წლის 11 დეკემბერს პარლამენტში საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილეს. სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ 2014 წლის ბიუჯეტში 7%-ია გამოყოფილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასაფინანსებლად, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. დეპუტატის ამ განცხადებას ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური გამოეხმაურა: „განათლებაზე და მეცნიერებაზე ჩვენ ბიუჯეტის 7%-ს ვხარჯავთ. ამ მხრივ შეზღუდვა გვაქვს – საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, გადასახადებს ვერ გავზრდით და არც ვაპირებთ. შესაბამისად, შეზღუდული ვართ ხარჯებშიც. კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს“.
ფაქტ-მეტრმა ფინანსთა მინისტრის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 9105.0 მლნ ლარია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასაფინანსებლად 754.3 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც წლიური ბიუჯეტის 8%-ს შეადგენს. 2013 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების სფეროზე 2014 წლის ბიუჯეტიდან 84.3 მლნ ლარით მეტია გამოყოფილი.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში, ასევე შეგვიძლია ვნახოთ, თუ რა თანხით ფინანსდებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გასულ წლებში.
როგორც ვხედავთ, 2009-2014 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სამინისტროს დაფინანსება 7-8 %-მდე მერყეობს.
რაც შეეხება გადასახადების შემოღებას, საქართველოს კონსტიტუციისმიხედვით, ახალი საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღება (გარდა აქციზისა), ან არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი (გარდა ორგანული კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა). რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება კი მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს.
2011 წელს პარლამენტმა მიიღო „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ორგანული კანონი, რომელიც 2013 წლის 31 დეკემბერს შევიდა ძალაში. აღნიშნული კანონი აზუსტებს კონსტიტუციის 94-ე მუხლით განსაზღვრულ ნორმებს და საქართველოს მოქალაქეების გადასახადების დადგენაში მონაწილეობას განსაზღვრავს. საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, თუ ეს არსებული გადასახადის ალტერნატივაა და არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. ამავდროულად, აღნიშნული კანონის პირველი მუხლი მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას რეფერენდუმის ჩატარების გარეშე (განსაკუთრებულ შემთხვევებში) მოითხოვოს გადასახადის დროებით გაზრდა არა უმეტეს 3 წლის ვადით.
ამასთან, საქართველოს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრებს ადგენს. აღნიშნული პარამეტრების დაცვა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან და სტაბილურ ზრდას. კანონმდებლობის მიხედვით, „ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს“ (მუხლი 1). აღნიშნული პარამეტრები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. მისი განსაზღვრა სხვადასხვა მეთოდებთან და მიზნებთან არის დაკავშირებული.
საქართველოს 2014 წლის საბიუჯეტო პროგნოზის მიხედვით, 2014 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები მშპ-ს-თან მიმართებაში 26.9%-ს მიაღწევს. ეს კი „ეკონომიკური თავისუფლების აქტით“ დაწესებულ პარამეტრებში ჯდება.
დასკვნა 2014
წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის 8 %-ს შეადგენს, რაც 1%-ით მეტია ნოდარ ხადურის მიერ განცხადებაში დასახელებულ 7%-ზე.
2011წლის საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი. სახელმწიფოს ნამდვილად აქვს გადასახადის გაზრდის ან ახალი სახის გადასახადის შემოღების შეზღუდვა. მიუხედავად ამისა, ორგანული კანონი მთავრობას უფლებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, 3 წლამდე ვადით გაზარდოს გადასახადები.
საქართველოს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ მაკროეკონომიკურ სტანდარტებს განსაზღვრავს, რომლის მიხედვით ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 30 %-ზე მეტი არ უნდა იყოს, რაც თანხვედრაში მოდის მინისტრის განცხადებასთან. 2014 წლის საბიუჯეტო პროგნოზის მიხედვით, 2014 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები მშპ-ს-თან მიმართებაში 26.9%-ს მიაღწევს.
ჩვენ ვასკვნით, რომ ნოდარ ხადურის განცხადება: „განათლებაზე და მეცნიერებაზე ჩვენ ბიუჯეტის 7%-ს ვხარჯავთ. ამ მხრივ შეზღუდვა გვაქვს - საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად გადასახადებს ვერ გავზრდით და არც ვაპირებთ. შესაბამისად, შეზღუდული ვართ ხარჯებშიც. კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს“, არის სიმართლე.