წლის 28 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს, კოლუმბიის უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მან დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა. კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ანჯელა უილერმა, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა ლგბტ-თა უფლებების შესახებ დაუსვა და აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოში ვიზიტის დროს ის მომსწრე გახდა შეტაკებისა, რომელიც ჰომოფობიისა და დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ იყო მიმართული. მისივე თქმით, დასავლურ ღირებულებებს საქართველოში ყველა არ იზიარებს, განსაკუთრებით კი ეს ეკლესიას ეხება, რომელსაც მოსახლეობის დაახლობით 80% ემხრობა. მან პრემიერს კითხვით მიმართა, გამოეხმაურება თუ არა ახალი ხელისუფლების მიერ შემუშავებული ადამიანის უფლებათა სტრატეგია ლგბტ ჯგუფების უფლებებს.
პრემიერ-მინისტრმა კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების სტრატეგიასთან ერთად, მთავრობა აპირებს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, რაც მსგავსი საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს. პრემიერმა განმარტა, რომ ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა, არცერთი ქვეყანა არ არის სრულყოფილი და მსგავსი რამ შეიძლება ყველგან მოხდეს. მისივე თქმით: „ყოველ წელს ლგბტ-ის ყოველი მსგავსი დემონსტრაციისას, 2011-ში, 2010-ში, 2009-ში, ისინი გამუდმებით იდევნებოდნენ და პოლიციას მათი დაცვა არ შეეძლოდა ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა და არავის დასხმიან თავს“. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ იგი ამ ადამიანების დაცვაში პირადად იყო ჩართული.
ფაქტ-მეტრი საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციების თემით დაინტერესდა და მოვლენები ქრონოლოგიურად გაანალიზა.
ტერმინი „ლგბტ“არის აკრონიმი, რომელიც ინგლისურ ენაში ლესბოსელი (Lesbian), გეი (Gay), ბისექსუალი (Bisexual) და ტრანსგენდერის (Transgender) აბრევეატურას აღნიშნავს. ის გამოყენებაში მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან შემოვიდა და აბრევეატურა „ლგბ“-ს ადაპტირებულ ვარიანტს წარმოადგენს.
ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია „იდენტობის“ ვებგვერდზეგანმარტებულია, რომ 17 მაისი არის ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელიც 2004 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. „იდენტობისავე“ მონაცემებით, საქართველოში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყოველი მესამე ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მათი 56% ოჯახის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა, 26% ძალით დააქორწინეს, 18%-ს კი მეგობრებთან ურთიერთობა აუკრძალეს. გარდა ამისა, საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანები დღემდე ვერ ახერხებენ პირადობაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას. ამისთვის მათ ძვირადღირებულ და ჰორმონალურ თერაპიას სთხოვენ, თუმცა, ამას კანონი არ ითხოვს. იძულებითი ოპერაციის მოთხოვნა კი ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევაა.
17მაისს სწორედ აღნიშნული პრობლემების გარშემო ხდება გაერთიანება და ამ ადამიანების მიმართ გამოვლენილი ძალადობის კიდევ ერთხელ გაპროტესტება. უფრო მეტი სიცხადისათვის მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ.
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული პირველისაპროტესტო აქცია ორგანიზაცია "ლგბტ–საქართველოს" მიერ 2011 წლის 17 მაისს გაიმართა. საღამოს 9 საათზე ორმოცამდე აქტივისტმა ფერად ყვავილებში ჩადებული სანთლები დაანთო და მდინარე მტკვარში გაუშვა. ამ ფორმით მათ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგეს პატივი. აქციამ მშვიდობიანად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. ეს ჰომოფობის წინააღმდეგ მიმართული პირველი ოფიციალური აქცია იყო თბილისში, რომელიც ქუჩაში გაიმართა.
მსგავსი შინაარსის მეორე აქცია უკვე უფლებადამცველი ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ 2012 წლის 17 მაისს ფილარმონიასთან უნდა გამართულიყო. შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მიწერილ წერილშიდეტალურად არის აღწერილი ის მოვლენები, რომლებიც 2012 წლის 17 მაისის გარშემო განვითარდა. კერძოდ, ორგანიზაცია „იდენტობამ“ მშვიდობიანი მსვლელობის გამართვის თაობაზე ქალაქ თბილისის მერიას შეატყობინა და ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოსგან უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვა. მერიისგან თანხმობის მიღების შემდეგ, 2012 წლის 16 მაისს, ორგანიზაცია ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომელს, გიორგი ჭოღოშვილს დაუკავშირდა, რომელსაც აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უშუალოდ ევალებოდა. მისგან ჯერ ორგანიზაციის ოფის-მენჯერმა, შემდეგ კი იურისტმა, სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რომ პატრულის თანამშრომლები 2012 წლის 17 მაისს აქციის მონაწილეთა გვერდით იქნებოდნენ და დააკავებდნენ ნებისმიერ პირს, რომელიც თუნდაც სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყანებდა აქციის რომელიმე მონაწილეს.
წერილში განმარტებულია, რომ 17 მაისს ფილარმონიასთან მივიდნენ აქციის მონაწილეები და მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს. ჯერ კოსტავას გამზირზე, შემდეგ უკვე რუსთაველის გამზირზე გამოჩნდნენ „მართლმადიდებელ მშობელთა“ და „წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის“ კავშირის წევრები, რომლებიც აქციის მონაწილეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. მათ თან ახლდნენ სასულიერო პირები მრევლითურთ, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ პატრულის თანამშრომლები მოვლენების განვითარებაში არ ერეოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ესმოდათ ყველა ის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც აქციის მონაწილეთა მისამართით ისმოდა. გარდა ამისა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, ალყაში აქცევდნენ აქციის მონაწილეებს და მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. როდესაც მსვლელობა მეცნიერებათა აკადემიას მიუახლოვდა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებისკენ შეტევაზე გადავიდნენ, მათი მისამართით გაძლიერდა გინება და მუქარა. ამასთანავე, კონტრაქციის წარმომადგენლები ხელით ეხებოდნენ აქციის მონაწილეებს, ართმევდნენ ტრანსფარანტებს, ხელიდან გლეჯდნენ დროშებს და სწორედ ამ დროს სრულიად გაუგებარი მიზეზებით, პატრულის თანამშრომლები შემთხვევის ადგილიდან გაქრნენ, რამაც სიტუაცია უფრო დაძაბა. მოქალაქეებმა იგრძნეს თვითნებობის შესაძლებლობა და გამეტებით ურტყამდნენ მსვლელობის მონაწილეებს.
იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაცია უკვე უკონტროლო იყო, ორგანიზაცია „იდენტობამ“ დროის მოკლე მონაკეთში შსს-ს ცხელ ხაზზე (112) სამი ზარი განახორციელა. თუმცა, პატრული ადგილზე 20 წუთის განმავლობაში არ მისულა. პატრულის თანამშრომლებმა სიტუაციის დარეგულირება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც დარბევამ მასიური ხასიათი მიიღო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მოძალადეები დაეკავებინათ, მათ ორგანიზაცია „იდენტობის“ სამი თანამშრომელი და ერთი წევრი დააკავეს (პატრულმა ისინი ერთი საათის შემდეგ მანქანიდან ჩამოსვა). სამართალდამცველების მსგავსი ქმედების შემდეგ, აქციის მონაწილეების მოქმედების ადგილს გაეცალნენ და ინციდენტიც დასრულდა. საბოლოო ჯამში, ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ ორგანიზებული აქცია არ შედგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ შინაგან სამქეთა სამინისტროს საჩივრით მიმართა და მომხდარზე გამოძიების დაწყება ითხოვა. „იდენტობამ“ მიმართვის პასუხადმიიღო, რომ 2012 წლის 17 მაისის აქციაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დაფიქსირებულა და შესაბამისად გამოძიება არ დაწყებულა. რაც შეეხება ინციდენტის ადგილზე მყოფი მოქალაქეების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს, მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, დაკავებული იქნა ორი მოქალაქე, რომელთაც ადმინისტრაციულ სახდელად შეეფარდათ ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
2012წლის 17 მაისის მოვლენები სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშიც მოხვდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა არ გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები აქციის მონაწილეთა უფლების სრული რეალიზების უზრუნფელსაყოფად.
რაც შეეხება 2013 წლის 17 მაისს აქციას, ის „იდენტობის“, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის", "ქალთა ფონდის" და "ლგბტ–საქართველოს" მიერ 13:00 სთ-ზე ყოფილი პარლამენტის შენობის წინ იყო დაგეგმილი. 2012 წლის 17 მაისის გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც „იდენტობისავე“ განმარტებით, მონაწილეებს აქციის ჩატარების საშუალება არ მიეცათ, პოლიციამ კი მათი უსაფრთხოების დაცვა ვერ შეძლო, ორგანიზაციამ აქციის მონაწილეთა ქცევის კოდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად იყო განმარტებული ის წესები, რომლებიც აქციის მონაწილეებს უნდა დაეცვათ.
როგორც ორგანიზაცია „იდენტობაში“ განგვიმარტეს, აქციის ჩატარების შესახებ შესაბამისი ორგანოები (თბილისის მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო) წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები. უფრო მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უსაფრთხოების გარანტიებიც ჰქონდათ მიღებული. თუმცა, 2013 წლის 17 მაისს 2012 წლის მსგავსად, მათ აქციის ჩატარება ვერ შეძლეს. უფრო დეტალურად, 2013 წლის 17 მაისს მოვლენები ასე განვითარდა:დღის პირველი საათისთვის პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, ჰომოფობიისა და ტრანსფობიიის წინააღმდეგ, დაახლოებით 500 კაციანი მშვიდობიანი აქცია უნდა გამართულიყო. ნახევარი საათის განმავლობაში, აქციის მონაწილეებს დუმილით უნდა გაეპროტესტებინათ ლგბტ პირთა მიმართ გამოვლენილი ძალადობა. 16 მაისის საღამოს სასულიერო პირებმა, მრევლთან ერთად, ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს და მოსალოდნელი აქციის ჩატარება გააპროტესტეს, აქციის ორგანიზატორებს კი მოუწოდეს, უარი ეთქვათ საკუთარ განზრახვაზე და მომდევნო დღისთვის დაგეგმილი აქცია არ გაემართათ.
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ აქციის გამართვის მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობის წინ, 17 მაისს დილიდანვე შეიკრიბნენ და სხვადასხვა სახის ტრანსფარანტებით („უფალი მეფობს“, „გვახსოვდეს ნოე“) ხალხს მოუწოდებდნენ აღნიშნულ აქციაში არ ჩართულიყვნენ. პარალელურად, პოლიციელთა ერთმა ნაწილმა დამცავი ჯებირით თავისუფლების მოედნის პირდაპირ გზა გადაკეტა, რათა აქციის ჩატარება პუშკინის სკვერში ყოფილიყო შესაძლებელი. აქციის მონაწილეებმა შეკრება თორმეტი საათიდან დაიწყეს. მათი შეკრების პარალელურად, თავისუფლების მოედანზე ყვითელი ავტობუსების მობილიზება დაიწყო.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს ბასილ მკალავიშვილი შეურთდა მრევლითურთ. დაახლოებით 12:45 სთ-ზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა ხალხმა, პოლიციის მიერ შექმნილი ჯებირი გაარღვია და პუშკინის სკვერის მიმართულებით დაიძრა. მსვლელობას წინ ეკლესიის წარმომადგენლები მიუძღოდნენ, რომლებიც საკუთარ მრევლს ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩაშლისკენ მოუწოდებდნენ. საბოლოო ჯამში ასეც მოხდა. პუშკინის სკვერში შეკრებილ მოქალაქეებს კონტრაქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებისთვის აქციის ჩატარების საშულება არ მიეცათ. სიტუაცია ფაქტობრივად უკონტროლო იყო. საბოლოო ჯამში, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული მშვიდობიანი აქცია არ ჩატარდა. 17 მაისის დაპირისპირების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინიტრომ ორ სასულიერო პირს - სამების ტაძრის არქიმანდრიტს ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილს და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, იოთამ (ირაკლი) ბასილაიას, ჰომოფობიურ ძალადობასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის წესით, ბრალი დაკავების გარეშე წაუყენა. ბრალი მანიფესტაციის უფლების ხელყოფისა და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე იქნა წაყენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. გარდა ამისა, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 4 სამოქალაქო პირიც დააკავა, რომლებიც სასამართლომ 21 მაისს 100 ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა. 17მაისის თემის შესახებ, ფაქტ-მეტრი ორგანიზაცია „იდენტობის“ დირექტორს, ირაკლი ვაჭარაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, იმ დღეს უბრალოდ გაუმართლა, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა და ეს ადგილზე მობილიზებული პოლიციის დამსახურება სულაც არ იყო. ის აბსოლუტურად უმოქმედოდ გამოიყურებოდა. ირაკლი ვაჭარაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეებისთვის საკუთარი კონსტიტუციური უფლების დაცვა ვერ უზრუნველყო და აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წამოსული აგრესიული ჯგუფის შეკავება ვერ მოახერხა. მისივე თქმით, არსებობს კადრები სადაც კარგად ჩანს, რომ პოლიცია კონტრაქციის არათუ შეჩერებას არ ცდილობდა, არამედ, ფაქტობრივად გზას უხსნიდა კიდეც მას.
17 მაისის მოვლენებს საქართველოს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და განცხადებაგაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია აღიშნული აქციის გამართვის თაობაზე და პოლიცია ადგილზე მობილიზებულიც იყო, გაკეთებული იყო კორდონი, მან ვერ შეძლო მისი შენარჩუნება. სახალხო დამცველმა ყურადღება დაშავებულებზეც, მათ შორის პოლიციის თანამშრომლებზე გაამახვილა.
17 მაისის თემას გამოხმაურება საერთაშორისო ასპარეზზეც მოჰყვა. კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა, თომას ჰამერბერგმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „რაც მოხდა იყო აბსოლუტურად მიუღებელი, ამაზე კი, ვფიქრობ მთავრობის მხრიდან რეაქცია არასაკმარისი იყო“. დასკვნა 17მაისის საკითხის შესწავლისას შემდეგი ასპექტები გამოიკვეთა:
პირველი აქცია, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ იყო მიმართული თბილისში 2011 წელს ორგანიზაცია "ლგბტ–საქართველოს" ორგანიზებით ჩატარდა. აქციამ მშვიდობიანად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა.
მსგავსი შინაარის მეორე აქცია თბილისში უკვე ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ, 2012 წლის 17 მაისს მოეწყო. აქციამ დაპირისპირებისა და შეხლა-შემოხლის ფონზე ჩაიარა.
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული მესამე აქცია, რომელიც თბილისში 2013 წლის 17 მაისს უნდა გამართულიყო, ასევე „იდენტობისა“ და სხვა ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული. აქცია 2012 წლის მსგავსად ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადების ის ნაწილი, სადაც ის ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციების ჩატარების ქრონოლოგიაზე საუბრობს, არასწორია. 2009 და 2010 წლებში მსგავსი ტიპის აქციები საქართველოში საერთოდ არ გამართულა. მართალია, პირველი ასეთი აქცია თბილისში 2011 წელს მართლაც მოეწყო და ამ თარიღს ირაკლი ღარიბაშვილიც ასახელებს თუმცა, აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა და რაიმე ტიპის დაპირისპირებას ადგილი არც ამ შემთხვევაში ჰქონია. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის მხრიდან აღნიშნულ წელს ლგბტ აქტივისტების მიმართ გამოვლენილ ძალადობაზე საუბარი ამ კონტექსტშიც არასწორია. 2012-2013 წლებში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულმა აქციებმა უკვე დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. იყვნენ დაშავებულებიც. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის მიერ იმის გაცხადება, რომ 2013 წელს „ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არავინ დაშავებულა და თავს არავის დასხმიან“ არ შეესაბამება სიმართლეს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „ყოველ წელს, ლგბტ-ის ყოველი მსგავსი დემონსტრაციებისას, 2011-ში, 2010-ში, 2009-ში, ისინი გამუდმებით იდევნებოდნენ და პოლიციას მათი დაცვა არ შეეძლო და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა და არავის დასხმიან თავს“, არის მეტწილად მცდარი.