იტვირთება

2014 წლის 21 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, სოსო ვახტანგაშვილმა, განაცხადა: „20 წელიწადზე მეტია საქართველოს ეკონომიკა განვითარების ნაცვლად სტაგნაციას განიცდის. რა არგუმენტიც არ უნდა მოვიყვანოთ ამის საპირისპირო, სტატისტიკა ჯიუტია. 2012 წლის ერთიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წარმოადგენს 1990 წლის ერთიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 80 პროცენტს“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და იგი გადაამოწმა.

ეკონომიკური სტაგნაცია ეწოდება ვითარებას, როდესაც ქვეყანაში ფიქსირდება ეკონომიკის ხანგრძლივვადიანი, შენელებული (დაბალი) ზრდის ტემპი. შენელებული ზრდის ქვეშ პოტენციურზე გაცილებით დაბალი ზრდის დონე მოიაზრება. ზოგადად, 2-3%-იანი ზრდა ითვლება სტაგნაციის ნიშნად.

საქართველოში, 2003-2007 და 2010-2012 წლებში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ამ პერიოდში ეკონომიკური სტაგნაცია არ ყოფილა. ეკონომიკური სტაგნაცია იყო სამოქალაქო ომისა და მის შემდგომ პერიოდში, როდესაც ეკონომიკა ძალიან დაბალი ტემპით იზრდებოდა.

vax

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, საქსტატიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის რეალური მშპ (დათვლილი 1996 წლის ფასებში) 9.6 მლრდ ლარია, 1990 წლის რეალური მშპ (დათვლილი 1996 წლის ფასებში) კი - 12 მლრდ ლარი. შესაბამისად, 2012 წლის მშპ 1990 წლის მშპ-ის მართლაც 80%-ია. შეგახსენებთ, რომ რეალური მშპ ასახავს ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და გაწეული მომსახურების ღირებულებას მუდმივ (ამ შემთხვევაში 1996 წლის) ფასებში, რათა მოხდეს ფასების ცვლილების, ანუ ინფლაცია/დეფლაციის გამორიცხვა. რეალური მშპ წარმოებული საბოლოო პროდუქციის რეალურ რაოდენობრივ ზრდას გვიჩვენებს.

თუმცა, სრულყოფილი ანალიზისთვის გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 1990 წლის მშპ-ში შეტანილია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მონაცემებიც, რომლებზეც, იმ დროისთვის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი ხორციელდებოდა. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მონაცემები 1993 წლიდან აღარ მოიპოვება. ამიტომაც, 2012 წლის რეალური მშპ მხოლოდ საქართვლოს დანარჩენ ტერიტორიაზე შექმნილი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების ღირებულებაა. შესაბამისად, არასამართლიანია 2012 წლის მშპ-ის 1990 წლის მშპ-თან შედარება, რადგან 1990 წლის მშპ-ში ასახულია მთლიანი საქართველოს (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით) მონაცემები, ხოლო, 2012 წლისთვის კი, მხოლოდ საქართველოს დაახლოებით 80%-ის. ამასთანავე, სავარაუდოა, რომ თუ აფხაზეთი და სამაჩაბლო კვლავაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იქნებოდნენ, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები გაცილებით დაბალი იქნებოდა და, შესაბამისად, უფრო ხელსაყრელი გარემო იქნებოდა ეკონომიკური ზრდისთვის.

mshp96-90

ამასთანავე, აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული 1993-1994 წლებში საქართველოს მშპ-ის ოდენობა. 1994 წელს საქართველოს მშპ 1990 წლის საქართველოს მშპ-ის მხოლოდ 28.2% იყო (ფაქტიურად 3.5-ჯერ ნაკლები), რაც გამოწვეული იყო სამოქალაქო ომით, კონფლიქტითა და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებით. 1994 წელს საქართველოს მშპ ყველაზე დაბალი იყო 1990-2012 წლების განმავლობაში და სწორედ ასეთი მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან მოხდა საქართველოს ეკონომიკის გაზრდა. 2012 წელს, 1994 წელთან შედარებით, საქართველოს მშპ თითქმის 2.8-ჯერ არის გაზრდილი, რისი მიღწევაც, მთელი ამ წლების განმავლობაში, ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში გამორიცხულია.

mshp96

დასკვნა

დეპუტატის განცხადებით, ქვეყანაში 20 წელიწადზე მეტია სტაგნაციაა, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. 2003-2007 და 2010-2012 წლებში, საქართველოს მშპ მაღალი ტემპებით ვითარდებოდა, რაც სავსებით გამორიცხავს ამ წლებში სტაგნაციის არსებობას. ეკონომიკური სტაგნაცია და რეცესია ნამდვილად შეიმჩნეოდა სამოქალაქო ომისა და მის შემდგომ პერიოდში, ისევე როგორც 2008-2009 წლებში. თუმცა, უკანასკნელ ათწლეულში მიღწეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის სტაგნაციად მოხსენიება დეპუტატის მხრიდან ცალსახად მცდარია.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს,1990 წლის მშპ (დათვლილი 1996 წლის ფასებში) 12 მლრდ ლარია, 2012 წლის მშპ (დათვლილი 1996 წლის ფასებში) კი 9.6 მლრდ ლარი, შესაბამისად, 2012 წლის მშპ 1990 წლის მშპ-ის 80%-ია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეპუტატის მიერ მოყვანილი მონაცემები მათემატიკურად ზუსტია. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 1990 წელს მშპ-ში შეტანილია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაცემებიც, ხოლო 2012 წელს კი - არა. შესაბამისად, არასამართლიანია 2012 წლის მშპ-ის 1990 წლის მშპ-სთან შედარება, რადგან საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე წარმოებული მშპ დარდება საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 80%-ზე წარმოებულ მშპ-ს. ამიტომაც, იმის გათვალისწინებით, რომ განცხადებაში ეს დეტალი გამოტოვებულია, დეპუტატის განცხადების ეს ნაწილიც არ არის ბოლომდე ზუსტი.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ სოსო ვახტანგაშვილის განცხადება, „20 წელიწადზე მეტია საქართველოს ეკონომიკა განვითარების ნაცვლად სტაგნაციას განიცდის. რა არგუმენტიც არ უნდა მოვიყვანოთ ამის საპირისპიროდ, სტატისტიკა ჯიუტია. 2012 წლის ერთიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წარმოადგენს 1990 წლის ერთიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 80 პროცენტს“, არის ნახევრად სიმართლე.

რედაქტორის შენიშვნა: აღნიშნული სტატიის პირველი ვარიანტი 2014 წლის 7 მარტს გამოქვეყნდა. ფაქტ-მეტრმა თავდაპირველად ვერ მოახერხა გაერკვია, არსებობდა თუ არა „საქსტატში“ 1990-2012 წლების მუდმივ ფასებში დათვლილი მშპ-ის მონაცემები. ჩვენ ამ ინფორმაციის მოპოვება „საქსტატიდან“ სატელეფონო საუბრის მეშვეობით ვცადეთ, თუმცა, ეს ვერ მოვახერხეთ და ჩავთვალეთ, რომ ამგვარი ინფორმაცია უბრალოდ არ არსებობდა, რის შემდეგაც, ჩვენთვის ხელმისაწვდომი მონაცემებით ვცადეთ ფაქტის გადამოწმება.

სტატიის პირვანდელ ვერსიასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ აპარატის უფროსი, ვლადიმერ ბასარია გამოგვეხმაურა. მან გააკრიტიკა ჩვენს მიერ გამოყენებული მეთოდი და მიგვითითა კონკრეტულ დოკუმენტზე, სადაც 1990 წლისა და 2012 წლების მშპ დათვლილია მუდმივ, კერძოდ, 1996 წლის ფასებში. ჩვენ გავეცანით ხსენებულ დოკუმენტს, გავითვალისწინეთ ის კვლევაში, რის შედეგადაც სტატია დაკორექტირდა და შეიცვალა ვერდიქტიც.

ფაქტ-მეტრი მადლობას უხდის ვლადიმერ ბასარიას გამოხმაურებისა და შესაბამისი დოკუმენტის მითითებისათვის, რომლის საშუალებითაც, ფაქტ-მეტრმა სტატიაში სრულყოფილი ანალიზის წარმოდგენა შეძლო.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2798 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი