წლის 16 იანვარს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპის პროგნოზების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2014 წელს 6.3% იქნება და ამ მონაცემებით ის რეგიონში ერთ-ერთ ლიდერ პოციზიაზე რჩება.
ფაქტ-მეტრი მსოფლიო ბანკის პროგნოზით დაინტერესდა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.
მსოფლიო ბანკი წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივნისში, შესაბამის ანგარიშს (“Global Economic Prospects“) აქვეყნებს. ანგარიშის მთავარი მიზანიამსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტენდენციის ახსნა და განვითარებად ქვეყნებზე მათი შედეგების გავლენის დადგენა. ანგარიში ასევე შეიცავს მსოფლიო ეკონომიკის, ცალკეული განვითარებადი ქვეყნებისა და რეგიონების სამწლიან პროგნოზს.
2014 წლის იანვარში მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „Global Economic Prospects”-ის ანგარიშში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეთავშიმოყვანილია 2014 წლის ეკონომიკური პროგნოზი, რეგიონის დაბალ და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისთვის (გვ.57-58). პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2014 წლისათვის 6.3 პროცენტით არის განსაზღვრული და 21 ქვეყანას შორის მშპ-ს ზრდის პროგნოზის მიხედვით მეოთხე ადგილზეა. რეგიონში პირველ ადგილზეა თურქმენეთი, რომლის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 10.7 პროცენტია, უზბეკეთი - 7.0% და ყირგიზეთი - 6.5%.
ფაქტ-მეტრმა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, მსოფლიო ბანკის მიერ 2010 წლიდან გამოქვეყნებულ ანგარიშებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზები გადაამოწმა.
იანვრის პროგნოზი | მშპ-ს რეალური ზრდა–მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით | |
2010 | 2.0% | 6.3% |
2011 | 4.0% | 7.0% |
2012 | 5.0% | 6.0% |
2013 | 5.1% | 2.5% |
გასულს წელს ეკონომიკის ზრდის ტემპმა, საშუალოდ 3,1% შეადგინა.
დასკვნა მსოფლიო ბანკის მიერ, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დაბალ და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისთვის შედგენილი პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2014 წლისათვის 6.3 პროცენტით არის განსაზღვრული და 21 ქვეყანას შორის მშპ-ს ზრდის პროგნოზის მიხედვით მეოთხე ადგილზეა. შესაბამისად, პრემიერ–მინისტრის განცხადება: „გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ამ წელს იქნება 6.3%. ჩვენ გათვლა გავაკეთეთ 5%-ზე... რეგიონში არსებულ 21 ქვეყანას შორის საქართველო ეკონომიკური ზრდით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე რჩება. ის მხოლოდ ჩამოუვარდება თურქმენეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს“, არის სიმართლე.