წლის 23 იანვარს, საქართველოს პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, მომხსენებლისადმი მიმართვისას განაცხადა: „ჩვენ გვაქვს 63 მუნიციპალიტეტი და მხოლოდ 4 მუნიციპალიტეტშია საკრებულოს სხდომათა დარბაზი“. მისივე თქმით, ყველა სხვა შემთხვევაში, სხდომათა დარბაზად საკრებულოს თავმჯდომარის დარბაზია გამოყენებული. ამიტომ, მისი თქმით, სჯობდა თვითმმართველობის რეფორმისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, თანხა სხდომათა დარბაზების მოსაწყობად და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეების ჩართულობა და საკრებულოს სხდომებზე დასწრება შეუძლებელი იქნება.
ზაქარია ქუცნაშვილის ამ განცხადებას კანონპროექტზე მთავარი მომხსენებელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია საკრებულოს რომელიმე თავმჯდომარეს საკრებულოს სხდომების ჩატარება მის კაბინეტში უფრო კომფორტულად მიაჩნია, მაგრამ, ძირითადად, დღევანდელ ე.წ. რაიონულ ცენტრებში, საბჭოთა რაიკომის შენობებია შემორჩენილი, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას, ასეთი დარბაზი გააჩნია. ეს დარბაზი ზოგან შესაძლოა სავალალო მდგომარეობაში იყოს, ზოგან ფუნქციონირებდეს, მაგრამ შენობების უმრავლესობაში, ასეთი დარბაზები არსებობს. თენგიზ შერგელაშვილმა განმარტა, რომ რამდენიმე ათეულ მათგანში თავად არის ნამყოფი და ეს დარბაზები საკუთარი თვალით აქვს ნანახი.
ფაქტ-მეტრი საქართველოს მუნიციპალიტეტებში საკრებულოების სხდომათა დარბაზების მდგომარეობით დაინტერესდა და საკითხის შესწავლა გადაწყვიტა. ინფორმაცია უშუალოდ მუნიციპალიტეტებთან სატელეფონო ზარების მეშვეობით გადავამოწმეთ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში“, ცვლილებების შეტანამდე, საქართველოში სულ 60 რაიონული მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი ფიქსირდებოდა, რომლებიც რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
თვითმმართველი ქალაქები: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის“ თანახმად, 2006 წლიდან თვითმმართველი ქალაქების სტატუსი მინიჭებული აქვთ შემდეგ ქალაქებს: ბათუმი, თბილისი, რუსთავი, ფოთი და ქუთაისი. 2014 წელს კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ კი აღნიშნული სტატუსი კიდევ 6 ქალაქს მიენიჭა. ესენია: თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, მცხეთა და ახალციხე.რაც შეეხება საკრებულოს სხდომათა დარბაზებს, ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გავარკვიეთ, რომ:
- 43 მუნიციპალიტეტს საკრებულოს სხდომების ჩასატარებლად შესაბამისი დარბაზი აქვს;
- ამბროლაურში, ჩხორუწყუში, ახალციხესა და ხულოში საკრებულო და გამგეობა ერთ შენობაშია განთავსებული, საერთო სხდომათა დარბაზი აქვთ და საკრებულოს სხდომებიც იქ იმართება;
- ახალგორის მუნიციპალიტეტს, რომელიც დროებით წეროვანში დევნილთა ჩასახლების ადგილას არის განთავსებული, საკრებულოს სხდომათა დარბაზი აქვს, რომელიც ინფრასტრუქტურულად შესაბამისად მოწყობილი არ არის, მაგრამ იქ სხდომები მაინც ტარდება;
- ასპინძაში, ლაგოდეხში, სიღნაღსა და ხარაგაულში დარბაზი არის, მაგრამ მოუწყობელია და საკრებულოს სხდომები საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში ტარდება.
საქართველოს მუნიციპალიტეტებში სხდომათა დარბაზების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად უშუალოდ მუნიციპალიტეტებს დავუკავშირდით. შედეგად, გაირკვა, რომ: 43 მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთარი სხდომათა დარბაზი გააჩნია; 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას საზიარო სხდომათა დარბაზები აქვთ; ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი შესაბამისად მოწყობილი არ არის, თუმცა სხდომები ტარდება; 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი არ გააჩნიათ და სხდომები საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ 13 მუნიციპალიტეტთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, დასკვნის გამოტანა არსებულ შედეგებზე დაყრდნობითაც არის შესაძლებელი.
მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება: „ჩვენ გვაქვს 63 მუნიციპალიტეტი და მხოლოდ 4 მუნიციპალიტეტშია საკრებულოს სხდომათა დარბაზი“, არის მცდარი.