იტვირთება

2013

წლის 27 დეკემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ 2013 წელს გატარებულ სასოფლო-სამეურნეო პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, „710 ათასმა ბენეფიციარმა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში,  დაახლოებით 200 მლნ ლარის დახმარება მიიღო. ამას გარდა, 7 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ფერმერმა დაახლოებით 205 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი სესხები მიიღო... დამუშავდა 200 ათასი ჰექტარი მიწა“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას 2013 წლის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, საერთო ჯამში, 8052 ბენეფიციარზე გაცემულია 220 მლნ ლარის ოდენობის კრედიტი. მათ შორის, დაფინანსდა 53 ახალი საწარმო[1]. საწარმოების დაფინანსების შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გავარკვიეთ, რომ თავდაპირველად „ქართული ოცნების“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის დაპირება

მსხვილ საწარმოებს (ქარხნებს) ეხებოდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ ასეთი სახის ქარხნები საქართველოს თითოეულ რეგიონში, ერთი მაინც უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, ქარხნების მშენებლობის დაფინანსების შესახებ დაპირება შეიცვალა და ზოგადად საწარმოების (როგორც მსხვილი, ასევე მცირე საწარმოები) დაფინანსების დაპირებად გადაიქცა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საწარმოები მართლაც დაფინანსდნენ, თუმცა  ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაცით, დაფინანსებულ საწარმოთა უმრავლესობა მცირე და საშუალო საწარმოების ტიპს განეკუთვნება. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უკვე გახსნილ საწარმოთაგან მხოლოდ ერთში დასაქმდა 70 ადამიანი [ისიც ციტრუსის ჩაბარების სეზონზე], დანარჩენებში დასაქმებულთა მაქსიმალური რაოდენობა 40 კაცია.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის  თანახმად,

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ 2013 წელს შემდეგ კომპონენტებს მოიცავდა:

  1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისათვის - უპროცენტო განვადება 6-თვიან პერიოდზე მოქმედებს. მაქსიმალური თანხა 5 000 ლარს შეადგენს;
  2. შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისათვის - 100 000-ლარიანი სესხები გაიცემა არაუმეტეს 8%-იანი განაკვეთით;
  3. შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისათვის - არაუმეტეს 3%-იანი სესხის მინიმალური თანხა 30 000 აშშ. დოლარს შეადგენს, მაქსიმალური კი - 600 000 დოლარს და გაიცემა არაუმეტეს 84 თვით;
  4. შეღავათიანი აგროლიზინგი - მანქანა-დანადგარების დაფინანსება სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოებისთვის. მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთია 3%, მაქსიმალური თანხა - 600 000 აშშ. დოლარი, ვადა კი - 84 თვე;
  5. შეღავათიანი აგროკრედიტი ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის - შეღავათიანი სესხი მეღვინეობა-მევენახეობის სექტორისთვის მხოლოდ ყურძნის შესასყიდად;
  6. შეღავათიანი აგროკრედიტი ციტრუსის ექსპორტიორი და გადამამუშავებელი კომპანიებისათვის - სესხის მაქსიმალური თანხა 10 მლნ ლარს შეადგენს და მაქსიმუმ 4 თვით გაიცემა.
2014

წლიდან პროექტს ახალი კომპონენტი ემატება, რომელიც მიზნად დაბალი ეკონომიკური აქტივობის რეგიონებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის მხარდაჭერას ისახავს. სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა, თანხა - 500 000 აშშ. დოლარი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი -  14%, საიდანაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 12%-ს დაფარავს.

ჩვენ „იაფი აგროკრედიტის პროექტის“ შესახებ ექსპერტთა შეფასებებითაც დავინტერესდით. „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ანგარიშის:

„სოფლის მეურნეობა: გამოწვევები და მიმდინარე პოლიტიკა“ თანახმად, დღეისათვის არც საბანკო სექტორი და არც ფერმერები აგრარულ სექტორში ფინანსური ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენებისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. ანგარიშის თანახმად, პროგრამის ეფექტურად წარმართვისათვის დარგის სპეციალისტების მონაწილეობით ცალკეული პროექტების რისკების შეფასებაა საჭირო, ასევე საჭიროა “Startup” პროექტების დაფინანსების პირობების განსაზღვრაც. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროგრამის ეფექტურობის მონიტორინგი არ განხორციელებულა.

ჩვენ ასევე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ის ნაწილი გადავამოწმეთ, სადაც პრემიერ-მინისტრი 200 ათასი ჰა. მიწის დამუშავებაზე საუბრობს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ამავე ანგარიშის თანახმად, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში,  207,3 ათასი ჰა მიწის  ფართობი დამუშავდა. პროექტის ფარგლებში 710 ათასმა ბენეფიციარმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების სახით 195,5 მლნ ლარის ღირებულების პირდაპირი დახმარება მიიღო. მიწის ნაკვეთების უსასყიდლო დამუშავების გარდა, ნომინალური ბარათებით მცირემიწიანმა ფერმერებმა მიიღეს სასუქი, პესტიციდი, სათესლე მასალა, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, ვეტერინარული პრეპარატები და სხვ.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ექსპერტთა პოზიციის თანახმად, პროექტის ფარგლებში დამუშავებული მიწების დიდი ნაწილი ნასვენი/ყამირი მიწების კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც, პირველ ეტაპზე აგრარული პროდუქციის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი. თუმცა, აღნიშნულ ზრდას მდგრადი ეფექტი ვერ ექნება, ვინაიდან ნასვენი მიწების ნაყოფიერება, სავარაუდოდ მხოლოდ რამდენიმე წელს გასტანს.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ანგარიშში, პროექტის სხვა უარყოფით მხარეებზეცაა ყურადღება გამახვილებული. „ზოგადად, ამგვარი ტიპის პროგრამები ეფექტიანად ვერ ხორციელდება და ვერც წარმოების განვითარების გრძელვადიან წანამძღვრებს ქმნის. ამის მიზეზი, ჩვენი აზრით, ბენეფიციართა მიერ უპირობოდ მიღებული მხარდაჭერაა, რაც კონკურენციას აუარესებს და შესაძლოა სტიმული დაუკარგოს წარმატებულ ფერმერებს... ჩვენი აზრით, მომავალში ამგვარი პროგრამების განხორციელება უნდა შეწყდეს და ბენეფიციარების საჭიროების ზოგადსათმავრობო სოციალური პოლიტიკის ჭრილში უნდა დაკმაყოფილდეს“ - აღნიშნულია ანგარიშში.

სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული პროექტები სხვადასხვა ხარვეზებითაც მიმდინარეობდა. „მცირემიწიან ფემერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტზე“,  მისი მიმდინარეობის დროს გამოვლენილ ფინანსურ დარღვევებსა და ვაუჩერების დარიგებისას არსებულ ცდომილებებზე

ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

დასკვნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, 8 ათასზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 220 მლნ ლარის ოდენობის კრედიტი. „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში კი 207,3 ათასი ჰა. მიწის ფართობია დამუშავებული.

სოფლის მეურნეობის ექსპერტების ნაწილი საუბრობს, რომ როგორც იაფი აგროკრედიტის, ისე საგაზაფხულო პროგრამები მეტწილად სოციალურ ხასიათს ატარებს, კონკურენციას აუარესებს და ამდენად, გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტიანად ვერ განხორციელდება. ამასთან, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ექსპერტების მტკიცებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროგრამის ეფექტურობის მონიტორინგი არ ხორციელდება. მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში მთავრობის პოლიტიკის შედეგების შეფასება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან საბოლოო შედეგები არ არსებობს.

ფაქტ-მეტრი მომავალში კვლავაც შეეცდება სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული ან მიმდინარე სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის შედეგების შესწავლას. ამ დროისთვის არსებული ფაქტების, ასევე პროგრამის განხორციელების პროცესში გამოვლენილი სხვადასხვა სახის პრობლემების გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „710 ათასმა ბენეფიციარმა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში,  დაახლოებით 200 მლნ ლარის დახმარება მიიღო. ამას გარდა, 7 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ფერმერმა დაახლოებით 205 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი სესხები მიიღო... დამუშავდა 200 ათასი ჰექტარი მიწა“ , არის მეტწილად სიმართლე.


[1]

„საქსტატის“ განმარტებით, საწარმო არის ეკონომიკური ერთეული, რომელიც აწარმოებს საქონელს ან ეწევა მომსახურებას, ახორციელებს ერთ ან რამდენიმე საქმიანობის სახეს. საწარმო შეიძლება იყოს ინდივიდუალური (ფიზიკური) ან იურიდიული პირი. საწარმოები ზომების მიხედვით შემდეგნაირად იყოფა: მსხვილი, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 100  კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვა 1,5 მლნ ლარზე მეტია. საშუალოა ისეთი საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა წლიური რაოდენობა 20-დან 100 კაცამდე მერყეობს, ხოლო წლიური ბრუნვის მოცულობა 0,5 მლნ-დან 1,5 მლნ-მდეა. მცირე საწარმოთა ჯგუფს მიეკუთვნება ორგანიზაცია, რომელშიც დასაქმებულთა წლიური საშუალო რაოდენობა არ აღემატება 20 დასაქმებულს, საშუალო წლიური ბრუნვა კი - 0,5 მლნ ლარს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2857 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი