იტვირთება

2013

წლის 20 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობის დროს ქარელის მუნიციპალიტეტში არ განხორციელებულა იმდენი ინფრასტრუქტურული პროექტი, რამდენიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ლერი ხაბელოვის განცხადების სიზუსტით და ის გადაამოწმა.

ჩვენი საპარლამენტო კორესპონდენტის კითხვაზე, თუ კონკრეტულად რომელ პროექტებს გულისხმობდა დეპუტატი, ხაბელოვმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ქარელი აგარის 8 კილომეტრიანი გზის შეკეთება. 2013 წლის ბიუჯეტით ასევე დაიგეგმა ყინწვისი-აგარის 3.5 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, სოფელ ხვედურეთის სასმელი წყლით მომარაგების და ქარელის თეატრის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება. დეპუტატის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მსგავსი პროექტები არ ხორციელდებოდა.

ფაქტ-მეტრი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 13 მარტს რუისი-აგარის 19 კმ-იანი მონაკვეთის (ის ქარელი-აგარის 8 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს) მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა და 2012 წლის შემოდგომაზე სამუშაოები დაიწყო. კონტრაქტის პირობების თანახმად, 2014 წლის ბოლოს სამუშაოების დასრულება იგეგმება. პროექტის ღირებულება 70.8 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებს  ჩინური კომპანია „China Nuclear Industry 23 Construction co., Ltd” აწარმოებს.

ასევე სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქარელი-ყინწვისის მონასტრის სატრანსპორტო გზის 3.5 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 2013 წლის 13 ივლისს გამოცხადდა და სამუშაოები 2 ოქტომბერს დაიწყო. კონტრაქტის პირობების მიხედვით, მათი დასრულება 2014 წლის 15 იანვარს იგეგმება, თუმცა ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო პროცესი დროებით შეჩერებულია, რაც ჩვენთან საუბარში ლერი ხაბელოვმაც აღნიშნა.

ფაქტ-მეტრი ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც დაუკავშირდა. გამგეობიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა რომ ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თეატრის შენობა არ მდებარეობს და კულტურის სახლის რემონტია დაგეგმილი [დეპუტატი თეატრის შენობის ხსენებისას სავარაუდოდ კულტურის სახლს გულისხმობდა]. რაც შეეხება სოფელ ხვედურეთის სასმელი წყლით მომარაგების პროექტს, მისი განხორციელება ასევე დაგეგმილია. ამ მიზნით 464,999 ლარია გამოყოფილი და ტენდერია გამოცხადებული.

გარდა ამისა, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განგვიცხადეს, 2013 წელს ქარელის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შემდეგი პროექტებისთვის იყო თანხა გამოყოფილი:

  • ქალაქ ქარელის ქუჩების ასფალტირება - 1,516,210 ლარი;
  • ქარელის კულტურის სახლის რეაბილიტაცია - 1, 096,650 ლარი;
  • მდ. ძამის კალაპოტის გამაგრება 429, 590 ლარი;

ჩვენ ასევე დავინტერესდით, ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით რა ვითარება იყო ქარელში 2003-2012 წლებში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2003-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ109-კმ110 და კმ113-კმ114 პერიოდული შეკეთება-2005 წელი;
  • ქალაქ ქარელთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე მდ.მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები-2006 წელი;
  • 1) ქარელი-ყინწვისის ს/გზის კმ5-კმ10 დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენა (პერიოდული შეკეთება);
  • 2) გორი-ცხინვალი-ჯავა-როკის ს/გზის კმ4 - ვარიანი-საქაშეთი-ბრეთი-თბილისი- სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ102 (ქარელის გადასახვევი) კმ7-კმ25.3 ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა - 2008 წელი.

ფაქტ-მეტრი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსაც დაუკავშირდა. ფონდის ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ქარელის მუნიციპალიტეტში 2003-2012 წლებში 2 პროექტი დაფინანსდა:

  • ქარელის რაიონში, დაბა აგარაში მდებარე  იძულებით გადაადგილებულ  პირთა დასახლების #1 და #2 სახლების და სოფელ დოღლაურში მდებარე #1-5 კოტეჯების სარემონტო სამუშაოები - კონტრაქტორი ფირმა შპს „არქსტუდია პერისტილი.

    დაწყისი - 09.03.2009, დასასრული - 09.05.2009.
  • სოფელ რუისში ტერიტორიული ადმინისტრაციული შენობების  სამშენებლო– სარემონტო სამუშაოები - კონტრაქტორი შპს „ერ-თი-ჯი“

    დასაწყისი - 17.10.2011, დასასრული - 30.11.2011.
  დასკვნა ლერი ხაბელოვის განცხადების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ 2003-2012 წლებში ინფრასტუქტურული პროექტები ხორციელდებოდა და იმის მტკიცება, რომ ამ პერიოდში მუნიციპალიტეტში მსგავსი სამუშაოები არ სრულდებოდა, გადაჭარბებულია. გარდა ამისა, დეპუტატის პათოსი არაზუსტია ქარელი-აგარის გზის შეკეთებასთან დაკავშირებითაც, რადგან ამ პროექტზე მუშაობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლიდან ქარელში მართლაც დაიწყო უფრო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მანამდე არ განხორციელებულა. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ლერი ხაბელოვის განცხადება: „9 წლის განმავლობაში, რაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში არ გაკეთებულა იმდენი რამ [ინფრასტრუქტურული პროექტები] ქარელის რაიონში, რაც ერთ წელიწადში გავაკეთეთ ჩვენ“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი