2014

წლის 5 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გააკრიტიკა. დეპუტატმა, რომელიც კონფერენციას თავადაც ესწრებოდა, განაცხადა: „[მიუნხენის კონფერენციაზე] რუმინეთის პრეზიდენტის მიერ დასმულ კითხვაზე და შემდეგ უკვე კომისარ ფულეს მიერ გამარტივებულ კითხვაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო არ დაკმაყოფილდეს ასოცირების ხელშეკრულებით და მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ეს კითხვა ბ-ნმა ღარიბაშვილმა ფაქტობრივად გაატარა... კონფლიქტის მეორე მხარედ დაასახელა არა რუსეთი, ოკუპანტი სახელმწიფო, არამედ აფხაზეთის და ოსეთის რეჟიმები“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა დეპუტატის განცხადების სიზუსტით და ის გადაამოწმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მიმდინარე წლის 1 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და რუსეთთან ურთიერთობებსა და ევროპულ მისწრაფებაზე ისაუბრა. ის, ასევე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო. ღარიბაშვილი სიტყვით კონფერენციის იმ პანელზე

გამოვიდა,  რომლის განსახილველი თემა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა იყო; განხილვისას მთავარი აქცენტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთდა. მომხსენებლებს შორის იყვნენ რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლეონიდ კოჟარა, უკრაინის ოპოზიციური პარტიის „უდარის“ ლიდერი, ვიტალი კლიჩკო, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი და აშშ-ის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ზბიგნევ ბჟეზინსკი. პანელის მოდერატორი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისარი  შტეფან ფულე გახლდათ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე, პანელზე რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ „ბევრად უფრო ძლიერი მიდგომა“ უნდა წარმოაჩინოს, რაც, მისი თქმით, ამ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რომ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივები დაინახონ.

„ევროკავშირში მხოლოდ ასოცირებისთვის მათ ვერ მოიწვევთ“, განაცხადა მან, „ეს [ასოცირება] არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ ოდესმე ევროკავშირში მოხვდებით. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ევროკავშირი ბევრად უფრო მკაფიო და მტკიცე უნდა იყოს ამ ქვეყნებისთვის იმ პერსპექტივის შექმნაში, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები, როდესაც ისინი კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ“.

რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაყინული კონფლიქტების მოგვარება პრიორიტეტად უნდა აქციოს. „ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს, რადგანაც ამ ქვეყნებმა თავადაც იციან, რომ მათ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივა არ გააჩნიათ, სანამ გაყინული კონფლიქტები აქვთ საკუთარ ტერიტორიებზე“, განაცხადა ბასესკუმ.

რუმინეთის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, პანელის მოდერატორმა, ევროკომისარმა შტეფან ფულემ, სიტყვა საქართველოს პრემიერს გადასცა და შეკითხვით მიმართა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს „სინათლე გვირაბის ბოლოს [ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა]“ საქართველოსთვის.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ტექსტის ქართული ოფიციალური თარგმანი

მისმა პრეს-სამსახურმაც გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილმა ვილნიუსის სამიტს ისტორიული მნიშვნელობის უწოდა და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს შესანიშნავ შესაძლებლობებს აძლევს. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოსახლეობაში ევროინტეგრაციის 85%-იან მხარდაჭერაზე და საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. მისი თქმით, ეს საქართველოს ისტორიული არჩევანია, რომელიც საერთო ღირებულებებიდან, კულტურიდან და ისტორიიდან გამომდინარეობს.

თუმცა, მიუხედავად ამ განცხადებისა და საქართველოს ევროპული მისწრაფების ხაზგასმისა, გახდეს ევროკავშირის წევრი, მას არ უსაუბრია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მონაწილე ქვეყნებისთვის წევრების პერსპექტივის მინიჭებაზე, რაზეც აქცენტს რუმინეთის პრეზიდენტი და გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი აკეთებდნენ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:
  • ახალი თაობის ასოცირების შეთანხმების პერსპექტივას;
  • ევროკავშირის ეკონომიკაში ინტეგრაციას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით;
  • ევროკავშირში გამარტივებულ მოგზაურობას, ვიზების თანდათან ლიბერალიზაციის გზით;
  • ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს;
  • გაზრდილ ფინანსურ დახმარებას;
  • გარემოსა და კლიმატის საკითხებში გაღრმავებულ თანამშრომლობას;
  • ადამიანებს შორის გაზრდილ კონტაქტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში უფრო ფართო ჩართულობას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას არ სთავაზობს, თუმცა, მას არც გამორიცხავს. რუმინეთის პრეზიდენტისა და ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებები პარტნიორი ქვეყნების ტრანსფორმაციისთვის სწორედ ამ პერსპექტივის მინიჭების აუცილებლობას ეხებოდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ლისაბონის შეთანხმების

მიხედვით, ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს პატივს სცემს.

ევროკავშირისა და საქართველოს მიერ შეთანხმებული ასოცირების ხელშეკრულების პრეამბულაში საქართველო აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნად მოიხსენიება, რომელსაც კავშირის წევრებთან ისტორიული კავშირი და საერთო ღირებულებები აქვს. უკრაინა და მოლდოვა

ასოცირების შეთანხმებების პრეამბულებში ევროპულ ქვეყნებად არიან მოხსენიებული, რომლებსაც ასევე ევროკავშირთან საერთო ისტორია და ფასეულობები აქვთ.

ამავდროულად, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული 10 თებერვლის განცხადებაში,

კვლავაც გამოხატულია მზაობა, ხელი მოეწეროს უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებას და ნათქვამია, რომ ასოცირების შეთანხმება ევროკავშირისა და უკრაინის თანამშრომლობაში საბოლოო მიზანს არ წარმოადგენს.

ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე საუბრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემით გააგრძელა. მან ისაუბრა როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობაში მიღწეულ პროგრესზე, ასევე, ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობის ფონზე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განხორციელებულ პროვოკაციებზე. სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით კი მან განაცხადა: „რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადას, ჩვენ უარი ვთქვით ბოიკოტირებაზე. ჩვენი ოლიმპიური გუნდი გაემგზავრება სოჭში, ჩვენთვის მეტად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგანაც ჩვენ წინაშე დგას ეს გადაუჭრელი პრობლემები, კონფლიქტი ჩვენს ძმებთან, აფხაზებსა და ოსებთან“.

აქვე უნდა ითქვას, რომ დისკუსიის დასასრულს, მისი შეჯამებისას, ევროკომისარი ფულე კიდევ ერთხელ შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას. მისი თქმით, თუკი ევროკავშირს ნამდვილად სურს ევროპის ამ ნაწილისთვის ტრანსფორმაციაში დახმარება, ასოცირების შეთანხმება მხოლოდ პირველი ნაბიჯია, შემდეგი კი „გვირაბის ბოლოს სინათლე“ უნდა იყოს.

დასკვნა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე, რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ ისაუბრა. მან ევროკავშირის მხრიდან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მიმართ  მეტი ყურადღების საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი. ბასესკუს თქმით, მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულება ამ ქვეყნების დასახმარებლად საკმარისი არაა და აუცილებელია მათთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მიცემა.

რუმინეთის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ევროკომისარმა ფულემ ირაკლი ღარიბაშვილს შეკითხვით მიმართა, რამდენად მნიშვნელოვანია „სინათლე გვირაბის ბოლოს“ საქართველოსთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და საქართველოს ევროპულ არჩევანზე ისაუბრა, ისევე როგორც საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. თუმცა კონკრეტულად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებისთვის წევრობის პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე დასმულ კითხვაზე მას პირდაპირი პასუხი არ გაუცია. ეს განსაკუთრებით ცხადად გამოჩნდა სხვა გამომსვლელების, კერძოდ ტრაიან ბასესკუს და შტეფან ფულეს განცხადებების ფონზე, რომლებმაც პირდაპირ ისაუბრეს იმაზე, რომ მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულება არ არის საკმარისი და ამ ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნებისთვის კიდევ უფრო მეტი გარანტიები და პერსპექტივები უნდა არსებობდეს. დღევანდელი მდგომარეობით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას არ ითვალისწინებს, თუმცა მას არც გამორიცხავს.

რუსეთთან ურთიერთობასა და სოჭის ოლიმპიადაზე საუბრისას კი ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა: „ჩვენი ოლიმპიური გუნდი გაემგზავრება სოჭში, ჩვენთვის მეტად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგანაც ჩვენ წინაშე დგას ეს გადაუჭრელი პრობლემები, კონფლიქტი ჩვენს ძმებთან, აფხაზებსა და ოსებთან.“

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადება: „[მიუნხენის კონფერენციაზე] რუმინეთის პრეზიდენტის მიერ დასმულ კითხვაზე და შემდეგ უკვე კომისარ ფულეს მიერ გამარტივებულ კითხვაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო არ დაკმაყოფილდეს ასოცირების ხელშეკრულებით და მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ეს კითხვა ბ-ნმა ღარიბაშვილმა ფაქტობრივად გაატარა... კონფლიქტის მეორე მხარედ დაასახელა არა რუსეთი, ოკუპანტი სახელმწიფო, არამედ აფხაზეთის და ოსეთის რეჟიმები“, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია