იტვირთება

2014

  წლის 13 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. პრემიერის სიტყვით მიმართვის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ერთ-ერთმა სტუდენტმა, რეგიონებში საშუალო სკოლებში განათლების ხარისხის კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. კითხვაზე პასუხის გაცემისას, პრემიერ-მინიტრმა განმარტა, რომ მთავრობა ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებზე  მუშაობს, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში, საქართველოს 140 მილიონის ოდენობის თანხა გამოეყო, რომელიც სწორედ განათლების სფეროს განვითარებისთვის იქნება გამოყენებული და მის ფარგლებში მოხდება უმაღლესი და ტექნიკური სასწავლებლების გაძლიერება საქართველოში, მათ შორის რეგიონებშიც. მან იქვე აღნიშნა: „თუ არ ვცდები, 2010 წელს გამოქვეყნდა კვლევები, რომლის მიხედვითაც, სამწუხაროდ, ეს მართლა სამარცხვინოა ჩვენთვის, განათლების დონის მიხედვით, ევროპაში ბოლო ადგილზე ვართ“ .

ფაქტ-მეტრი იმ კვლევით დაინტერესდა, რომლის მიხედვითაც, საქართველო განათლების დონის მიხედვით ევროპაში ბოლო ადგილზეა და მისი შესწავლა გადაწყვიტა.

კვლევა, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა, 2011 წელს გამოქვეყნდა. ეს გახლავთ „OECD (Organisation for Economic Co-operation and Development)”-ის მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების PISA (

Programme For International Student Assessment) პროგრამა, რომელიც წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 15 წლის მოზარდების უნარების დონეს იკვლევდა.

როგორც თავად კვლევაშია განმარტებული, „PISA” მიზნად ისახავს მოზარდებში იმ უნარებისა და ცოდნის გამოვლინებას, რაც საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისთვის არის აუცილებელი. გარდა ამისა, ის კვლევაში მონაწილე ქვეყნების მთავრობებისთვის ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს, რათა მათ ისეთი პოლიტიკა გაატარონ, რაც განათლების კუთხით არსებულ შედეგებს გამოასწორებს და სისტემას უფრო ეფექტიანს გახდის. აღნიშნულ კვლევას რეგულარული ხასითი აქვს და ის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.

„PISA”-ს მიერ განხორციელებული კვლევის მიგნებების მიხედვით, ფოკუსირება ხდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: რამდენად კარგად არიან მოზარდები მზად სამომავლო გამოწვევებისთვის? რამდენად შეუძლიათ მათ იდეების ეფექტურად წარმოჩინება? რა უნარებს ფლობენ ისინი საზოგადოებაში სწრაფი ადაპტირებისათვის? რამდენად თანასწორია განათლება ქვეყანაში, ან მის ფარგლებს გარეთ და ა.შ.

თავდაპირველად, 2009 წელს, აღნიშნულ კვლევაში მსოფლიოს 64-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი, კვლევას კიდევ 10 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის საქართველო. დანარჩენი სხვა 64 ქვეყნისაგან განსხვავებით, აღნიშნულ 10 ქვეყანაში კვლევა 2009 წლის ნაცვლად 2010 წელს ჩატარდა და საბოლოო ანგარიშის სახით, შედეგები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2011 წელს გამოქვეყნდა.

10

დამატებითი ქვეყნიდან, კვლევის ფარგლებში, ტესტირება 46 000 მოსწავლეს ჩაუტარდა. უფრო დეტალურად კი, 15 წლამდე მოზარდებში ზოგადი განათლების დონის გამოსავლენად ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოს შედეგები ასე გამოიყურება:

  • კითხვითი უნარების მიხედვით, რაც წაკითხული ტექსტის გააზრებას გულისხმობს,  საქართველო 374 ქულით 74 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილს იკავებს და საბოლოო მაჩვენებლების მიხედვით ისეთი ქვეყნების კატეგორიაში ხვდება, როგორებიცაა ყატარი, პერუ და პანამა. წაკითხულის გააზრების უნარი საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 38%-ს აქვს, რაც უტოლდება ან აღემატება შესაბამის საბაზისო მოთხოვნას. შესაბამისად, მოსწავლეეების უმრავლესობის უნარები საბაზისო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
  • მათემატიკური უნარების კუთხით, საქართველოს 74 ქვეყანას შორის 379 ქულით, ბოლოდან მეათე ადგილი უკავია და რამდენიმე ქულით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ალბანეთი, ტუნისი, ინდონეზია, ყატარი, პერუ, პანამა და ა.შ. კვლევის შედეგების მიხედვით, მათემატიკური უნარების საბაზისო დონე ქართველი მოზარდების მხოლოდ 31%-ს აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ სტატისტიკის თვალსაზრისით, გოგონებისა და ბიჭების მათემატიკურ შესაძლებლობებს შორის რაიმე ტიპის განსხვავება არ ფიქსირდება.
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველო 373 ქულით ბოლოდან მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მიმართულებით, ქართველი მოსწავლეების 34%-ს საბაზისო უნარები აქვს და სტატისტიკის თვალსაზრისით, გოგონებისა და ბიჭების შესაძლებლობების კუთხით 19 ქულიანი სხვაობა გოგონების სასარგებლოდ ფიქსირდება.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, აღნიშნული კვლევის მიხედვით, წაკითხულის გააზრებაში, მატემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, საქართველოს 15 წლის ასაკის მოზარდების უნარები პროცენტულად ასე გამოიყურება:

garrr

ირაკლი ღარიბაშვილი კვლევის შედეგებზე საუბრისას ყურადღებას ევროპის მასშტაბით დაფიქსირებულ მონაცემებზე ამახვილებდა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში სწორედ ევროპის მასშტაბით მიღებული სურათია წარმოდგენილი:

კვლევის შედეგები ევროპაში

#

ქევყანა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

წაკითხულის გააზრება

მათემატიკა

1

ფინეთი

554

536

541

2

ესტონეთი

528

501

512

3

ნიდერლანდები

522

508

526

4

გერმანია

520

497

513

5

ლიხტენშტეინი

520

499

536

6

შვეიცარია

517

501

534

7

დიდი ბრიტანეთი

514

494

492

8

სლოვენია

512

483

501

9

პოლონეთი

508

500

495

10

ირლანდია

508

496

487

11

ბელგია

507

506

515

12

უნგრეთი

503

494

490

13

ნორვეგია

500

503

498

14

ჩეხეთი

500

478

493

15

დანია

499

495

503

16

საფრანგეთი

498

496

497

17

შვედეთი

495

497

494

18

ლატვია

494

468

482

19

ავსტრია

494

470

496

20

პორტუგალია

493

489

487

21

ლიტვა

491

484

477

22

სლოვაკეთი

490

477

497

23

იტალია

489

486

483

24

ესპანეთი

488

481

483

25

ლუქსენბურგი

484

472

489

26

რუსეთი

478

459

468

27

ხორვატია

486

476

460

28

საბერძნეთი

470

484

466

29

მალტა

461

442

463

30

სერბეთი

443

442

442

31

ბულგარეთი

439

429

428

32

რუმინეთი

428

424

427

33

მოლდოვა

413

388

397

34

მონტენეგრო

401

408

403

35

ალბანეთი

391

485

377

36

აზერბაიჯანი

373

362

431

37

საქართველო

373

374

379

როგორც ცხრილიდან ჩანს, კვლევის მიხედვით საქართველოს 15 წლამდე ასაკის მოზარდები, წაკითხულის გააზრებაში 12 ქულით უსწრებს მხოლოდ აზერბაიჯანს, მათემატიკაში გამოვლენილი უნარების მიხედვით კი მხოლოდ 2 ქულით ალბანეთს.

  დასკვნა

საკითხის ანალიზმა გვაჩვენა, რომ კვლევა, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებთან შეხვედრისას საუბრობდა, 2011 წელს გამოქვეყნდა. კვლევა მსოფლიოს 74 ქვეყანაში ჩატარდა და მიზნად 15 წლის ასაკის მოზარდებში განათლების დონის შესწავლას ისახავდა. კვლევის ფარგლებში მოზარდების უნარები წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გადაამოწმეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართველი მოზარდების 62%-ს წაკითხულის გააზრება უჭირს, 66%-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და 69%-ს კი მათემატიკაში საბაზისო უნარები არ აქვთ. აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით, კვლევაში მონაწილე 74 ქვეყანას შორის, საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს.

რაც შეეხება უშუალოდ ევროპის მასშტაბით დაფიქსირებულ შედეგებს, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, საქართველო 15 წლის ასაკის მოზარდების კითხვითი უნარების მიხედვით, მართლაც ბოლო ადგილზეა. მათემატიკური კომპონენტის მიხედვით, საქართველო მხოლოდ 12 ქულით უსწრებს აზერბაიჯანს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 2 ქულით სჯობნის ალბანეთს და საბოლოო შედეგის სახით, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ევროპაში.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება: „თუ არ ვცდები, 2010 წელს გამოქვეყნდა კვლევები, რომლის მიხედვითაც, განათლების დონის მიხედვით ევროპაში ბოლო ადგილზე ვართ“, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2798 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი