“მრავალი წლის განმავლობაში, პარლამენტმა პირველად ცნო და აღიარა არაერთი კონსტიტუციური სარჩელის სამართლიანობა, რასაც შედეგად მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებებიც”
2013 წლის 4 სექტემბერს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წლიური ანგარიშის წარდგენისას, უმრავლესობის წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ, განაცხადა: “მრავალი წლის განმავლობაში პირველად მოხდა ის, როდესაც პარლამენტის წარმომადგენელმა ცნო და აღიარა არაერთი კონსტიტუციური სარჩელის სამართლიანობა, რასაც შედეგად მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებებიც”. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა აღნიშნული განცხადებით და გადაწყვიტა შეემოწმებინა, რამდენად შეესაბამება  ვახტანგ ხმალაძის განცხადება სიმართლეს. საკონსტიტუციო სამართალწარმოება ხორციელდება კონსტიტუციისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე. საქმის არსებითად განხილვა იწყება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოხსენებით. საქმეზე მოხსენების გაკეთების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს ჯერ მოსარჩელის, შემდეგ კი მოპასუხის განმარტებებს. ამის შემდეგ, სასამართლო ისმენს მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებებს და აქვეყნებს საქმეში არსებულ და საქმის განხილვის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს. ამას მოჰყვება საქმის განხილვის მონაწილეთა დასკვნითი სიტყვების მოსმენა, რის შემდეგაც, სასამართლო გადის სათათბირო ოთახში. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ან დასკვნაზე ხელმოწერის შემდეგ კი, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადაწყვეტილებას. 1996 წლიდან დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოში სულ 542 კონსტიტუციური სარჩელი შევიდა. აქედან, 388 საქმეზე მოპასუხე საქართველოს პარლამენტი იყო. მათგან, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად 78 საქმე განიხილა. იმის გასარკვევად, თუ რამდენი სარჩელი ცნო საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსული სარჩელებიდან 2012 წლის 20 ოქტომბრამდე და 20 ოქტომბრიდან დღემდე, საკონსტიტუციო სასამართლოდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. წერილი კანონით განსაზღვრულ ვადებში მივიღეთ. მასში აღნიშნულია, რომ : „საქართველოს კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-13 მუხლის   მე-5 ნაწილის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, მთლიანად ან ნაწილობრივ, ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“. ამავე კანონის 1 მუხლის მე-3 ნაწილით, მოპასუხეს ასევე შეუძლია სარჩელის უარყოფა ან გაქარწყლება. წერილში მოყვანილია საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკა, სადაც საქართველოს პარლამენტმა სამი კონსტიტუციური სარჩელი ცნო შემდეგ საქმეებში:
  1. 11.06.2013 -№ 534 - საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
  2. 14.05.2013 - № 516-542 - საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
  3. 10.04.2013 - № 524 - საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
მეტი სიზუსტისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემაში გადავამოწმეთ საქმეები, სადაც მოპასუხედ საქართველოს პარლამენტი გვევლინება. აღსანიშნავია, რომ 1996 წლიდან 2012 წლის 20 ოქტომბრამდე, საქართველოს პარლამენტს არცერთი მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ უცვნია. დასკვნა როგორც გავარკვიეთ, 2012 წლის 20 ოქტომბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტმა სამი საკონსტიტუციო სარჩელი ცნო, მაშინ, როცა მანამდე, არცერთ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ვახტანგ ხმალაძის განცხადება: “მრავალი წლის განმავლობაში  პარლამენტმა პირველად ცნო და აღიარა არაერთი კონსტიტუციური სარჩელის სამართლიანობა, რასაც შედეგად მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებებიც”, არის სიმართლე.