საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 13 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილმა განაცხადა: “მშპ–ის კლება დაიწყო 2012 წლის ზაფხულში, როდესაც „ქართული ოცნება“ ჯერ საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ამაზე არაერთხელ თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა. კვარტალური ვარდნა დაწყებულია თქვენ დროს და ეს არის შედეგი, რაც დღეს ხდება. და მეორე: 6% [მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებელი] შეთანხმებული იყო სავალუტო ფონდთან და ზოგადად პროგნოზი მსოფლიოსა და რეგიონში იყო უკეთესი და ეს პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც ეშლება. ეკონომიკას ახასიათებს ციკლურობა, ხანდახან მეტი ზრდაა, ხანდახან – ნაკლები. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და მთელს რეგიონში ქვეყანა არ არის მშპ რომ არ შემცირებულიყოს და ბევრად მეტად, ვიდრე საქართველოში.“
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, დაიწყო თუ არა მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) ზრდის მაჩვენებლის კლება რეალურად 2012 წლის ზაფხულში, აღნიშნულია თუ არა ეს ტენდენცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, შემცირდა თუ არა მშპ-ის რეალური ზრდის 2013 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით და შემცირდა თუ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი რეგიონისა და მსოფლიოს ქვეყნებთან მიმართებაში.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2012წლის პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,6% შეადგინა, მეორე კვარტალში - 8,2%, ხოლო მესამე კვარტალში კი - 7,5%. ამდენად, მესამე კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდა მეორე კვარტალთან შედარებით 0,7%-ით შემცირდა, თუმცა პირველი კვარტლის მაჩვენებელზე მეტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მშპ-ის ზრდის მაჩვენებლის კვარტლებს შორის 1-2%-იანი რყევა "ნორმალურია", თუ ზრდის ტემპის კლება ტენდენციის ხასიათს არ იღებს.
2012 წლის მესამე კვარტლის მონაცემებზე გაცილებით ნაკლებია ამავე წლის მეოთხე კვარტლისა და 2013 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემები (შესაბამისად, 3%, 2,4%, 1,5% და 1,3%[1]),ამდენად, მშპ-ის რეალური ზრდის ტემპის შემცირებამ ტენდენციის სახე 2012 წლის მეოთხე კვარტალში მიიღო.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2012 წლის მე-3 კვარტალი, რომელიც ივლის-სექტემბრის პერიოდს მოიცავს, წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა და ამ პერიოდში ეკონომიკური აქტივობის შემცირება (მითუმეტეს უმნიშვნელოდ, 8.2 %-დან 7.5 %-მდე) კანონზომიერია. იგივე შეგვეძლო გვეთქვა 2012 წლის მე-4 კვარტალზეც, როგორც ხელისუფლების ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გარდამავალ პერიოდზე, ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებას ტენდენციის ხასიათი რომ არ მიეღო და 2013 წლის 9 თვეზე არ გაგრძელებულიყო.
ფაქტ-მეტრის საპარლამენტო კორესპონდენტის დავით ლიკლიკაძის კითხვაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რომელ ანგარიშში ეწერა, ან ორგანიზაციის რომელი წარმომადგენელი ამბობდა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის კლების ტენდენცია 2012 წლის ზაფხულში დაიწყო, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მართალია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში არ წაუკითხავს, თუმცა მან 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში შეტანილ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ განმარტებით ბარათზემიგვითითა. ამ დროს მმართველი პარტია ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ 2012 წლის „განვლილი რვა თვის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7,5%, ხოლო მშპ-ს დეფლატორმა 0,3% შეადგინა, რისი გათვალისწინებითაც წლიური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 7,0%-ს, ხოლო დეფლატორის პროგნოზი 2,0%-ს შეადგენს. მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ კონსერვატიულად არის დაგეგმილი და 2013 წლისთვის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 6,0%-ს, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 4,5%-ს შეადგენს.“
ამდენად, წინა მთავრობის დროს 2013 მშპ-ის რეალური ზრდის ტემპის შემცირების პროგნოზი მართლაც კეთდებოდა, თუმცა 2012 წლის ეკონომიკური ზრდის საბოლოო მაჩვენებელი და 2013 წლის ეკონომიკური ზრდის დღევანდელი პროგნოზი დავით ონოფრიშვილის მითითებულ დოკუმენტში მოყვანილ პროგნოზებზე გაცილებით დაბალია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2012 წლის მშპ-ის რეალური ზრდის წლიური პროგნოზი 7% იყო, მაშინ როდესაც ამ წლის მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,2% შეადგინა. ამავე დოკუმენტზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2013 წელს მშპ 6%-ით უნდა გაზრდილიყო. 2012 წლის ოქტომბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5 %-ს შეადგენდა. 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი სავალუტო ფონდის 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,5%-მდე შემცირდა.
ჩვენ ასევე გადავამოწმეთ დავით ონოფრიშვილის განცხადება: „მთელს რეგიონში ქვეყანა არ არის, მშპ რომ არ შემცირებულიყოს და ბევრად მეტად, ვიდრე საქართველოში.“
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით,მშპ-ის რეალური ზრდის ტემპი შემცირებულია რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, რუსეთსა და სომხეთში), თუმცა სხვა ქვეყნებისთვის (მაგალითად, აზერბაიჯანი, მოლდოვა, თურქეთი, უკრაინა) დამახასიათებელია საპირისპირო ტენდენცია.
ჩვენ ასევე დავით ონოფრიშვილის განცხადების ის ნაწილი გადავამოწმეთ, სადაც ნათქვამია, რომ შარშან საერთაშორისო სავალუტო ფონდს მსოფლიოსა და რეგიონის ქვეყნების 2013 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით დღევანდელზე უფრო ოპტიმისტური პროგნოზი ჰქონდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2013 წელს მსოფლიოში საშუალოდ 3,6%-დან 2,9%-მდე შემცირდა. რეგიონის ქვეყნებიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეუმცირდა მოლდოვას, რუსეთსა და უკრაინას, თუმცა გაეზარდა სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს.
დასკვნა 2012წლის მესამე კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდის ტემპის მაჩვენებელი მეორე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა და 7,5% შეადგინა, რაც წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით ნორმალურია. 2012 წლის მეოთხე კვარტალში მშპ მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შემდეგ კლების ტენდენცია გაგრძელდა და 2013 წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება ("საქსტატი") 1,3% გახდა. ამდენად, მშპ-ის ზრდის ტემპის შემცირების ტენდენცია 2012 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო.
ჩვენთან საუბარში დავით ონოფრიშვილმა თქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში არ წაუკითხავს, რომ მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია 2012 წლის მესამე კვარტალში დაიწყო, თუმცა წინა მთავრობის მიერ პარლამენტში შეტანილ განმარტებით ბარათზე მიგვითითებს. დოკუმენტში მართლაც ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, 2013 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე მცირდებოდა (2012 წელს დაგეგმილი იყო 7%-იანი ზრდა), თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამა წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული პროგნოზით, 2013 წელს საქართველოში მშპ 2,4%-ით იზრდება, რაც შარშანდელ პროგნოზზე გაცილებით ნაკლებია.
მცდარია დავით ონოფრიშვილის განცხადება: „მთელს რეგიონში ქვეყანა არ არის, მშპ რომ არ შემცირებულიყოს და ბევრად მეტად, ვიდრე საქართველოში.“ რეგიონის რიგ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ტემპის ზრდა ფიქსირდება.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2012 წლის ოქტომბერში საშუალოდ მსოფლიოში 2013 წლის მშპ-ის რეალური ზრდის უფრო მაღალ მაჩვენებელს პროგნოზირებდა, ვიდრე 2013 წლის ოქტომბერში, თუმცა რეგიონის ქვეყნებიდან რამდენიმეს (სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს) აღნიშნულ პერიოდში პროგნოზი გაეზარდათ.
ჩვენ ვასკვნით, რომ დავით ონოფრიშვილის განცხადება „მშპ-ის კლება 2012 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ამაზე არაერთხელ თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა. კვარტალური ვარდნა დაწყებულია თქვენ დროს და ეს არის შედეგი, რაც დღეს ხდება. და მეორე: 6% შეთანხმებული იყო სავალუტო ფონდთან და ზოგადად პროგნოზი მსოფლიოსა და რეგიონში იყო უკეთესი... მთელს რეგიონში ქვეყანა არ არის, მშპ რომ არ შემცირებულიყოს და ბევრად მეტად, ვიდრე საქართველოში“, არისმეტწილად მცდარი.
2013 წლის მესამე კვარტლის მონაცემები საქსტატის მიერ მშპ-ის რეალური ზრდის ტემპის წინასწარი შეფასებაა.