგენილი ფასი 96,799,813 ლარი იყო, პროექტის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა და ხელახალ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედის“ კონტრაქტის ფასმა 88,761,128 ლარი შეადგინა. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისას 8,038,685 ლარის ეკონომია მოხდა, რაც ბოლომდე არ ემთხვევა დეპუტატის მიერ დასახელებულ (15 მლნ) რიცხვს. მუნიციპალური ფონდის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ აზიის განვითარების ბანკთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ავტომაგისტრალის მშენებლობაზე 100%-ით ადგილობრივი მუშახელი იქნება დასაქმებული.

რაც შეეხება ზურაბ ტყემალაძის განცხადების მეორე ნაწილს, როგორც მიღებული ინფორმაციიდან ჩანს, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის რეაბილიტაციის პროექტი დაგეგმილზე ნაკლები დაჯდა, შესაბამისად მთავრობის გადაწყვეტილებით, დაზოგილი თანხით სასადილო-სიონის გზის რეაბილიტაცია მოხდება. დეპუტატის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა 17,4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება და არა 25 კილომეტრის, როგორც ამას დეპუტატი აღნიშნავდა.

ზურაბ ტყემალაძე განცხადებაში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზეც საუბრობს, კერძოდ, მაგისტრალის 111 კილომეტრზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაობზე. ფაქტ-მეტრმა ამ საკითხთან დაკავშირებითსტატია უკვე გამოაქვეყნა, ამიტომ აქ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მინდინარე სამუშაოებს დაწვრილებით აღარ შევეხებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა, რადგან გასულ წელს მაგისტრალზე მართლაც 111 კილომეტრზე მიმდინარეობდა სამშენებლო აქტივობა.

ზემოთ მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზურაბ ტყემალაძის განცხადება: „თბილისი-რუსთავის მაგისტრალის პროექტის ღირებულება 15 მილიონით შემცირდა, გომბორი-თელავის გზაზე პროექტის შემცირება მოხდა და ამან სიონის გზაზე, თუ სწორად მახსოვს, დამატებით 25 კილომეტრიანი მონაკვეთის გაკეთების საშუალება წარმოშვა…“ არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5665 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია