წლის 19 ნოემბერს, მთავრობის წევრობის კანდიდატები საპარლამენტო უმცირესობას შეხვდნენ და თავიანთი სამთავრობო პროგრამა გააცნეს. შეხვედრისას, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა (ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრის პოსტს ბოლო ერთი წლის განმავლობაში იკავებდა, თუმცა პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მოქმედი მთავრობის უფლებამოსილება შეწყდა და დღის წესრიგში მისი თავიდან ფორმირების საკითხი დადგა), ნოდარ ხადურმა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „წელს, მეორე კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობა 8 ათასი კაცით არის გაზრდილი პირველ კვარტალთან შედარებით, ხოლო წელს პირველ კვარტალში 15 ათასი კაცით მეტი მუშაობდა, ვიდრე შარშან პირველ კვარტალში“.
ფაქტ–მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
„საქსტატის“ მონაცემებისთანახმად, 2012 წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 470,000 კაცს შეადგენდა. 2013 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 485,700-ს უდრის, რაც იმას ნიშნავს, რომ 2013 წლის პირველ სამ თვეში, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა მართლაც გაზრდილია 15,700-ით.
2013 წლის მეორე კვარტალშიდასაქმებულთა რაოდენობა 503,500-ს უდრიდა, რაც 17,800-ით აღემატება პირველი კვარტლის მაჩვენებელს. ნოდარ ხადურის განცხადების ამ ნაწილში ფაქტობრივ უზუსტობას აქვს ადგილი და დასაქმებულთა რაოდენობა არა 8,000-ით არამედ 17,800-ით არის გაზრდილი.
ფაქტ-მეტრი ამ უზუსტობას საბოლოო დასკვნისას არ გაითვალისწინებს, რადგან არ არსებობს ლოგიკური ახსნა, თუ რატომ უნდა ეთქვა მინისტრს დასაქმებულთა ზრდის ამსახველი ნაკლები ციფრი, თუ არა უნებლიე შეცდომა. თუმცა, ნოდარ ხადურის განცხადების ამ ნაწილში სხვა „წინააღმდეგობა“ არსებობს, რაც უფრო საყურადღებოა. „საქსტატი“ ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის დათვლისას ვერ გამორიცხავს სეზონურობის ფაქტორს, ამიტომ ამა თუ იმ კვარტლის წინა კვარტალთან შედარება არაზუსტ ინტერპრეტაციას იძლევა და მოცემული კვარტლის შედარება მხოლოდ წინა წლის იგივე კვარტალთანაა შესაძლებელი. უწყებაში აცხადებენ, რომ დასაქმებულთა რაოდენობის დათვლისას სეზონურობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა კვარტლებში განსხვავებული მონაცემები ფიქსირდება. დასაქმების მხრივ ყველაზე პასიური პირველი კვარტალია. უმეტეს შემთხვევაში, ყოველი მომდევნო კვარტლის მონაცემი წინას აღემატება, შესაბამისად დასაქმებულთა ყველაზე მაღალი ციფრი მეოთხე კვარტალში ფიქსირდება.
მონაცემთა შედარების ზემოაღნიშნულ მეთოდს თავად ნოდარ ხადური მოიხსენიებდა როგორც საქართველოში შედარების არსებულ ერთადერთ მეთოდს და შესაბამისად აქტიურად ეწინააღმდეგებოდა კონკრეტული კვარტლის წინა კვარტალთან შედარებას. იგი აცხადებდა, რომ ამ თუ იმ კვარტლის შედარება მხოლოდ წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან იყო შესაძლებელი. მისი ეს პოზიცია ჩვენს ერთ-ერთ სტატიაშიც არის ასახული,თუმცა ამჯერად იგი სხვაგვარად მოიქცა და 2013 წლის მეორე კვარტლის სტატისტიკა წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარების ნაცვლად, 2013 წლის პირველ კვარტალს შეადარა.
თუ 2013 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შევადარებთ ვნახავთ, რომ წელს ამ პერიოდში მცირე (400 დასაქმებული) ზრდა შეინიშნება (იხ. გრაფიკი ზემოთ). აქვე დავამატებთ, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის დასაქმების სტატისტიკა დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება. ჩვენ თვალს მივადევნებთ დასაქმებასთან დაკავშირებულ სიტუაციას და ამ თემას მომავალშიც დავუბრუნდებით.
დასკვნანოდარ ხადურის განცხადებაში სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მართლაც 15,700-ით გაიზარდა.
2013წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით ხადურის მიერ დასახელებულ ზრდაზე მეტიც ფიქსირდება, თუმცა კონკრეტული კვარტლის წინა კვარტალთან შედარება არასწორ ინტერპრეტაციას იძლევა და სწორი დასკვნის გასაკეთებლად იგი წინა წლის ანალოგიურ კვარტალს უნდა შედარდეს. რეკომენდირებული შედარების მიხედვით, 2013 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რიცხვი მხოლოდ 400 კაცით არის გაზრდილი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დასაქმების საკითხზე საუბრისას მოცემული კვარტლის წინა კვარტალთან შედარებას ფინანსთა მინისტრი რამდენიმე თვის წინ აქტიურად ეწინააღმდეგებოდა,ხოლო 19 ნოემბრის გამოსვლაში მან სწორედ ის შედარება გამოიყენა, რისთვისაც ოპონენტებს აკრიტიკებდა.
როგორც ვთქვით, ნოდარ ხადურმა პირველი კვარტლის მონაცემები სწორად შეადარა, ვინაიდან ზრდა საკმაოდ შესამჩნევი იყო და ათასებში გამოიხატებოდა, ხოლო მეორე კვარტალზე საუბრისას ის ალბათ მოერიდა (სწორი შედარების შემთხვევაში) სამუშაო ადგილების ოთხასკაციან ზრდაზე საუბარს და აქცენტი უფრო დიდ რიცხვზე გააკეთა. ეს კი ეჭვს ბადებს იმის შესახებ, რომ მან სპეციალურად არ მოინდომა სწორი შედარების გაკეთება, რათა არ შექმნილიყო შთაბეჭდილება დასაქმებულთა ზრდის ტემპის შემცირების შესახებ. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ნოდარ ხადურის განცხადება: „წელს, მეორე კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობა 8 ათასი კაცით არის გაზრდილი პირველ კვარტალთან შედარებით, ხოლო წელს პირველ კვარტალში 15 ათასი კაცით მეტი მუშაობდა, ვიდრე შარშან პირველ კვარტალში“, არის ნახევრად სიმართლე.