2013 წლის 20 ნოემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ვახტანგ ლემონჯავამ, განაცხადა: „9 თვის შემდეგ 57%-იანი დაფინანსება არის საქონელსა და მომსახურებაში, როცა მთლიანად 73% არის დაფინანსებული. ეს არის ფაქტიურად სეკვესტრი, უბრალოდ გაურბიხართ ფრაზის -„სეკვეტრის“ დაფიქსირებას და გარდამავალ პროექტებში გადაგაქვთ თანხები, ფაქტიურად, ასე 700 მილიონი არის დანაკლისი“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რამდენად ზუსტად ასახავდა ეს განცხადება არსებულ რეალობას.
ვინაიდან განცხადების გაკეთების დროს, ბიუჯეტის შესრულების მხოლოდ სამი კვარტლის მონაცემები იყო ცნობილი, შესაბამისად განცხადების სისწორეც აღნიშულ მონაცემებზე დაყრდნობით გადავამოწმეთ.
ინფორმაციისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ საქონლისა და მომსახურების მუხლი მოიცავს: ოფისის, მივლინების, ტრანსპორტის, წარმომადგენლობით, სამხედრო ტექნიკისა და სხვა ხარჯებს. 2013 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, აღნიშნული მუხლის დასაფინანსებლად 854,7 მლნ ლარი იყო განსაზღვრული, სამი კვარტლის საკასო შესრულებისმიხედვით კი - 489,4 მლნ ლარი დაიხარჯა. შესაბამისად, როგორც ცხრილი 1-დან ვხედავთ, 3 კვარტლის ხარჯვითი ნაწილის გეგმა (საქონლისა და მომსახურების მუხლი) მხოლოდ 57%-ით შესრულდა. ეს მონაცემი სწორედ ის რიცხვია, რაც დეპუტატმა თავის განცხადებაში დაასახელა და რაც სამი კვარტლისთვის დაბალი მაჩვენებელია.
ცხრილი 1: ხარჯების (3 კვარტლის) საკასო შესრულების მაჩვენებლები
დეპუტატი ასევე „მთლიანი დაფინანსების“ შესახებ საუბრობს, რაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მთლიან დაფინანსებას გულისხმობს. 2013 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ხარჯვითი ნაწილი 7,248 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, სამი კვარტლის საკასო შესრულებამ კი 4,385 მლნ ლარი შეადგინა. ეს მონაცემი გეგმიური მაჩვენებლის მხოლოდ 60%-ია, რაც ნაკლებია განცხადებაში მითითებულ 73%-ზე.
იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ კვარტალში ხარჯების საშუალოდ 20%-იანი დაფინანსება ხდებოდა, 9 თვეში მათი 73%-იანი შესრულება საკმაოდ კარგ მაჩვენებლად ჩაითვლებოდა. მაგრამ, ვინაიდან ამ პერიოდში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მხოლოდ 60%-ით შესრულდა, ხარჯების 100%-ით დაფინანსების შესაძლებლობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ცხრილი 2: სახელმწიფო ბიუჯეტის (3 კვარტლის) შესრულების მაჩვენებლები
როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, 2013 წლის შემოსულობების 9 თვის საპროგნოზო საწყისი მაჩვენებლები კორექტირებამდე 6,102 მლნ ლარს წარმოადგენდა, ხოლო 9 თვის საკასო შესრულებით კი 5,353 მლნ ლარია. მოცემულ რიცხვებს შორის სხვაობა 749 მლნ-იან გარღვევას გვაძლევს ბიუჯეტში, რაც თანხვედრაში მოდის ბიუჯეტის „700 მილიონიან დანაკლისთან“ დაკავშირებით დეპუტატის განცხადებასათან.
სიტყვა „სეკვესტრი“ სამოქალაქო განათლების ლექსიკონის მიხედვით შემდეგნაირად განიმარტება: „დარჩენილი ფინანსური წლის მანძილზე საბიუჯეტო ხარჯების ყოველთვიური პროპორციული შემცირება ბიუჯეტის ხარჯების ყველა მუხლის მიხედვით. ის იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ბიუჯეტის შესრულების პროცესში ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული სიდიდის გადაჭარბება ხდება, ან მნიშვნელოვნად მცირდება ბიუჯეტის შემოსავლების მოცულობა. როგორც წესი, სეკვესტრს არ ექვემდებარება ბიუჯეტის დაცული მუხლები“.
ვინაიდან 3 კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით საბიუჯეტო ხარჯების ყოველთვიური პროპორციული შემცირება ყველა მუხლში არ მომხდარა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეკვესტრს, მისი კლასიკური გაგებით, ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ცვლილებებმა დაახლოებით იგივე შედეგი მოიტანა, რა შედეგიც სეკვესტრს ახლავს ხოლმე - არ დაფინანსდა ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებული ყველა ხარჯი.
ცხრილი 3: ხარჯების (11 თვის ) საკასო შესრულების მაჩვენებლები
ინფორმაციისთვის, უახლესი მონაცემებიც მიმოვიხილოთ. როგორც ზემოთ მოყვანილ ცხრილში ვხედავთ, 11 თვეში საქონელსა და მომსახურებაში ბიუჯეტის გეგმით განსაზღვრული ხარჯებიდან მხოლოდ 77.9% დაფინანსდა. აქედან ნათელია, რომ გეგმის შესრულებისთვის ერთ თვეში 22.1%-ის დაფინანსება უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ამყარებს აზრს საქონელსა და მომსახურებაში გასაწევი ხარჯვითი ნაწილის გეგმის მიხედვით ვერ შესრულებასთან დაკავშირებით. ამ ცხრილიდან ასევე ვხედავთ, რომ კლასიკური განმარტებით, სეკვესტრს ადგილი არა აქვს, რადგან ხარჯების ყველა მუხლის პროპორციული შემცირება არ მომხდარა.
რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულების 12 თვის ანგარიშს, იგი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, ხაზინის ვებგვერდზე (რომელიც ყოველდღიურად მხოლოდ საწყისი ნაშთის, შემოსულობების, მ.შ გადასახადების, გადასახდელების და საბოლოო ნაშთის შესახებ აქვეყნებს მონაცემებს) არსებული ინფორმაციის მიხედვით, ბიუჯეტის წლიურმა (12 თვის) შემოსულობებმა 7.6 მილიარდი ლარი შეადგინა, როცა 12 თვის გეგმა 8.4 მილარდი ლარი იყო. შესაბამისად, ბიუჯეტში დაახლოებით 800 მლნ ლარის გარღვევას აქვს ადგილი. სახელმწიფო ბიუჯეტის წლიურმა გადასახდელებმა სულ 8 მილიარდი ლარი შეადგინა, როცა საბიუჯეტო გეგმით 8.8 მილიარდი ლარი იყო გათვალისწინებული. ეს ინფორმაცია ასევე ამყარებს ეჭვს 2013 წლის ბოლო თვეში შესაძლო სეკვესტრთან დაკავშირებით, თუმცა მას დაზუსტებით მაინც ვერ ვიტყვით ბიუჯეტის 12 თვის შესრულების ანგარიშის გარეშე. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით კი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური ანგარიშის პარლამენტში წარდგენა არაუგვიანეს 15 ივნისისა მოხდება (მუხლი 58).
დასკვნა
2013 წლის 20 ნოემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზეб დეპუტატმა ვახტანგ ლემონჯავამ 2013 წლის ბიუჯეტის სეკვესტრზე ისაუბრა. ჩვენ დავადგინეთ, რომ დეპუტატის განცხადება საქონელსა და მომსახურების 57%-ით დაფინანსებასთან დაკავშირებით ზუსტია. ამას მოწმობს საქართველოს ბიუჯეტის 9 თვის საკასო შესრულება. მთლიანი დაფინანსება კი 60%-ით არის შესრულებული, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე დეპუტატის მიერ გაჟღერებული 73%. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით (3 კვარტალი) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში 749 მლნ. ლარის გარღვევაა, რაც მთლიანობაში თანხვედრაშია დეპუტატის განცხადებასთან.
სეკვესტრის კლასიკური განმარტების მიხედვით და 3 კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, ფაქტ-მეტრი მოერიდებოდა ამ ეტაპზე ტერმინ „სეკვესტრის“ გამოყენებას, თუმცა, ვახტანგ ლემონჯავას განცხადების პათოსი, რომ მთავრობა ვერ ახორციელებს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გეგმის მიხედვით შესრულებას, სავსებით მართებულია.
ჩვენ ვასკვნით, რომ ვახტანგ ლემონჯავას განცხადება: „9 თვის შემდეგ საქონელსა და მომსახურებაში 57%-იანი დაფინანსებაა, როცა მთლიანად 73%-ია დაფინანსებული. ეს არის ფაქტიურად სეკვესტრი, უბრალოდ გაურბიხართ ფრაზის - „სეკვეტრის“ დაფიქსირებას და გარდამავალ პროექტებში გადაგაქვთ თანხები, ფაქტიურად, ას, 700 მილიონი არის ბიუჯეტში დანაკლისი“, არის მეტწილად სიმართლე.