ამ მიმართულებით, შემცირებულია სალდო და ის არის პოზიტიური“.
ფაქტ-მეტრმა დავით ონოფრიშვილის განცხადების გადამოწმება სცადა.
2014 წლის 5 თებერვლის მონაცემებით, USD/GEL გაცვლითი კურსი 1.7810 იყო, ხოლო 9 აპრილის მონაცემებით -1.7495 (ლარი უკვე დასტაბილურდა და გამყარება დაიწყო). 2013 წლის მონაცემებით, ინფლაცია (CPI) 2.4%-ს შეადგენდა (დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან შედარებით). 2014 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაცია 2.9%, ხოლო 2014 წლის თებერვალში კი 3.5% იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკასაშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლის მიღწევას გულისხმობს. ინფლაციის „თარგეთირების’’ (მართვის) რეჟიმი 2014 წლისათვის ინფლაციის 6%-იან ზღვარს ითვალისწინებს, 2015 წლისათვის - 5%-იანს, გრძელვადიან პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 3%-მდე უნდა შემცირდეს.
ცხრილი 1.USD/GEL, USD/LIRA და USD/RUBLE გაცვლითი კურსის მაჩვენებლები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი-nbg.ge; x-rates.comროგორც ცხრილი 1-დან ჩანს, ბოლო 5 თვის განმავლობაში (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდებოდა. 2013 წლის ოქტომბერში, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, ლარი 0.32%-ით, ნოემბერში - 0.96%-ით, დეკემბერში - 3.19%-ით და იანვარში კი - 6.05%-ით გაუფასურდა. თუ ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და იანვრის თვის მონაცემების საშუალო მაჩვენებელს გამოვიყვანთ, ვნახავთ, რომ ამ პერიოდში ლარი 2.63%-ით გაუფასურდა. ეს მონაცემი კი დავით ონოფრიშვილის განცხადებისგან (ბოლო თვეებში ლარის 6% გაუფასურებასთან დაკავშირებით) განსხვავდება, მაგრამ თუ მხოლოდ იანვრის თვის მონაცემს მიმოვიხილავთ, როდესაც ლარი 2013 წლის იანვრის თვესთან შედარებით 6.05%-ით დევალვირდა, მაშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის განცხადება სიმართლეს შეესაბამება.
რაც შეეხება თურქული ლირის გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში, ბოლო თვეების განმავლობაში ისიც მუდმივად დევალვაციას განიცდიდა. 2013 წლის ოქტომბერში 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლირა 10.05%-ით, ნოემბერში - 12.91%-ით, დეკემბერში - 15.65%-ით, ხოლო იანვარში კი - 25.47%-ით გაუფასურდა. აქაც, თუ 2013 წლის მეოთხე კვარტლის და 2014 წლის იანვრის თვის მონაცემების საშუალო მაჩვენებელს გამოვიყვანთ, ვნახავთ, რომ ლირა ამ პერიოდში 16.02%-ით გაუფასურდა. შესაბამისად, დავით ონოფრიშვილის განცხადება ბოლო თვეებში ლირის 25%-იან გაუფასურებასთან დაკავშირებით არაზუსტია, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, თუ მხოლოდ იანვრის თვის მონაცემს ავიღებთ, დეპუტატის განცხადება სიმართლეა.
რუსული რუბლი ანალოგიურ პერიოდებში, ლარის და თურქული ლირის მსგავსად, ასევე გაუფასურებას განიცდიდა. 2013 წლის ოქტომბერში 3.02%-ით, ნოემბერში - 4.20%-ით, დეკემბერში - 6.97%-ით, ხოლო იანვარში კი - 11.61%-ით გაუფასურდა. თუ 2013 წლის მეოთხე კვარტლის და 2014 წლის იანვრის თვის მონაცემების საშუალო მაჩვენებელს გამოვითვლით, ვნახავთ, რომ ამ პერიოდში რუბლი 6.45%-ით დევალვირდა. შესაბამისად, დავით ონოფრიშვილის განცხადება ბოლო თვეებში რუბლის 10%-იან გაუფასურებასთან დაკავშირებით, არაზუსტია, თუმცა, მხოლოდ იანვრის თვის მონაცემზე დაყრდნობით მისი განცხადება სიმართლეს შეესაბამება.
განვიხილოთ საქართველოს იმპორტის მაჩვენებლები მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში.
ცხრილი 2.საქართველოს იმპორტის (რუსეთიდან და თურქეთიდან) მაჩვენებლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური-geostat.geროგორც ცხრილი 2-დან ჩანს, 2007 წლიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით თურქეთი იმპორტიორ ქვეყნებს შორის, საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით, პირველ ადგილს იკავებს. რაც შეეხება რუსეთს, ისიც მოწინავე ადგილებზეა. 2007 წელს რუსეთი ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობით 114 ქვეყანას შორის 11%-იანი მაჩვენებლით მესამე ადგილზე დგას. 2008 წლიდან მისი წილი მცირედით კლებულობს და 2013 წლიდან კვლავ ზრდას იწყებს.
ცხრილი 3.LIRA/GEL და RUBLE/GEL გაცვლითი კურსის მაჩვენებლები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი-nbg.ge; x-rates.comცხრილი 3-ს თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში ლარი როგორც ლირასთან, ასევე რუბლთან მიმართებაში მყარდებოდა. 2013 წლის ოქტომბერში 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარი ლირასთან მიმართებაში 8.98%-ით, ხოლო რუბლთან მიმართებაში კი 2.74%-ით გამყარდა. რაც შეეხება მომდევნო თვეებს, ლარი ამ ორ ვალუტასთან მიმართებაში კიდევ უფრო გამყარდა.
როდესაც ქვეყნის ვალუტა უფასურდება, უცხოელებისთვის ამ ქვეყნიდან ექსპორტი უფრო იაფი ხდება, ხოლო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უცხოეთიდან იმპორტი უფრო ძვირადღირებული. ამის მიზეზი კი ის არის, რომ თითოეულ იმპორტირებულ საქონელში ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფრო მეტის გადახდა უწევთ. ხოლო, რაც შეეხება ადგილობრივი ვალუტის გამყარებას, მას საწინააღმდეგო შედეგი მოსდევს: უცხოელები უფრო მეტს იხდიან მოცემული ქვეყნის პროდუქციაში და ადგილობრივი მომხმარებლები იმპორტირებულ (უცხოურ) საქონელში კი - უფრო ნაკლებს. მაგალითად, თუ EURO/GEL გაცვლითი კურსი არის 1:2-ზე და 5 ევროიან იმპორტირებულ საქონელს ჩვენ 10 ლარად ვყიდულობთ, ლარის გაუფასურების (მაგ. 1:3) შემთხვევაში, 5 ევროიან პროდუქციას 15 ლარად ვიყიდით.
როგორც ვხედავთ, ჩვენი ვალუტის დევალვაციის დროს იმპორტირებული პროდუქცია ჩვენთვის უფრო ძვირი ხდება, ხოლო ჩვენგან ექსპორტირებული პროდუქცია უცხოელებისთვის უფრო იაფი (1:2 შემთხვევაში 5 ლარიან პროდუქციაში უცხოელები 2.5 ევროს გადაიხდიან, ხოლო 1:3 შემთხვევაში კი 1.7 ევროს). რაც შეეხება ჩვენი ვალუტის გამყარებას, თუ კურსი 1:1 გახდა, მაშინ 5 ევროიან პროდუქციაში ჩვენ 5 ლარს გადავიხდით და უცხოელები 5 ლარიან ექსპორტირებულ პროდუქციაში კი ასევე 5 ევროს გადაიხდიან. შესაბამისად, ლარის გამყარება იმპორტირებულ საქონელს ჩვენთვის აიაფებს და უცხოელებისთვის ექსპორტს აძვირებს. ვინაიდან თურქეთი და რუსეთი მართლაც მთავარი იმპორტიორები არიან საქართველოში, ცხადია, რომ მათი ვალუტების მიმართ ლარის გამყარება საქართველოში იმპორტს გაზრდისკენ და ექსპორტს შემცირებისკენ უბიძგებს. ეს პროცესი კი საგარეო სავაჭრო ბალანსს კიდევ უფრო გააუარესებს.
ზემოაღნიშნული, ბუნებრივია, ავტომატორად არ ნიშნავს, რომ ვალუტის გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთმნიშვნელოვნად კარგია. ვალუტის გაუფასურება მხოლოდ გარკვეულ მოცემულობაში და გარკვეული პერიოდისთვის შეიძლება იყოს დადებითი ეფექტის მომტანი. იმისათვის, რომ ეკონომიკაზე ვალუტის გაუფასურების ეფექტი ზუსტად გავიგოთ, საჭიროა სხვადასხვა პარამეტრების ცოდნა, მაგალითად, ქვეყანა უფრო იმპორტიორია თუ ექსპორტიორი (მაგ. საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა, რადგან ხანგრძლივი წლების განმავლობაში იმპორტი ექსპორტს აღემატება), ვალუტის გაუფასურება იმპორტირებული და ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობაზე როგორ აისახება (ის თუ რამდენად ზრდის ექსპორტს და რამდენად ამცირებს იმპორტს) და შესაბამისად რამდენად ზრდის და ამცირებს ამ აქტივობებიდან მიღებულ შემოსავლებს. ამ ინფორმაციის მისაღებად კი დამატებითი და უფრო სიღრმისეული კვლევის ჩატარებაა საჭირო. იმ შემთხვევაში თუ ვალუტის გაუფასურება შემოსავლებს მართლაც ზრდის, მაშინაც კი ეს პროცესი მხოლოდ დროის გარკვეული მონაკვეთშია სახარბიელო. ვალუტის მუდმივ დევალვირებას კი მრავალი უარყოფითი შედეგი მოსდევს, როგორიცაა ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, ინვესტიციების შემცირება, ეკონომიკური სტაგნაცია და სხვა.
ცხრილი 4.საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური-geostat.ge როგორც ცხრილი 4-დან ჩანს,საქონლის ექსპორტმა 2007 წლიდან მოყოლებული 2013 წელს (წინასწარი შეფასებით) მართლაც უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებლს (2,909 მლნ აშშ დოლარი) მიაღწია. თუმცა, ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ იმპორტირებული საქონლის მაქსიმუმი ასევე 2013 წელს დაფიქსირდა (წინასწარი შეფასებით - 7,874 მლნ აშშ დოლარი). აქედან გამომდინარე, ექსპორტის „უპრეცედენტოდ“ მაღალი მაჩვენებელი საგარეო ვაჭრობის მდგომარეობის „უპრეცედენტო“ გაუმჯობესებას არ ნიშნავს, რადგან იმპორტიც და შესაბამისად უარყოფითი სავაჭრო სალდოც კვლავ მაღალია. საგარეო სავაჭრო სალდო 2007 წლიდან დღემდე სულ უარყოფითია. 2007-2009 წლებში უარყოფითი სავაჭრო სალდო მუდმივი ვარიაციებით ხასიათდებოდა, ხოლო 2009 წლიდან 2013 წლამდე ის ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. მართალია 2013 წელს სავაჭრო სალდო (-4965 მლნ აშშ დოლარი) 2012 წელთან შედარებით მცირდება, თუმცა გასულ წლებთან შედარებით ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს და უარყოფითია. რაც შეეხება 2014 წლის იანვარს, ამ პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 761 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია, აქედან ექსპორტი 224 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 538 მლნ აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი). რაც შეეხება საგარეო სავაჭრო ბალანსს 2014 წლის იანვარში ის კვლავ უარყოფითია და -314 მლნ აშშ დოლარის ტოლია. როგორც ვხედავთ, 2013 წელს უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდო 2012 წელთან შედარებით მართლაც შემცირდა, როგორც ამას დავით ონოფრიშვილი აცხადებს. ამასთან, თუ ჩავთვლით, რომ დავით ონოფრიშვილმა პოზიტიური თვითონ პროცესს უწოდა და არა სალდოს, მაშინ მისი განცხადების ეს ნაწილი ბოლომდე ზუსტია. თუკი მისი განცხადების ამ ნაწილს პირდაპირ გავიგებთ (რაც ჩვენი აზრით ნაკლებად წარმოსადგენია) და ჩავთვლით, რომ მან პოზიტიური სავაჭრო სალდოს და არა თვითონ პროცესს უწოდა, მაშინ მისი ეს განცხადება ცალსახად მცდარი და დემაგოგიური იქნებოდა.
დასკვნა
დავით ონოფრიშვილის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2014 წლის 5 თებერვალს USD/GEL გაცვლითი კურსი 1.7810 იყო (დღეის მდგომარეობით - 1.7495). 2013 წლის მონაცემებით ინფლაცია (CPI) 2.4% შეადგენდა (დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან შედარებით), 2014 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი - 2.9%-ს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა 2014 წლისთვის ინფლაციის 6%-იან ზღვარს ითვალისწინებს, შესაბამისად დღესდღეობით ინფლაცია ზღვარშია. 2013 წლის მეოთხე კვარტლის და 2014 წლის იანვრის თვის საშუალო მაჩვენებლით ლარი დოლართან მიმართებაში 2.63%-ით გაუფასურდა, ხოლო 2014 წლის იანვარში 6.05%-ით. რაც შეეხება ლირას და რუბლს დოლართან მიმართებაში, 2013 წლის მეოთხე კვარტალში და 2014 წლის იანვარში საშუალოდ ლირა 16.02%-ით და რუბლი 6.45%-ით გაუფასურდა, თუმცა მხოლოდ იანვრის თვეში ლირა 25.47%-ით და რუბლი 11.61%-ით დევალვირდა. რაც შეეხება ლირის და რუბლის ლართან გაცვლით კურსს, ბოლო თვეებში ლარი ამ ვალუტების მიმართ გამყარდა.
სტატისტიკის თანახმად, თურქეთი და რუსეთი საქართველოს მსხვილი იმპორტიორები არიან. ვინაიდან ქვეყნის ვალუტის რევალვაცია იმპორტირებულ საქონელს ადგილობრივებისთვის უფრო იაფს და ექსპორტირებულს უცხოელებისთვის უფრო ძვირს ხდის, ამიტომ ლარის რუბლთან და ლირასთან გამყარება იმპორტს გაზრდისკენ და ექსპორტს შემცირებისკენ უბიძგებს, რაც სავაჭრო ბალანსს კიდევ უფრო მეტად გააუარესებს (უარყოფითისკენ). თუმცა ეკონომიკაზე ვალუტის გამყარების ზუსტი ეფექტის შესასწავლად დამატებითი და სიღრმისეული კვლევის ჩატარებაა საჭირო. უარყოფითი სავაჭრო სალდო 2013 წელს 2012 წელთან შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა, ის გასულ წლებთან შედარებით მაინც ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლს წარმოადგენს.
სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით ჩვენ ვასკვნით, რომ დავით ონოფრიშვილის განცხადება: „გაცვლითი კურსი ამ ეტაპზე პრაქტიკულად დასტაბილურებულია 1.77 –1.78-ის ფარგლებში. ინფლაცია ამჯერად არის ზღვარში. იმის ფარგლებში, რაც არის დაგეგმილი, საქართველოს ბიუჯეტის ფარგლებში, ის 6%-ზე ნაკლები უნდა იყოს წლის განმავლობაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ლარი არ არის ერთადერთი ვალუტა, რომელიც დღეს გარკვეულ ვარდნას განიცდის. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ლარის 6 %-მდე ვარდნა მოხდა. ჩვენს მეზობელ თურქეთში ბოლო თვეების განმავლობაში 25%-ის ფარგლებშია თურქული ლირის ვარდნა. რუსეთშიც ასევე საკმაოდ მაღალია–10%-ზე მეტია. მინდა გითხრათ, რომ ისინი მთავარი იმპორტიორები არიან ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ ჩვენი გაცვლითი კურსის გამყარება ამ ეტაპზე კიდევ უარეს შედეგს მოიტანდა. მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული ვაჭრობის პარამეტრები: უპრეცედენტოდ მაღალია ექსპორტის ზრდა, რაც კარგია და ნიშნავს, რომ ჩვენთან სერიოზული ცვლილებები დაიწყო ამ მიმართულებით, ასევე შემცირებულია სალდო და ის არის პოზიტიური,’’ არის მეტწილად სიმართლე.