წლის 6 მარტს, „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგი დაიწყო წინა ხელისუფლების დროს. ჩვენ მოვახდინეთ ამ დიალოგის ინტენსიფიკაცია და მივაღწიეთ იმას, რომ თვითონ პრეზიდენტი ობამა მეუბნება მე, ჩვენ უნდა დაგეხმაროთ, რომ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გავაღრმავოთ და მოგამზადოთ, რომ იქნებ ერთ დღეს მოხდეს ესო.“ ასევე, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პრემიერმა წინა ხელისუფლება ამერიკელი კოლეგების მიმართ „არაკორექტულობასა“ და „დიპლომატიურ სკანდალში“ დაადანაშაულა, რაც პრემიერის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების დაანონსებაში გამოიხატებოდა. აღნიშნული განცხადება ოპონენტების კრიტიკაზე პრემიერის საპასუხო რეაქცია გახლდათ. კრიტიკის თანახმად, ხელისუფლების ძალისხმევა და აქტიურობა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ არასათანადო იყო.
2014წლის 13 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილი ისევ დაუბრუნდა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დიალოგის საკითხს და მან გადაჭარბებული და ილუზორული უწოდა წინა ხელისუფლების პოზიციას/მოლოდინებს ამ მიმართულებით.
ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (FTA) ქვეყნებს შორის საქონლისა და მომსახურების ახალი ბაზრების გახსნას, სავაჭრო ბარიერების მოხსნას და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ღონისძიებებს ითვალისწინებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მაღალი დონის დიალოგი 2012 წლის 30 იანვარს მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ამ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა:„ჩვენ შევთანხმდით მაღალი დონის დიალოგზე ორ ქვეყანას შორის იმის თაობაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის შესაძლო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების კუთხით...“. სააკაშვილმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივის“ წამოწევისთვის და დასძინა, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ პროგრესს.
მაღალი დონის დიალოგის პირველი შეხვედრა 2012 წლის 20 აპრილს გაიმართა. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რონ კირკსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნიკოლოზ გილაურს შორის შეხვედრაზე, ასევე გადაწყდა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე სამუშაო ჯგუფის შექმნა. 2012 წლის 29 მაისს, მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილეს, მირიამ შაპიროსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს, თამარ კოვზირიძეს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების შესაძლებლობის საკითხიცგანიხილეს. შესაბამისად, 2012 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, აშშ-ის და საქართველოს წარმომადგენლებს შორის მაღალი დონის დიალოგი თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე ორჯერ გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელმა, ელჩმა რონ კირკმა აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო შეთანხმების დადების შესაძლებლობა მოგვიანებითაც დაადასტურა (იხ. ბმული: გვ.75). კერძოდ, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართულ, სენატის საფინანსო კომიტეტის წინაშე აშშ-ს მთავრობის მოსმენის დროს, სენატორ ჰეთჩის საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების შესახებ დასმულ კითხვაზე, რონ კირკმა ხაზი გაუსვა 2012 წლის აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობასა და ინვესიტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში მაისის შეხვედრას, რომელზეც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდის სხვადასხვა შესაძლებლობები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების შესაძლებლობა იყო განხილული. ამასთან, აღნიშნულის მისაღწევად, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელი ადასტურებს თავის მზადყოფნას, სენატის საფინანსო კომიტეტთან ერთად განაგრძოს ამ მიმართულებით შესაბამისი კონკრეტული გზების ძიება. არც 2012 წელს („ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ) და არც 2013 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის მაღალი დონის დიალოგი თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე არ გამართულა. ეს ოფიციალურად დაგვიდასტურეს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მაღალი დონის შეხვედრა მხოლოდ 2014 წლის 27 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის დროს შედგა. პრემიერმა ვაშინგტონში შეხვედრაამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელ მაიკლ ფრომანთან გამართა. როგორც მთავრობის პრეს-რელიზიდან ჩანს, შეხვედრისას მათ ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტირების გაზრდასთან დაკავშირებული საერთო ინტერესები განიხილეს. ამდენად, ფაქტია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის თებერვლამდე მონაკვეთში (17 თვეში), მაღალი დონის დიალოგი ერთხელ შედგა, ხოლო 2012 წლის იავრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე მონაკვეთში (10 თვეში) - ორჯერ.
დასკვნა
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში სამართლიანად აღნიშნავს, რომ აშშ-სთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე დიალოგი წინა მთავრობის დროს დაიწყო, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მისი ინტენსიფიკაცია მისი მთავრობის დროს მოხდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქართული მხარის წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივაზე თავის დროზე თავად აშშ-ს პრეზიდენტი და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები მიუთითებდნენ.
შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, „ჩვენ მოვახდინეთ ამ დიალოგის [აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ] ინტენსიფიკაცია“, არის მცდარი.