წლის 30 ოქტომბერს, პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მან აქცენტი მომავალში უმუშევრობის ზრდაზე, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში 600 მილიონიან გარღვევაზე და 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში პენსიების ზრდის შეჩერებაზე გააკეთა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ 2014 წელს „უპრეცედენტოდ დიდ და მაღალპროცენტიან შიდა ვალს იღებს სახელმწიფო, რაც შემდეგ რთული იქნება გასასტუმრებლად.’’ დეპუტატის განცხადებით, საგანგაშოა, რომ მთავრობა ამ ვალს სოციალური პროექტების დაფინანსებას მოახმარს.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, გადაემოწმებინა, საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სახელმწიფო მართლაც აპირებს თუ არა „მაღალპროცენტიანი და უპრეცედენტოდ დიდი შიდა ვალის“ აღებას.
როგორც ფაქტ-მეტრს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, 2014 წელს სახელმწიფო, შიდა ვალის აღების მიზნით, სახაზინო ობლიგაციების და ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს. სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები ფინანსთა სამინისტროს განმარტებით „ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებია,’’ რაც ვადიანობის მიხედვით სხვადასხვაა: 6 თვიანი, ერთწლიანი, ორწლიანი, ხუთწლიანი და ათწლიანი.
საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მაჩვენებლები (ათას ლარებში) როგორც ცხრილიდან ვხედავთ, 2014 წელს საშინაო ვალდებულებების (სახაზინო ობლიგაციები და ვალდებულებები) 400 მლნ. ლარით ზრდაა გათვალისწინებული. ეს რიცხვი 2013 წლის იგივე მონაცემს 250 მლნ. ლარით, ხოლო 2012 წლის მონაცემს კი 342 მლნ. ლარით აღემატება. როგორც ვხედავთ, 2014 წლის გეგმით გათვალისწინებული საშინაო ვალის ოდენობა მართლაც მკვეთრად განსხვავდება წინა ორ წელში აღებული შიდა ვალის ოდენობისგან. საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტისმიხედვით საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2014 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 9,977.1 მლნ. ლარის ოდენობითაა განსაზღვრული. ეს თანხა როგორც 2014 წლის ბიუჯეტის გეგმით ასაღებ ვალს, ამავე დროს წინა წლებში აკუმულირებულ გადაუხდელ ვალებსაც მოიცავს. 9,977.1 მლნ. ლარიდან სახელმწიფოს საგარეო ვალი 7,592.9 მლნ. ლარია, ხოლო საშინაო ვალი კი 2,384.2 მლნ. ლარი. ვინაიდან 2014 წელს 400 მლნ. ლარის მოცულობის შიდა ვალის აღება იგეგმება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 1,984.2 მლნ. ლარი (2,384.2-400=1,984.2) წინა წლებში აკუმულირებული გადაუხდელი, დარჩენილი შიდა ვალია. რაც შეეხება ვალის მომსახურებისთვის განკუთვნილ საპროცენტო განაკვეთს, ამის შესახებ ინფორმაცია 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში მოცემული არ არის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად როგორც ფინანსთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს, ასევე თავად გიორგი ვაშაძესაც დავუკავშირდით. ფინანსთა სამინისტროში სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნინო შანშიაშვილის განცხადებით, სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების გამოშვება 1997-2005 წლებში და 2009 წლიდან დღემდე ხდება. მისი თქმით, ეს ვალდებულებები 2004-2005 წლებში განულდა, ანუ გადაიფარა და 2009 წლიდან კვლავ მოხდა მათი განახლება. 2006, 2007 და 2008 წლებში სახელმწიფოს სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები არ გამოუშვია. 2009 წელს საშინაო ვალდებულებების 260 მილიონიანი ზრდა, 2010 წელს 172 მილიონიანი, ხოლო 2011 წელს კი 91 მილიონიანი ზრდა განხორციელდა. როგორც ვხედავთ, 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე, 2014 წელს შიდა ვალის ყველაზე დიდი მოცულობის აღება იგეგმება. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების 400 მილიონიან მოცულობაზე მეტი აქამდე ჯერ არ გამოუშვიათ. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, მან აღნიშნა, რომ ცნობილი ჯერ არ არის, რადგან იგი ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ აუქციონის სახით დგინდება.
ზოგადად, ვალის მომსახურების საფასურს წინასწარ, არსებული საშუალო შეწონილი პროცენტის მიხედვით ითვლიან. ნინო შანშიაშვილის განცხადებით, საშუალო შეწონილი პროცენტი ოქტომბრის თვის მდგომარეობით ყველა ტიპის, დაუფარავ ფასიან ქაღალდზე 7.8% შეადგენს,თუმცა მომავალში ის როგორ შეიცვლება, ჯერ ცნობილი არ არის. ასევე, ჯერ უცნობია 400 მილიონი ლარიდან რა რაოდენობის სახაზინო ვალდებულება ან ობლიგაცია გამოვა და ვადიანობის მიხედვით როგორ გადანაწილდება ისინი; თუმცა როგორც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, სამინისტრო როგორც ერთწლიანი, ასევე ორწლიანი, ხუთწლიანი და ათწლიანი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გეგმავს. რაც შეეხება საშუალო შეწონილ საპროცენტო განაკვეთს, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 7.8% 400 მილიონიანი სესხისთვის უკვე მაღალია და მისი ვარაუდით ეს პროცენტი მეტი აღარ შემცირდება. „სახელმწიფოს თანხები სჭირდება და სახაზინო ვალდებულებებს იაფად არავინ იყიდის’’, განაცხადა მან. მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით სამომავლო საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით ახლა ვერაფერს ვიტყვით, დეპუტატის ეს განცხადება ლოგიკურია. ნათელია, რომ სახელმწიფოს თანხები მართლაც სჭირდება და ის 2014 წელს მართლაც "უპრეცედენტოდ" დიდ შიდა ვალს - 400 მილიონი ლარის აღებას გეგმავს.
იმისათვის, რომ გავარკვიოთ 7.8 საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი რამდენად მაღალ პროცენტს წარმოადგენს, გასული წლების მონაცემები განვიხილოთ.
სხვადასხვა სახის სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წლების მიხედვით.როგორც ცხრილიდან ვხედავთ, 2009 წელს მხოლოდ 6 თვიანი და 1 წლიანი სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციებია გამოშვებული; ასევე ჩანს, რომ შემდგომ წლებში სხვადასხვა სახეობის ფასიანი ქაღალდების რაოდენობა იზრდება. 2012 წლიდან 6 თვიანი სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები გაუქმდა, რაც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმაც დაგვიდასტურა. ცხრილიდან ჩანს, რომ 2010, 2011 და 2012 წლებში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი თითქმის ყველა სახის ფასიანი ქაღალდზე საკმაოდ მაღალია და 7.8%-ს აჭარბებს. ასე, რომ დღევანდელი 7.8% ცალკე აღებული, წინა წლების საპროცენტო განაკვეთთან შედარებით მართალია უფრო მაღალ პროცენტს არ წარმოადგენს, თუმცა 400 მილიონიანი ვალის მომსახურებისთვის ის მაინც საკმაოდ მაღალია.
ასევე აღსანიშნავია ის, რომ საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი მეტწილად ფასიანი ქაღალდის ვადიანობაზეა დამოკიდებული. სახაზინო ვალდებულება ძირითადად ერთწლიანია, ხოლო ობლიგაცია კი 2, 5 და 10 წლიანი. ფასიანი ქაღალდის ხანგრძლივობა მის რისკიანობას განსაზღვრავს და აქედან გამომდინარე, გრძელვადიან ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, ვიდრე ერთ წლიან სახაზინო ვალდებულებებზე. მაგალითად, 10 წლიანი ობლიგაციების ბოლო აუქციონი 2013 წლის 21 ნოემბერს გაიმართა და საშუალო შეწონილ საპროცენტო განაკვეთი 10%-ით განისაზღვრა, ხოლო სახაზინო ვალდებულებების საშუალო შეწონილ საპროცენტო განაკვეთი ბოლო აუქციონზე, რომელიც 2013 წლის 14 ნოემბერს გაიმართა, 4.2%-ით. შესაბამისად 2014 წელს საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების და ვალდებულებების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, რაც ჯერ ცნობილი არ არის. დასკვნა 2014წელს გეგმით განსაზღვრული შიდა ვალის ოდენობა 400 მლნ. ლარია. ეს მოცულობა გასულ წლებში აღებულ შიდა ვალებს შორის ყველაზე დიდ თანხას წარმოადგენს. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ის ზუსტად ჯერ ცნობილი არ არის და ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ აუქციონის სახით დადგინდება. ასევე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ სახელმწიფო რა რაოდენობის სახაზინო ვალდებულებებს და ობლიგაციებს გამოუშვებს, რადგან მათი ვადიანობის მიხედვით საპროცენტო განაკვეთებიც სხვადასხვაა. უხეშად, ვალის მომსახურების საფასურს კი წინასწარ არსებული საშუალო შეწონილი პროცენტით ანგარიშობენ, რაც 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 7.8%-ია. 7.8% ცალკე აღებული, წინა წლების საშუალო შეწონილ საპროცენტო განაკვეთთან შედარებით უფრო მაღალ პროცენტს არ წარმოადგენს, თუმცა 400 მილიონიანი ვალის მომსახურებისთვის ის საკმაოდ მაღალია.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადება: „უპრეცედენტოდ დიდ და მაღალპროცენტიან შიდა ვალს იღებს სახელმწიფო, რაც შემდეგ რთული იქნება გასასტუმრებლად“, არის მეტწილად სიმართლე.