საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 14 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე, „საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ“ კანონის განხილვისას, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი თევდორაძემ, განაცხადა, რომ ხელისუფლების უნიათობის გამო, 2014 წლის ბიუჯეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება 449 მლნ-და 250 მლნ-მდე ჩამოდის და რომ 2013 წელს დაგეგმილი პროექტების მხოლოდ გარკვეული ნაწილი შესრულდა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, შემცირდა თუ არა 2014 წელს რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდის დაფინანსება 449 მლნ. ლარიდან 250 მლნ ლარამდე და 2013 წელს დაგეგმილი პროექტების რა ნაწილი შესრულდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ „საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ“ კანონის პროექტის მიხედვით,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ხარჯების 2013 წლის დამტკიცებული გეგმა 449,3 მლნ. ლარს შეადგენდა, 2014 წლის გეგმით კი ეს ხარჯები მართლაც 250 მლნ. ლარამდე შემცირდა. ფონდის ხარჯების 250 მლნ. ლარამდე შემცირება ასახული იყო ბიუჯეტის პირველად პროექტში და საბოლოოდ არ შეცვლილა.
ფინანსთა სამინისტროს ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიც.დოკუმენტის თანახმად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნორმატიული აქტით განსაზღვრულმა თანხამ 376,8 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო გამოყოფილი იყო 123,6 მლნ. ლარი.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებითანხის გაცემის მიზანი | ნორმატიული აქტით განსაზღვრული თანხა (მლნ. ლარი) | გამოყოფილი თანხა (მლნ. ლარი) |
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტრო | 75,1 | 51,9 |
განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო | 1,3 | 1,3 |
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო | 2,0 | 0,8 |
ენერგეტიკის სამინისტრო | 1,7 | 1,7 |
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | 6,5 | 6,5 |
საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები | 285,8 | 58,6 |
სხვა | 4,4 | 2,8 |
სულ | 376,8 | 123,6 |
წლის პირველ სამ კვარტალში ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სხვადასხვა პროექტების დაფინანსება შემცირდა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები, რომლებსაც ფონდიდან დაფინანსება შეუმცირდათთანხის გაცემის მიზანი | ნორმატიული აქტით განსაზღვრული თანხა (მლნ. ლარი) | გამოყოფილი თანხა (მლნ. ლარი) |
2013-2015 წლებში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები - ჟინვალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები | 10,0 | 7,0 |
მცხეთა-სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე შესასრულებელი სამუშაოები | 135,0 | 108,0 |
წნორი -დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 10,0 | 5,0 |
სენაკი-ფოთი - სარფი საავტომობილო გზის მონაკვეთზე შესასრულებელი სამუშაოები | 1,8 | 0,0 |
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკისა და სოფლის ამბულატორიების მშენებლობის დაფინანსება | 3,9 | 0,0 |
დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების შეძენისა და წლების განმავლობაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა | 2,0 | 0,8 |
სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კახეთისა და ქართლის სამედიცინო განყოფილებებისათვის თანამედროვესტანდარტების შესაბამისი შენობების მშენებლობა | 1,5 | 0,0 |
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვისთანხის გამოყოფა | 224,9 | 36,0 |
მიმდინარე წლის მაისი-ივნისის თვეებში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები | 4,8 | 2,0 |
ადლიის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები | 5,0 | 0,0 |
მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები | 10,1 | 2,0 |
მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიისშედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები | 10,0 | 0,0 |
დასკვნა
„საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ“ კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ხარჯების 2013 წლის დამტკიცებული გეგმა 449,3 მლნ. ლარს შეადგენდა, 2014 წლის გეგმაში კი ეს ხარჯები მართლაც 250 მლნ. ლარამდე შემცირდა.
საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დაგეგმილი 376,8 ლარის ნაცვლად მხოლოდ 123,6 ლარი გამოიყო, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტის დაფინანსების შემცირება გამოიწვია.
ამდენად, გიორგი თევდორაძის განცხადება: „2014 წლის ბიუჯეტი რეგიონებში განხორციელებული პროექტების დაფინანსება 449 მლნ-დან, როგორც იყო 2013 წელს დაგეგმილი და თქვენ იცით, რომ მხოლოდ გარკვეული ნაწილი შესრულდა... ჩამოდის 250 მლნ-ზე“, არის სიმართლე.