დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, პარლამენტში გამოსვლისას, განაცხადა: ”არსებობს ასეთი პროგრამა, „ცოდნის კარი“, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენ ნიჭიერ თანამემამულეებს, აიმაღლონ თავისი კვალიფიკაცია და სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლონ უცხოეთის წარმატებულ უნივერსიტეტებში“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სასტიპენდიო პროგრამა „ცოდნის კარს“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს.
2013 წლამდე, ღია კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები, მხოლოდ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისათვის ფინანსდებოდნენ. წელს, პირველად, კონკურსი გამოცხადდა ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტები, სადაც საქართველოს მოქალაქეები სწავლას აგრძელებენ, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სარეიტინგო სიის პირველ 200 უნივერსიტეტში შედის, ხოლო, კოლეჯები კი - სარეიტინგო სიისპირველ ასეულში.
წელს, ასევე, პირველად დაფინანსდა სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც არ გულისხმობენ აკადემიურ ხარისხს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შუამდგომლობით მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანდიდატის დაფინანსების შესახებ.
2013 წლის 21 თებერვლის #40დადგენილების მიხედვით, „ცოდნის კარი“ ხელს უწყობს:
ა) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას;
ბ) საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღებას;
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას;
„ცოდნის კარის“ ფარგლებში შერჩეული კანდიდატის გამოსაყოფი დაფინანსება სრულად ან ნაწილობრივ ფარავს სწავლის, ცხოვრების, მგზავრობის, კვების, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
კანდიდატები შეირჩევიან სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ.
იმისათვის, რომ კანდიდატმა მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსებში, მან უნდა წარადგინოს საბუთები 2013 წლის 2 დეკემბრიდან 2014 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. ამასთანავე, კანდიდატი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომელიც მოცემულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე:
საბუთები მიიღება შემდეგი მიმართულებით:
1. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა; 2. ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო პროგრამა; 3. სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამა,რომელიც მოიცავს ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურას.
სამივე პროგრამაზე მიმართვა შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც:
- არის საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
- გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით (გარდა სადოქტორო პროგრამის კანდიდატებისა);
- არის სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სასწავლო ღონისძიებებისა თუ კონკურსების გამარჯვებული (გარდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამისა)
- ჩაბარებული აქვს პრიორიტეტულად გამოცხადებულ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უნივერსიტეტში ან კოლეჯში (სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებო პროგრამისთვის არ არის აუცილებელი ჩამოთვლილ უნივერსიტეტთა სიაში ჩააბაროს);
- ასაკი არ აღემატება 35 წელს (მაგისტრატურის კანდიდატებისთვის).
სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე უპირატესობა იმ კანდიტატებს ენიჭებათ, რომლებიც:
- გამოირჩევიან შემოქმედებითი საქმიანობის მაღალი აქტივობით;
- არიან სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სახელოვნებო ღონისძიებებისა თუ კონკურსების გამარჯვებული;
- ჩაბარებული აქვთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, გრანტის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისიის“ მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებულ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: 1. განცხადების შერჩევა 2. ზეპირი გასაუბრება.
კონკურსში გამარჯვებულებს არჩევს სპეციალური საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობასაც საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს.
2013წელს 29 ბაკალავრი, 45 მაგისტრი, 3 დოქტორი და სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების 4 სტუდენტი დაფინანსდა.
დასკვნაროგორც ვხედავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მართლაც ახორციელებს „ცოდნის კარის“ პროგრამას, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის და სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების კანდიდატებს. პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება და დოკუმენტების დათქმულ ვადებში წარდგენა. განცხადების შერჩევის და ზეპირი გასაუბრების შემდგომ, გამარჯვებული კანდიდატი მიიღებს დაფინანსებას.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ნოდარ ხადურის განცხადება: ”არსებობს ასეთი პროგრამა „ცოდნის კარი“, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენ ნიჭიერ თანამემამულეებს, აიმაღლონ თავისი კვალიფიკაცია და სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლონ უცხოეთის წარმატებულ უნივერსიტეტებში“, არის სიმართლე.