წარადგინა. გამოსვლის დროს, მან, ასევე, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გამოწვეულ სიკვდილიანობაზეც ისაუბრა: „ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, საქართველოს ძირითად საავტომობილო გზებსა და ქუჩებში დამატებით 29 ზედამხედველობის ავტომატიზირებული სისტემები, ეგრეთწოდებული რადარები დამონტაჟდა. ვიდეოკამერით დაფიქსირებული ჯარიმები და ჯარიმის შესახებ ინფორმაცია, მოქალაქეს დამატებით მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მისდის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები GPS-ის სისტემით აღიჭურვა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ადგილის ზუსტად დაფიქსირება, სახიფათო მონაკვეთების განსაზღვრა და უსაფრთხოების ზომების გატარება მოხდეს. საპატრულო პოლიციის დაკვეთით, თბილისში 3000-მდე საგზაო ნიშანი და 1800 გრძივი მეტრი, ეგრეთწოდებული სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი დამონტაჟდა. გასულ წელთან შედარებით, პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა 60%-ით შემცირდა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის მისიისა და სტრატეგიისმიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანა ავტოკატასტროფების რიცხვისა და ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული შედეგების სიმძიმის შემცირებაა. 2013 წლისთვის, სამინისტროს პრიორიტეტებს განეკუთვნება: საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება, საგზაო უსაფრთხოების სისტემების დანერგვა/მოდერნიზაცია, საპატრულო პოლიციის შესაძლებლობების გაუმჯობესება, ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის წარმოება.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად ზუსტი იყო სიკვდილიანობის 60%-იან კლებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. ჩვენ ამ მონაცემების სიმართლესთან შესაბამისობა გადავამოწმეთ.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გვერდებზე, ავტოსაგზაო შემთხვევებით გარდაცვლილთა შესახებ მონაცემები არ იძებნება. მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ფაქტ-მეტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ბიუროს წერილით მიმართა. ჩვენ 2011, 2012, 2013 წლების სტატისტიკური მონაცემები და პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. სამინისტროს პასუხი, დაგვიანებით, 12 დეკემბერს მივიღეთ (კანონით,საჯარო უწყება ვალდებულია ინფორმაცია არა უგვიანეს 10 სამუშაო დღეში გასცეს).
მოწოდებული ინფორმაციისსაფუძველზე, ირკვევა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში 258 ეკიპაჟი პატრულირებდა, მათ შორის თბილისში – 93. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ 72 ეკიპაჟი დაემატა და დღეს, საქართველოს მასშტაბით, 330 ეკიპაჟი პატრულირებს, აქედან თბილისში – 136. 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ისევე, როგორც დღეს, ყველა ეკიპაჟი აღჭურვილია GPS-ის სისტემებით. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით სულ დამონტაჟებულია სიჩქარის მზომი 46 რადარი. აქედან, თბილისში 17, ავტომაგისტრალებზე 13, აჭარაში 11 და გურიაში 5.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული წერილის მიხედვით, საქართველოში, 2011 წელს, 4486 ავტოსაგზაო შემთხვევა დარეგისტრირდა, რომელთა დროსაც 526 ადამიანი გარდაიცვალა.
თვე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | სულ |
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევბის რაოდენობა | 342 | 279 | 289 | 313 | 346 | 386 | 448 | 439 | 435 | 450 | 406 | 353 | 4468 |
გარდაცვლილთა რაოდენობა | 53 | 36 | 21 | 28 | 34 | 36 | 62 | 50 | 71 | 55 | 55 | 25 | 526 |
აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში, 2011 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი 11.8%-ს შეადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში, 2012 წელს 5359 ავტოსაგზაო შემთხვევა დარეგისტრირდა, რომელთა დროსაც 605 ადამიანი გარდაიცვალა.
თვე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | სულ |
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა | 342 | 259 | 294 | 335 | 366 | 420 | 511 | 583 | 579 | 573 | 556 | 541 | 5359 |
გარდაცვლილთა რაოდენობა | 49 | 12 | 32 | 27 | 49 | 37 | 55 | 69 | 72 | 69 | 70 | 64 | 605 |
ზემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში 2012 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი 11.3%-ია.
სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ 2013 წლის 10 თვის მონაცემებიც გავაანალიზეთ. იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში, 2013 წელს, 4531 ავტოსაგზაო შემთხვევა დარეგისტრირდა, რომელთა დროსაც 422 ადამიანი გარდაიცვალა.
თვე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | სულ |
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევბის რაოდენობა | 445 | 355 | 405 | 394 | 472 | 482 | 448 | 505 | 489 | 536 | 4531 | ||
გარდაცვლილთა რაოდენობა | 46 | 23 | 33 | 37 | 54 | 47 | 53 | 42 | 41 | 46 | 422 |
წლის 10 თვის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, საქართველოს მასშტაბით, 9.3%-ს შეადგენს.
ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიში 2013 წლის 24 ოქტომბერს წარმოადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული წერილიც 2013 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაკვეთს ასახავს. ჩვენ, სწორედ ამ წერილზე დაყრდნობით, 2011, 2012, 2013 წლების 10 თვის მაჩვენებლები შევადარეთ ერთმანეთს.
წელი |
ავტოსაგზაო შემთხვევა |
გარდაცვლილთა რაოდენობა |
სიკვდილიანობის მაჩვენებელი |
სიკვდილიანობის მაჩვენებლის ცვლილება (კლება) |
2011 |
3727 |
446 |
11.97% |
- |
2012 |
4262 |
471 |
11.05% |
7.69% |
2013 |
4531 |
422 |
9.31% |
15.75% |
ცხრილიდან ჩანს, რომ აღნიშნულ სამ წელს შორის, გაანალიზებული 10 თვის მანძილზე, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა 2013 წელს დაფიქსირდა (4531). თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამავე წელს, გარდაცვალებულთა რაოდენობაც ყველაზე ნაკლებია (422).
2012წელს, 2011 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა. თუმცა, 2012 წელს, 2011 წელთან შედარებით, მეტი ავტოსაგზაო შემთხვევაც დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით 10.4%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც 2013 წელს მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
რადგან 2011, 2012 და 2013 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა სხვადასხვა იყო, უფრო ლოგიკური იქნებოდა შედარება გაგვეკეთებინა არა გარდაცვლილთა რაოდენობების, არამედ სიკვდილიანობის მაჩვენებლების მიხედვით, რომელიც თავის თავში ასახავს, რამდენი გარდაცვლილი მოდის 100 ავტოსაგზაო შემთვევაზე. 2011 წელს 100 ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაახლოებით 12 გარდაცვლილი დაფიქსირდა, 2012 წელს - 11, ხოლო 2013 წელს დაახლოებით 9.
2011 წელს, იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელია 11.97%, 2012 წელს 11.05%, 2013 წელს კი 9.31%. შესაბამისად, ჩვენ ვადგენთ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2012 წელს, 2011-თან შედარებით, დაახლოებით 7.69%-ით შემცირდა. 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით კი 15.75%-იანიშემცირება დაფიქსირდა.
ჩვენ ასევე გავაკეთეთ დაშვება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საავტომობილო ავარიებისას გარდაცვლილთა რაოდენობის 60%-იან კლებას მხოლოდ იმ სამმართველოებს უკავშირებდა, სადაც რადარები დამონტაჟდა. ფაქტ-მეტრმა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ცვლილება კონკრეტულად იმ ადგილას გადაამოწმა, სადაც ყველაზე მეტი (29-დან 17) რადარი დამონტაჟდა. შესაბამისად, ჩვენ ერთმანეთს თბილისი/მცხეთა მთიანეთის სამმართველოს[1]2011, 2012, 2013 წლების, 10 თვის სტატისტიკური მონაცემები შევადარეთ.
წელი |
თბილისი/მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა |
გარდაცვლილთა რაოდენობა |
პროცენტული მაჩვენებელი |
სიკვდილიანობის მაჩვენებლის ცვლილება (კლება) |
2011 |
1732 |
130 |
7.5% |
- |
2012 |
1713 |
105 |
6.06% |
19.2% |
2013 |
2036 |
90 |
4.42% |
27.06% |
თბილისი/მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2012 წელს, 2011 წელთან შედარებით, 19.2%-ით შემცირდა. ხოლო 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით კი - 14.3%-ით.
როგორც ცხრილიდან ჩანს, თბილისი/მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2012 წელს 2011-თან შედარებით შემცირდა. 2013 წელსაც, 2012 წელთან შედარებით, იგივე დინამიკა გაგრძელდა. კერძოდ, 2012 წელს, 2011-თან შედარებით, სიკვდილიანობამ 19.2%-ით იკლო. 2013 წელს, 2012-თან შედარებით კი, სიკვდილიანობა 27.06%-ით შემცირდა.
დასკვნა
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული წერილით ნამდვილად დასტურდება, რომ პრევენციული ზომები გატარდა. კერძოდ, საქართველოს მასშტაბით 29 რადარი და 72 საპატრულო ეკიპაჟი დაემატა და ისევე, როგორც ყველა ადრე მოქმედი ეკიპაჟი, აღნიშნული 72-იც, GPS-ის სისტემით აღიჭურვა. 2012 წელთან შედარებით, ჩვენს ხელთ არსებული 2013 წლის 10 თვის ინფორმაციით, გარდაცვალებულთა რაოდენობამ 471-იდან 422-მდე იკლო, ანუ გარდაცვლილთა რაოდენობა 10.4%-ით შემცირდა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 60%. რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ის 2013 წელს, 2012-თან შედარებით, 15.75%-ით შემცირდა.
ჩვენ დავუშვით, რომ ანგარიშში ნახსენები გარდაცვლილთა რაოდენობის 60%-იანი კლება მხოლოდ იმ მონაკვეთებთან დაკავშირებით იყო ნახსენები, სადაც რადარები დამონტაჟდა. გამომდინარე იქიდან, რომ 29-დან 17 რადარი თბილისში დამონტაჟდა, ჩვენ თბილისი/მცხეთა-მთიანეთის მონაცემები შევადარეთ. გაირკვა, რომ 2013 წელს, 2012-თან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 14.3%-ით შემცირდა, რაც ასევე გაცილებთ ნაკლებია, ვიდრე 60%. ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი, 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით 27.06%-ით შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად, პრევენციული ღონისძიებები მართლაც გატარდა და მსგავსი შემთხვევების კლებაც დაფიქსირდა, ის მაინც ბევრად ნაკლებია პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ 60%-იან კლებასთან შედარებით. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „გასულ წელთან შედარებით, პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა 60%-ით“, არის მეტწილად მცდარი.
2013 წლის იანვრის თვიდან აღნიშნული სამმართველო დაიყო თბილისისა და მცხეთის სამმართველოებად. მთიანეთი კი მცხეთას შეუერთდა.
რედაქტორის შენიშვნა: სტატიის პირვანდელი ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენს მკითხველებს შორის წარმოიშვა განსხვავებული მოსაზრებები ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილთა რაოდენობის გამოთვლისა და წლების მიხედვით მათი შედარების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერ-მინისტრი განცხადებაში კონკრეტულად „ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა“-ზე საუბრობს და არა სიკვდილიანობის პროცენტულ მაჩვენებელზე, ფაქტ-მეტრმა თავდაპირველად გადაწყვიტა პირდაპირ გარდაცვლილთა რაოდენობის კონკრეტული რიცხობრივი მაჩვენებლები შეედარებინა. თუმცა, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ფაქტ-მეტრის რედაქციამ ჩათვალა, რომ უფრო სრული სურათის დასანახად, სასურველი იქნებოდა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებლების შედარებაც. ამჯერად, სტატიაში ორივე მეთოდოლოგიით გაკეთებული გამოთვლების შედეგებს გთავაზობთ. ამ გამოთვლების შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია 10.4%-ით, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი - 15.75%. როგორც ვხედავთ, ამ ორ მაჩვენებელს შორის განსხვავება არცთუ მნიშვნელოვანია და, ამავე დროს, ორივე მათგანი საკმაოდ განსხვავდება პრემიერ-მინისტრის მიერ ნახსენები 60%-გან. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის ვერდიქტი არ იცვლება.