წლის 15 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სპეციალური სამთავრობო სხდომა გამართა. სხდომაზე, საქართველოში რამდენიმედღიანი უამინდობის გამო გამოწვეული სტიქიის შედეგებზე და მისი გადაჭრისათვის საჭირო პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე ისაუბრეს. თათბირს ენერგეტიკის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ესწრებოდნენ.
სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, განაცხადა: „მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა და ჯერ კიდევ არ არსებობს კრიზისების მართვის ცენტრი. აღნიშნული კრიზისების მართვის ცენტრი უახლოს დღეებში შეიქმნება. ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით.“
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, არსებობდა თუ არა დღემდე რაიმე სამთავრობო ორგანო, რომელიც ქვეყანაში კრიზისული სიტუაციების მართვას უწევდა კორდინაციას.
საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, უშიშროების საბჭო სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის შეიქმნა და მას საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, განსაზღვრულია უშიშროების საბჭოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონით.ამ კანონის მესამე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან მისი მუდმივი წევრები: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუდმივი წევრი არაა, მაგრამ სხდომების მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც.
2011 წლის 17 მაისს აღნიშნულ კანონში ცვლილება შევიდა. ცვლილება შეეხო პირველ მუხლს, რომელსაც დაემატა ქ1) ქვეპუნქტი, ასევე დაემატა ი1), ი2) და ი3)ქვეპუნქტები, სადაც ვკითხულობთ, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო კორდინაციას უწევს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. საბჭოს მდივანი კი აკონტროლებს და კოორდინაციას უწევს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვასთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას.
ცვლილებების შედეგად, ორგანული კანონის „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ პირველი მუხლის მეორე პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების, ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე, აგრეთვე, ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად“.
ამჟამად, საკანონმდებლო ორგანოში, უშიშროების საბჭოს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, მუშაობა მიმდინარეობს. აღნიშნული ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილია. ჩვენ მას დავუკავშირდით, რათა გაგვერკვია, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ თუ რა ფუნქციები დარჩება ეროვნულ უშიშროების საბჭოს.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, შესაბამისი ცვლილებების თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციად თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობისათვის ზრუნვა განისაზღვრება. სესიაშვილმა განგვიმარტა, რომ ამ დრომდე საბჭოში მუდმივი წევრების სახით ექვსი მინისტრი შედიოდა, ცვლილებების შემდეგ კი, მხოლოდ სამი მინისტრი იქნება მუდმივი წევრი, სამს კი პრეზიდენტი საჭიროებისამებრ დანიშნავს. აგრეთვე, ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვის გამო, საბჭოს მდივნის უფლებამოსილებაც იზღუდება. აქედან გამომდინარე, საბჭოს მდივანს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციის უფლებამოსილება აღარ ექნება.
ჩვენთან საუბარში ირაკლი სესიაშვილმა ასევე განმარტა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო იყო და რჩება პრეზიდენტის მთავარ მრჩეველ ორგანოდ. თუმცა, მისივე თქმით, კანონში ცვლილებების შესვლამდე, საბჭოს უფლება-მოვალეობას კრიზისული სიტუაციების სტრატეგიული მართვის განხორციელებაც შეადგენს.
რაც შეეხება კრიზისების მართვის ცენტრს, იგი უშუალოდ კრიზისული სიტუაციების აღმოფხვრის ოპერატიული შტაბი იქნება, სადაც სხვადასხვა სამინისტროს ოპერატიული სამსახურები გაერთიანდებიან და კრიზისულ სიტუაციებში ერთიანი ძალებით განახორციელებენ ოპერატიულ სამუშაოებს.
2013წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ნინო შუბლაძის გადაცემა „პოზიციაში“იმყოფებოდა სტუმრად. პრემიერმა განვლილი 2013 წელი შეაჯამა. ინტერვიუს დროს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნის შესახებაც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან უკვე დანიშნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. ეს თანამდებობა კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსმა, მინდია ჯანელიძემ დაიკავა.
აღნიშნული საბჭოს შექმნა მთავრობის 2014 წლის, 6 იანვრის დადგენილების საფუძველზე მოხდა. დადგენილება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონისმე-5 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჩამოყალიბდა.
დოკუმენტის დებულებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შექმნილია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე, ასევე, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
ზემოთაღნიშნულ დოკუმენტში, ასევე, გაწერილია საბჭოს უფლებამოსილება, შემადგენლობა და სხდომების ჩატარების საფუძვლები. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია კრიზისების მართვის ოპერატიული ცენტრის შესახებაც (რომელიც უშუალოდ საბჭოს შემადგენლობაშია) და წარმოდგენილია მისი ფუნქციები.
ახალი საბჭოს ფუნქციების შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილიც საუბრობდა. მისი თქმით, საბჭო ნებისმიერი საფრთხის გამოვლენასა და პრევენციაზე იმუშავებს, როგორც სტრატეგიულ, ასევე ტაქტიკურ დონეზე. ამას გარდა, შეიქმნება კრიზისების მართვის ცენტრი. ეს იქნება მუდმივმოქმედი ოპერატიული შტაბი, რომელშიც წინასწარ იქნება განსაზღვრული, თუ რა ტიპის კრიზისის დროს რომელი უწყება ერთვება კრიზისისა და მისი შედეგების აღმოფხვრის სამუშაოებში.
საუბრის დროს, პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციის პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნის აუცილებლობაც განმარტა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ: „საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ქვეყანა გადავიდა საპარლამენტო მმართველობაზე. არსებული უშიშროების საბჭო რჩება პრეზიდენტის დაქვემდებარებაში, რომლის უფლებებიც შეიზღუდა. ახალი საბჭო კი პრემიერს დაექვემდებარება. არსებული უშიშროების საბჭო იმუშავებს თავდაცვისუნარიანობაზე და ჯარის აღმშენებლობაზე, ის, რაც არის გაწერილი ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ხოლო ჩემს მიერ ნათქვამი საბჭო იქნება საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი. ეს ჩვენი პარტნიორების რეკომენდაცია იყო“.
ჩვენ შევეცადეთ კრიზისების მართვის ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით უფრო სრულყოფილი და დეტალური ინფორმაცია მიგვეღო. ამ მიზნით, კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, კონკრეტული უწყება ან ადამიანი დაესახელებინათ, რომელსაც უშუალოდ კრიზისების მართვის ცენტრის ჩამოყალიბებაზე კოორდინაცია დაევალა, რათა მისგან უფრო კონკრეტულად გაგვეგო, თუ რა სტრუქტურით, ფორმატით და რომელი ქვეყნის მოდელით იმუშავებს კრიზისების მართვის ცენტრი. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, პიროვნება, რომელიც აღნიშნულ თემაზე ინტერვიუს მოგვცემდა, არ მოიძებნა.
დასკვნა
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა. საქართველოში ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მთავარი მაკოორდინებელი ორგანო, სტრატეგიულ დონეზე, ორგანულ კანონში 2011 წლის 17 მაისის შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო გახლდათ.
საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს დაქვემდებარებული ახალი საბჭო შეიქმნა, რომელიც არსებული საბჭოს პარალელურად იმუშავებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით პრემიერი აცხადებს, რომ არსებული საბჭო თავდაცვისუნარიანობაზე იმუშავებს, ხოლო ახალი საბჭო კი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩება თუ როგორ გადაინაწილებს ეს ორი ორგანო ფუნქციებს, ან რა პრინციპული განსხვავება იქნება მათ შორის. აქედან გამომდინარე არსებობს მოსაზრებაც იმის შესახებ, რომ ახალი საკონსულტაციო ორგანოს შექმნით ძველი საბჭოს დუბლირება მოხდება. თუმცა ამ ეტაპზე, მსგავსი მოსაზრების მტკიცებაც შეიძლება ნაადრევი იყოს და დრო აჩვენებს, თუ პრაქტიკაში როგორ შეიძლება იმუშაოს ამ ორმა მსგავსმა ორგანომ.
რაც შეეხება ახალ საბჭოში შემავალ კრიზისების მართვის ცენტრს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი საქართველოში სიახლეა და იგეგმება, რომ ეს სტრუქტურა იყოს მუდმივმოქმედი, ოპერატიული შტაბი, სადაც სხვადასხვა სამინისტროს ოპერატიული სამსახურები შევლენ და წინასწარ იქნება გაწერილი, თუ რა ტიპის კრიზისული მდგომარეობის დროს რომელი უწყება ჩაერთვება კრიზისების აღმოფხვრის ოპერატიულ სამუშაოებში. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროებს აქამდეც ჰყავდათ და ჰყავთ ოპერატიული სამსახურები, მუდმივმოქმედი, ერთიანი, ოპერატიული შტაბი, სადაც ოპერატიული სამსახურების ფუნქციები წინასწარ იქნებოდა გაწერილი, საქართველოში აქამდე არ ყოფილა.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა და ჯერ კიდევ არ არსებობს კრიზისების მართვის ცენტრი. აღნიშნული კრიზისების მართვის ცენტრი უახლოს დღეებში შეიქმნება. ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, არის მეტწილად სიმართლე.