2013 წლის 1 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმცირესობის წევრმა, ვახტანგ ლემონჯავამ, განაცხადა: „დაკანონებულ მიწებზე გვქონდა საუბარი, აუცილებელი იყო იმ პროცესის გაგრძელება, რაც ჩვენ დავიწყეთ თავის დროზე. მაგრამ, სამწუხაროდ, პროცესი, რომ მოსახლეობას მთლიანად დარეგისტრირებოდა თავისი ქონება, არ გაგრძელდა“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ჩვენ ვახტანგ ლემონჯავას დავუკავშირდით და ვკითხეთ თუ რა პროცესს გულისხმობდა ის განცხადების გაკეთებისას.
დეპუტატის პასუხის მიხედვით: „სამოქალაქო რეესტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლის ზაფხულში დაიწყო საქართველოს მოქალაქეების სახელზე რიცხვული უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების უფასო რეგისტრაცია. აგრარული კომიტეტის სხდომებზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შევთავაზე გაგრძელებულიყო სარეგისტრაციო სამუშაოები, რათა უწყებას ჰქონოდა სრულყოფილი ელექტრონული ბაზა, თუ რა მოცულობის დახმარება უნდა მიეღო აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ კომლს“.
ფაქტ-მეტრმა საჯარო რეესტრის წარმომადგენელთან გაარკვია, რომ 2012 წლის ზაფხულში, მოსახლეობას, მასობრივად, უფასოდ ურეგისტრირდებოდა სასოფლო-სამურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთები, რომლებიც თვითმმართველი ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში არ შედიოდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს რეგისტრაცია უმეტესად საკომლო წიგნებზე დაყრდნობით ხორციელდებოდა (წინაპარი თუ აღმოჩნდებოდა და ა.შ). რეგისტრაციისთვის პირადი განცხადება და აზომვითი ნახაზი იყო საჭირო.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთებს, საფასურის გადახდის წესისა და მომსახურების ვადებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება№509 განსაზღვრავს. დადგენილების თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, გარდა ქალაქ თბილისისა და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა, საკუთრების უფლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფასური 50 ლარი იყო (მუხლი 2, ნაწილი „დ“).
დადგენილება №509-ში 2012 წლის 28 ივნისს ცვლილება შევიდა. მთავრობამ „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ №231 დადგენილება მიიღო. ეს დადგენილება სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწებს ეხება. სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს განეკუთვნება: საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
ამ დადგენილების, პირველი მუხლის პირველი ნაწილის, მიხედვით „სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან მასში ცვლილების რეგისტრაცია უნდა განახორციელოს, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დაზუსტებული საკადასტრო მონაცემი არ არსებობს“.
უფასოდ რეგისტრაცია იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე არ ხორციელდება, რომელიც თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან სარეკრეაციო ტერიტორიაზე (მუხლი 1 ნაწილი 4) მდებარეობს. საქართველოში თვითმმართველ ქალაქებს წარმოადგენს თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი.
საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით, წერილით საჯარო რეესტრს მივმართეთ, სადაც შემდეგი სახის ინფორმაციას ვითხოვდით:
- რის საფუძველზე (სამართლებრივი დოკუმენტი) დაიწყო 2012 წლის ზაფხულში საქართველოს მოქალაქეების სახელზე უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების უფასო რეგისტრაცია?
- ზუსტად როდის დაიწყო ეს პროექტი და ვინ არეგისტრირებდა?
- აღნიშნული პროექტით, რომელმა რეგიონებმა და სულ რამდენმა ადამიანმა ისარგებლა?
- რატომ შეწყდა აღნიშნული პროექტი?
- საიდან გამოიყო აღნიშნული პროექტისთვის თანხები?
- რა იყო საჭირო იმისთვის, რომ მომხდარიყო რეგისტრაცია (პირადი განცხადება, აზომვითი ნახაზი და ა.შ)?
9 დეკემბერს აღნიშნულ წერილზე პასუხი მივიღეთ : ამ წერილის მიხედვით დასტურდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო ინფორმაციის სრულყოფასთან დაკავშირებულ ცალკეული საკითხების მოწესრიგების მიზნით, 2012 წლის 28 ივნისს გამოცემული იყო საქართველოს მთავრობის #231 დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“, რომლის საფუძველზეც, შესაბამისი რეგისტრაციები მიმდინარეობდა.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ დადგენილების ფარგლებში რეგისტრაციები მოიცავდა მთელ საქართველოს და ხორციელდებოდა კანონმდებლობით დადგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის (პირადი განცხადება, აზომვითი ნახაზი და სხვ. ასეთის არსებობის/საჭიროების შემთხვევაში) შესაბამისად.
ამასთან, საკუთრების უფლების რეგისტრაციები განხორციელდა შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-თიანეთი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, სამცხე-ჯავახეთი და აჭარა. სულ, აღნიშნული პროექტით დარეგისტრირდა 200,242 პირის საკუთრების უფლება.
პროექტის დასაფინანსებლად გამოყენებულ იქნა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ამასთან, პროექტის ფარგლებში გაფორმებულ იქნა 145 ერთეული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, ჯამური ღირებულებით 2,035,000,00 ლარი, საიდანაც ანაზღაურებულ იქნა 824,414.00 ლარი.
2012 წელს მიმდინარე მოვლენებზე საჯარო რეესტრის რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის ხელმძღვანელ ივანე ცერცვაძესაც ვესაუბრეთ, რომელმაც განაცხადა, რომ: „მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ითვალისწინებდა სისტემური რეგისტრაციის პერიოდში განხორციელებული რეგისტრირებული მონაცემების ფაქტობრივი სიზუსტის გადამოწმებას და მათ დაზუსტებას შესაბამის მონაცემთა ბაზაში, რათა სრულყოფილი რეგისტრირებული მონაცემები მიგვეღო. პროცესები 28 ივნის დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდა (კომპანიებისგან უკანასკნელი მონაცემების მიღების შემდგომ).
გამოცხადდა ტენდერი, სადაც კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს, რომელთაც მათ მიერ მოგროვებული ინფორმაცია უნდა წარმოედგინათ სისტემატურად რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისად. წინა პერიოდში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს კორდინატებში მოყვანილი საკადასტრო მონაცემები არ გააჩნდათ. „პროექტის“ ინტერესი იყო, რომ რეგისტრირებული მონაცემებით შევსებულიყო სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზა. კომპანიებს ხელშეკრულების საფუძველზე გარკვეული მასალა, რუკებისა და გრაფიკის სახით, გადაეცათ, რათა მათ ადგილზე მონაცემები გადაემოწმებინათ, საზღვრები დაეზუსტებინათ, ან, საჭიროების შემთხვევაში, კორექტირება გაეკეთებინათ.
თავის მხრივ, კომპანიები ელექტრონულად თავის მიერვე შესრულებულ მონაცემებს გვიგზავნიდნენ, რომელიც განაცხადის მიღების ბაზაში ავტომატურად აისახებოდა. მონაცემები ტექნიკურ გადამოწმებას გადიოდა (მაგალითად, აზუტდება, სხვა რეგისტრირებულთან ხომ არ არსებობდა პრობლემა ან, რამდენად ზუსტი იყო საიდენტიფიკაციო მონაცემები) და სამოქალაქო ბაზასთან დარდებოდა. თუ პრობლემას არ წარმოადგენდა მიღების პროგრამაში აისახებოდა რის შემდეგაც მისი ავტომატური დარეგისტრირება სააგენტოს სახელით ხდებოდა.
რეგისტრაციები ხორციელდებოდა პროგრამულად, (ინდივიდუალური გავლა ყველა უფლების ცალ-ცალკე არ ხორციელდებოდა), სწორედ ამიტომ გარკვეული ხარვეზები იყო, რის გამოც მოქალაქეებს ხშირად უწევდათ დამატებითი უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა საჯარო რეესტრში“.
ბატონმა ივანემ ასევე აღნიშნა, რომ პროექტით ყველას საკუთრების უფლების დაზუსტება არ მომხდარა და მთლიანობაში სისტემური რეგისტრაციის საფუძველზე მილიონზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია.
ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე იგეგმება თუ არა მომავალში 2012 წლის მსგავსი პროექტის განხორციელება მან გვიპასუხა, რომ სააგენტოს სურს უფრო გამართული ფორმით პროექტების დაძვრა, გამომდინარე იქიდან რომ გარკვეულ შემთხვევებში ხელახლა იყო საჭირო დამატებითი საბუთების წარდგენა.
დასკვნა
როგორც ვხედავთ, დღევანდელი ხელისუფლება საჯარო რეესტრის მეშვეობით წინა მთავრობის მიღებულ დადგენილებას ასრულებს და სასოფლო-სამეურნეო მიწების დარეგისტრირებას უფასოდ ახორციელებს.
ამასთანავე, ვახტანგ ლემონჯავა ცდება, როცდესაც აცხადებს, რომ პროცესი შეწყდა. 2012 განხორციელებული რეგისტრაციები წარმოადგენდა პროექტს, რომელიც 2012 წლის სექტემბრის ბოლოს დამთავრდა. უშუალოდ პროცესი კი გრძელდება, მაგრამ არა იმ ფორმით, რომელიც 2012 წელს იყო.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ვახტანგ ლემონჯავას განცხადება: „დაკანონებულ მიწებზე გვქონდა საუბარი, აუცილებელი იყო იმ პროცესის გაგრძელება, რაც ჩვენ დავიწყეთ თავის დროზე. მაგრამ, სამწუხაროდ, პროცესი, რომ მოსახლეობას მთლიანად დარეგისტრირებოდა თავისი ქონება, არ გაგრძელდა“, არის მეტწილად მცდარი.