წლის 15 იანვარს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც მან განაცხადა: „იმედისმომცემია 2013 წელს ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა, ეს არის დაახლოებით 5,300000 კაცი, რაც 21,2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს საქართველოს 5,365,356 ვიზიტორი ეწვია, 2012 წელს კი ეს რიცხვი 4,428,221 იყო. ვიზიტორთა რიცხვი 2013 წელს 937,135-ით, ანუ დაახლოებით 21.2%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა უმრავლესობა სახმელეთო ტრანსპორტით (რკინიგზის გარდა) შემოვიდა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 4,673,663 იყო, ხოლო 2012 წელს კი 3,873,032. რაც შეეხება საჰაერო ტრანსპორტს, 2013 წელს საქართველოში 584,888 ვიზიტორი ჩამოვიდა, ხოლო 2012 წელს - 429,364.
ბოლო წლებში ვიზიტორთა რაოდენობა ყოველ წელიწადს მაღალი ტემპით იზრდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო ოთხი წელიწადი. 2010 წელს ქვეყანაში 531 ათასით მეტი ადამიანი შემოვიდა, ვიდრე 2009 წელს. 2011 წელს ვიზიტორთა რიცხვი დაახლოებით 790 ათასით გაიზარდა, ხოლო 2012 წელს კი - დაახლოებით 1,605 ათასით. 2013 წელს ვიზიტორთა რიცხვი დაახლოებით 937 ათასით გაიზარდა და 5.3 მლნ კაცი შეადგინა.
მართალია 2013 წელს ვიზიტორთა რაოდენობის პროცენტული ზრდა შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე 2010-2012 წლებში, მაგრამ რაოდენობრივ მაჩვენებელში ზრდამ 937 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2010, 2011 წლების ზრდაზე მეტია და შესაბამისად კარგი მაჩვენებელია.
დასკვნა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს საქართველოს 5,365,356 ვიზიტორი ეწვია, ვიზიტორთა რიცხვი დაახლოებით 937,135-ით გაიზარდა, პროცენტულმა ზრდამ კი 21.2% შეადგინა, რაც თანხვედრაშია პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სწორედ რომ რაოდენობრივი ზრდის და არა პროცენტული ზრდის მაჩვენებელია, რადგან პროცენტულმა ზრდამ შეიძლება არა თუ არ მოიმატოს, არამედ მოიკლოს კიდეც. მაგალითად, თუ მომავალში ვიზიტორთა რაოდენობა მუდამ 900 000-ით გაიზრდება, ზრდის ეს მაჩვენებელი პროცენტულად სულ უფრო და უფრო მცირე იქნება ვიზიტორთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდის ფონზე.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: “იმედისმომცემია 2013 წელს ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა, ეს არის დაახლოებით 5,300000 კაცი, რაც 21,2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს“, არის სიმართლე.