წლის 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვიზიტისას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ „Transparency International”-ის ინფორმაციით „ქართულმა ოცნებამ“ 7 ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით გაუშვა სამსახურიდან, ხოლო კონკურსების ჩატარების ნაცვლად, ვაკანტური ადგილები ნათესაურ-მეგობრული პრინციპით დააკომპლექტა. გარდა ამისა, დეპუტატმა განაცხადა, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში არსებობს, საუბრობს იმაზე, რომ შეგნებულად, პოლიტიკური მოტივებით ნადგურდება თვითმმართველობა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა დეპუტატის განცხადების სიზუსტით და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
2013 წლის აგვისტოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ „საკადრო პოლიტიკა საჯარო სამსახურში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“ კვლევის ანგარიშიგამოაქვეყნა. ანგარიშში 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე პერიოდია განხილული. ეს დროის მონაკვეთი იმიტომ შეირჩა, რომ, როგორც წესი, პოლიტიკური ან სხვა დისკრიმინაციული ნიშნით ადამიანთა სამსახურიდან გათავისუფლების ან დასაქმების ყველაზე დიდი რისკი სწორედ არჩევნებიდან პირველ რამდენიმე თვეზე მოდის. (გვ. 3)
კვლევის თანახმად, "საანგარიშო პერიოდში საჯარო დაწესებულებებიდან სულ 5149 თანამშრომელი გათავისუფლდა. მათგან 2330–მა (გათავისუფლებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 45%) თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. გარდა ამისა, იმ საჯარო უწყებებიდან, რომლებმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საშტატო ნუსხები მიაწოდეს, საერთო ჯამში თანამშრომელთა 11% გაათავისუფლეს... როგორც კვლევამ აჩვენა, ხშირ შემთხვევაში ხელმძღვანელები თანამშრომლებს მეგობრული რჩევით თუ მუქარით აიძულებდნენ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერას. ამაზე ბევრი რესპოდენტი, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, ჩვენთან ღიად საუბრობდა". (გვ. 5)
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ანგარიშის თანახმად სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირდებოდა, იყო ატესტაციის არჩატარების მასობრივი შემთხვევები. ძალიან ხშირად, თანამშრომლებს ყოველგვარი ფორმალური შემოწმებისა და დასაბუთების გარეშე სამსახურიდან უშვებდნენ და ატესტაციას, რომლის გაუვლელობაც, წესით, სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი უნდა ყოფილიყო, არ მიმართავდნენ. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანებს სამსახურიდან აშკარად უკანონოდ ათავისუფლებდნენ. ამის მაგალითები დაფიქსირდა ლენტეხისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების გამგეობებში. (გვ. 6)
რაც შეეხება სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღების პრაქტიკას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების საჯარო დაწესებულებებში თანამდებობაზე სულ 6557 მოხელე დაინიშნა. მათგან მხოლოდ 257 (4%) შეირჩა კონკურსის წესით. კონკურსის გარეშე სამსახურში ახალი თანამშრომლების აყვანა თვალსაჩინო მანკიერი ტენდენცია იყო, რომელიც, მცირე გამონაკლისების გარდა, ყველა საჯარო დაწესებულებას ახასიათებდა. (გვ. 6)
აქვე აღსანიშნავია, რომ გიორგი გაბაშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 7 ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს სამსახურიდან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით,რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სიუჟეტის საპასუხოდ გაკეთდა, მსგავსი ინტერპრეტაცია სიმართლეს არ შეესაბამება: „ასეთი რამ ჩვენს კვლევაში მითითებული არ არის. ანგარიშში საუბარია ცალკეულ რამდენიმე შემთხვევაზე, სადაც ჩვენმა ორგანიზაციამ გამოთქვა ეჭვი, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევებში ადამიანთა გათავისუფლება პოლიტიკურად შეიძლება ყოფილიყო მოტივირებული“.
რაც შეეხება გიორგი გაბაშვილის განცხადების მეორე ნაწილს, პოლიტიკური მოტივებით თვითმმართველობის განადგურებაზე, აღსანიშნავია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)” მიერ გამოქვეყნებული „2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგი“. ანგარიში 2012წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან 2013 წლის 3 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან 2013 წლის 3 აგვისტომდე, საქართველოს მასშტაბით გამგებელი 55 მუნიციპალიტეტში შეიცვალა, მათ შორის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არაერთგზის... ამავე პერიოდში, საკრებულოს თავმჯდომარე შეიცვალა 31 მუნიციპალიტეტში. (გვ. 5) აღსანიშნავია ის, რომ 3 აგვისტოს შემდგომ, ანგარიშის გამოქვეყნებამდე კიდევ 13 მუნიციპალიტეტში გამგებელი, სამ მუნიციპალიტეტში - საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ორ ქალაქში კი მერი შეიცვალა. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ახალი გამგებლებიდან 37 კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ან მხარდამჭერია, ხუთი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო დანარჩენი პირები უპარტიოები არიან, ან მათი პოლიტიკური შეხედულებების მკაფიო იდენტიფიცირება ორგანიზაციამ ვერ შეძლო. (გვ. 6)
„სამართლიანმა არჩევნებმა“ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებებიც შეისწავლა. 69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 55 გამგეობასა და 26 საკრებულოში განხორციელდა. თვითმმართველობებიდან მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 1 ივნისამდე გათავისუფლებულია 2321 თანამშრომელი. მათ შორის, მასიურად გათავისუფლდნენ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები... საერთო ჯამში, 34 მუნიციპალიტეტში დათხოვილ იქნა 519 რწმუნებული. (გვ. 7)
კვლევის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. რიგ შემთხვევებში ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვთ დაწერილი, რაც ლოგიკურ ეჭვს აჩენს მათი გადაწყვეტილების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევებში დათხოვილი სააჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, თუმცა უმეტესობა ფაქტის საჯაროდ აღიარებისაგან თავს იკავებს... ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში ძირითადად პარტიული ნიშანი გამოიკვეთა. კონკურსი მხოლოდ 11 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა. პარტიული ნიშნით კი ძირითადად, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მხარდამჭერები დაინიშნენ. (გვ. 8)
გარდა ამისა, 2014 წლის 5 თებერვალს თვითმმართველობის მოხელეებთან დაკავშირებით კანონში შესულ ცვლილებებს გამოეხმაურნენარასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში მიღებული ცვლილების მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე, მათ შორის კონკურსის წესით დანიშნულიც, ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილზე გამოცხადდება კონკურსი.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „აღნიშნული ცვლილება მით უფრო სავალალოა კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჭრილში და ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენს პოლიტიკურ პროცესში მოხელეთა პარტიული მიზნებისათვის გამოყენების თაობაზე. თვითმმართველობის მოხელეთა საქმიანობა არ უნდა იყოს დამოკიდებული საარჩევნო ციკლზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება სერიოზულ ზიანს აყენებს არჩევნების მიმართ ნდობას. ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში აღნიშნული ნორმის ამოქმედებით საჯარო მოხელეებს შეექმნებათ არასტაბილურობის გრძნობა და ალბათობა იმისა, რომ ისინი წინასაარჩევნო პერიოდში იმოქმედებენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, ძალიან დიდია.“
დასკვნაგიორგი გაბაშვილი განცხადების პირველ ნაწილში გადაჭარბებით ასახელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში მოყვანილ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების რიცხვს. კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საჯარო დაწესებულებებიდან 5149 ადამიანი გათავისუფლდა, ნაცვლად დეპუტატის მიერ დასახელებული 7 ათასისა. დეპუტატი ასევე არაზუსტია, როდესაც აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 7 ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს სამსახურიდან. მსგავსი ტიპის განცხადებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გამოქვეყნებული აქვს საპასუხო განცხადება, რომლის თანახმადაც, მსგავსი ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ასეთი რამ მათ კვლევაში მითითებული არ არის, თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში, ორგანიზაციის მოსაზრებით, ადამიანთა სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლოა პოლიტიკურად ყოფილიყო მოტივირებული. ამასთან, ასევე, აღსანიშნავია, რომ სამსახურიდან საკუთარი სურვილით წასული ადამიანების მაღალი რაოდენობა (45%) ეჭვს ბადებს მათი გათავისუფლების რეალურ მიზეზებზე, ხოლო კვლევაში მოყვანილი ფაქტების თანახმად, ადამიანები ხშირად იძულებით წერდნენ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას. გიორგი გაბაშვილი მართალია, როდესაც საუბრობს საჯარო სამსახურებში ახალი თანამშრომლობის უკონკურსოდ მიღების ფაქტებზე. აღნიშნული ფაქტები თავის კვლევაში მოყვანილი აქვს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, რომლის მიხედვითაც, ახალი თანამშრომლების მხოლოდ 4% შეირჩა კონკურსის წესით.
რაც შეეხება გიორგი გაბაშვილის განცხადების მეორე ნაწილს, დეპუტატი მართალია გადაჭარბებით აფასებს მიმდინარე პროცესებს, როდესაც ამბობს, რომ შეგნებულად „ნადგურდება“ თვითმმართველობა, თუმცა სტატიაში მოყვანილ კვლევაში საუბარია ადგილობრივ თვითმმართველობებში კონკურსის გარეშე, პარტიული ნიშნით გამგებლებისა თუ თანამშრომელთა გათავისუფლებისა თუ სამსახურში უკანონოდ მიღების ფაქტებზე. აღნიშნული ფაქტები, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ეფექტურ მუშაობასა და მთლიანობაში თვითმართველობის დამოუკიდებლობას. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი უარყოფითად აფასებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებს, რაც საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი გაბაშვილის განცხადება: „Transparency International” საუბრობს, რომ ათასობით ადამიანის, 7 ათასზე მეტი ადამიანის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება მოხდა. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში არსებობს, საუბრობს იმაზე, რომ შეგნებულად, პოლიტიკური მოტივებით ნადგურდება თვითმმართველობა“, არის მეტწილად სიმართლე.