წლის 19 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა: „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფება შსს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოფიცერი, ვინმე ციბაძე, რომელიც დაკავებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების შანტაჟით. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ბორდმა და არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“.
ფაქტ-მეტრი გიორგი კანდელაკის აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, მუშაობს თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელში შსს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოფიცერი ციბაძე, ჰქონდა თუ არა მისგან ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების მიმართ შანტაჟს და გაკეთდა თუ არა ამის თაობაზე განცხადებები თავად ბორდის წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
2013 წლის 6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ემზარ გოგუაძემ განაცხადა: „ბორდის სხდომის გახსნისთანავე კამერების წინ გავაკეთე განცხადება, თუ როგორ დამხვდა ჩემს კაბინეტში ე.წ „ოდეერი“ (შენიშვნა: ОДР - офицер действующего резерва). ასეთი პოზიცია შემოღებული იქნა საბჭოთა სუკ-ის (КГБ) მიერ 1960-იანი წლების ბოლოდან, როდესაც უშიშროების ოფიცრები პარალელურად მუშაობდნენ სამინისტროებში, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში და ა.შ.), რომელიც თავისი უფროსების სახელით შემპირდა ყველაფერს, მათ შორის მინისტრობას, მომავალი ბორდის თავმჯდომარეობას, ოღონდ მე გადაწყვეტილება შემეცვალა. ისიც არ ვიცი, საიდან იცოდა მან ჩემი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ. ეს „ოდეერი“ გახლავთ ირაკლი ციბაძე, რომელსაც არ ვიცოდი თუ ამ უწყებაში ეს ფუნქციაც ჰქონდა“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი მელაძემ განაცხადა:„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა პირდაპირი ზეწოლა განხორციელდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეზე, რომელსაც თანამდებობას სთავაზობენ, იმის სანაცვლოდ, რომ მორჩილი თანამშრომელი იყოს“.
მედია-პორტალ Media.ge-ის ინფორმაციით, როგორც მას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აცნობა, ირაკლი ციბაძეს, უშიშროების საკითხებში გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობა 2013 წლის 21 მარტიდან უკავია. ამავეს ადასტურებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის კომენტარი. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშში -„მედიაგარემო 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, ვკითხულობთ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში, ასევე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. მსგავსი პრაქტიკა საქართველოში წლების მანძილზე არსებობდა“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მოგვიანებით ასევე განაცხადა: „ანგარიშში საუბარი იყო ე.წ. „ოდეერების” ინსტიტუტზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან მოქმედებდა. აღნიშნულ ინსტიტუტს იყენებდა როგორც შევარდნაძის, ასევე ვარდების რევოლუციის შემდგომი მთავრობა. ანგარიშში ასევე საუბარი იყო იმ ფაქტზე, რომ ხელისუფლებამ არ გამოიძია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების განცხადებები მათზე განხორცილებულ ზეწოლასთან დაკავშირებით“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, 2013 წლის 17 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნული ინსტიტუტის არსებობა დაადასტურა, კერძოდ მან აღნიშნა:„ჩვენ ვცდილობთ ამაზე უარი ვთქვათ და ალბათ უახლოეს დროში მოვახერხებთ და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს ასე არ უნდა იყოს“.
ვებ-გვედრი Media.ge 22 ნოემბერს ასევე წერდა,რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ირაკლი ციბაძის შესახებ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს. მათ შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს 2013 წლის 9 სექტემბერს მიმართეს. ხოლო, 17 ოქტომბერს კი შსს-ს ადმინისტრაციული საჩივრითაც მიმართეს და ირაკლი ციბაძის შესახებ საჯარო ინფორმაცია მოითხოვეს. Media.ge-ს ინფორმაციით, „შსს-მ გამოცემის მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით გაგზავნილი ორივე განცხადება უპასუხოდ დატოვა“.
2013 წლის 24 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადების საპასუხოდ, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა,რომ ეს ინფორმაცია [საზოგადოებრივ მაუწყებელში შსს-ს წარმომადგენლის მუშაობის შესახებ] სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადების თანახმად: „თუ ორგანიზაციას აქვს კონკრეტული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია, დაასახელოს კონკრეტული პირები. ჩვენ დაუყონებლივ შევისწავლით საკითხს და მოვახდენთ რეგირებას. ის პირი, რომელზეც გოგუაძე საუბრობს [ციბაძე], ჩვენი თანამშრომელი არ არის".
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, დიანა ჩაჩუამ ფაქტ-მეტრთან მიმდინარე წლის 13 იანვარს საუბრისას განაცხადა, რომ შსს ნინო გიორგობიანის განცხადებას წერილობით არ ადასტურებს და არც ორგანიზაციის წერილს პასუხობს იმის თაობაზე, მუშაობს თუ არა ირაკლი ციბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ფაქტ-მეტრმა რამდენჯერმე სცადა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელ ირაკლი ციბაძესთან დაკავშირება. აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის მრჩეველთან დაკავშირების თხოვნაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მდივანთან გადაგვამისამართეს, ვისგანაც რამდენიმე დღის განმავლობაში ვიღებდით შემდეგი ტიპის პასუხებს: „ახლა ყველა თათბირზეა“, „მითხარით და მე გადავცემ“, „იგი ქალაქიდან არის გასული“, „წერილობით მოგვმართეთ და დირექტორი გადაწყვეტს, გიპასუხოთ თუ არა“, „მისი ტელეფონის ნომერი მე არა მაქვს“, „საჯარო ინფორმაცია თქვენით უნდა მოიპოვოთ“ და ა.შ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის მიერ პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ემზარ გოგუაძემ კვლავ ისაუბრა. მისი განცხადებით:„ირაკლი ციბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დატოვოს. მისი თანამდებობაცა და ფუნქციაც ტელევიზიაში სრულიად გაურკვეველია. არ შეიძლება და ეს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაცაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ტელევიზიაში მუშაობდეს. ამით მედიის თავისუფლება იზღუდება“.
დასკვნადეპუტატი გიორგი კანდელაკი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების კომენტარებს ეყრდნობა. ფაქტ-მეტრმა დაადგინა, რომ ბორდის წევრები აღნიშნულ ფაქტებს ადასტურებენ, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მართლაც საუბრობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდზე განხორციელებულ ზეწოლაზე. „ოდეერების“ სხვადასხვა უწყებებში არსებობა ფაქტობრივად დაადასტურა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმაც.
ამასთან ფაქტ-მეტრი აცნობიერებს, რომ იმის დადგენა, მართლაც არის თუ არა ირაკლი ციბაძე უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, ფორმალური თვალსაზრისით შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში არსებული ფაქტები თავად საუბრობენ ყველაფერზე.
ფაქტია, რომ ირაკლი ციბაძეს მართლაც უკავია 2013 წლის 31 მარტიდან მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლის პოზიცია. ფაქტია ისიც, რომ ამ პიროვნების მხრიდან მათზე ზეწოლის განხორციელების შესახებ დეტალურად საუბრობენ თავად სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ხოლო საბჭოს თავმჯდომარე პირდაპირ მოიხსენიებს ამ პიროვნებას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, გაუგებარს უწოდებს მის ფუნქციას ტელევიზიაში და მოითხოვს მის მიერ მაუწყებლის დატოვებას და თავისუფალ მედიაზე ზეწოლის შეწყვეტას. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტობრივი დუმილი. მართალია, ნინო გიორგობიანმა, შსს-ს პრესსპიკერმა, ერთხელ ზეპირად განაცხადა, რომ ეს ადამიანი არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მაგრამ სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს წერილობით არ ადასტურებს. ასევე, უცნაურად მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ სამინისტროს არ აღუძრავს საქმე მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების განცხადებებზე, მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, ისევე როგორც, რეაგირების გარეშე დატოვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშიც, რომელიც ასევე მიუთითებს საზოგადოებრივ მაუწყებელში უშიშროების თანამშრომლის, ირაკლი ციბაძის მუშაობაზე. გარდა ამისა, ვითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მანკიერი ინსტიტუტის არსებობა, რომელიც საბჭოთა კავშირის გადმონაშთს და ანაქრონიზმს წარმოადგენს, საზოგადოებისთვის არც აქამდე წარმოადგენდა საიდუმლოს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღნიშნული საქმის უშუალოდ მონაწილე კომპეტენტურ პირთა კომენტარებისა და განცხადებების, სტატიაში ხსენებულ ყველა სხვა ფაქტისა და ქვეყანაში უკვე წლების განმავლობაში არსებული მანკიერი ტრადიციის გათვალისწინებით, ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი კანდელაკის განცხადება: „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფება შსს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოფიცერი, ვინმე ციბაძე, რომელიც დაკავებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების შანტაჟით. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ბორდმა და არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, არის მეტწილად სიმართლე.