2013 წლის 4 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა, კომიტეტის წლიური ანგარიშის წარდგენისას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. წარმოდგენილ ანგარიშში აქცენტი იმერეთის რეგიონში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შედეგად შექმნილ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც გაკეთდა. კერძოდ, 2012 წლის 28 დეკემბერს საკომიტეტო სხდომამ იმერეთის რეგიონში მოქმედი საწარმოებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შედეგად შექმნილი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა განიხილა.
კომიტეტის სხდომაზე მიწვეულები იყვნენ ამ რეგიონში მოქმედი (ჭიათურა, თერჯოლა) საწარმოების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ადგილობრივი მოსახლეობა. ანგარიშში განმარტებულია, რომ ზესტაფონში მოქმედ ფეროშენადნობთა ქარხანას გამწმენდი საშუალებები არ გააჩნია, რაც უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობას განაპირობებს. გამოსვლისას, გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ „ქალაქ ზესტაფონში აღებული ჰაერის ნიმუშებში მანგანუმის ორჟანგის შემცველობა 237–ჯერ აღემატება საშუალო დღეღამური კონცენტრაციის ნორმას“, რაც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მძიმედ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
ფაქტ–მეტრი აღნიშნული თემით დაინტერესდა და ქალაქ ზესტაფონის ატმოსფერულ ჰაერში შემავალი მავნე ნივთიერებების შემადგენლობის შესწავლა გადაწყვიტა.
საკითხის დეტალურად შესასწავლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მივმართეთ. მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“ ქალაქ ზესტაფონში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვებას ჩიკაშუას ქუჩაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვების პუნქტის საშუალებით ახორციელებს. დაკვირვება დღეში 3–ჯერ წარმოებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზესტაფონის ატმოსფერულ ჰაერში მანგანუმის ორჟანგის შემცველობა 237–ჯერ აღემატება საშუალო დღეღამური კონცენტრაციის ზღვრულ ნორმას, სამინისტრომ კატეგორიულად უარყო. იქვე განგვიმარტეს, რომ მსგავსი მაჩვენებლის არსებობის შემთხვევაში ადგილზე ნებისმიერი ტიპის ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნებოდა.
უფრო დეტალურად ჰაერში შემავალი მავნე ნივთიერებების ჩამონათვალი ასეთია:
მოცემული მავნე ნივთიერებებიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 24 თებერვლის #38/ნ ბრძანების თანახმად, მანგანუმის დიოქსიდის (იგივე მანგანუმის ორჟანგის) ზღვრულად დასაშვები საშუალო სადღეღამისო კონცენტრაცია 0,001 მგ/მ3–ს, ხოლო მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია 0,01 მგ/მ3-ს შეადგენს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსავე ინფორმაციით, 2010–2012 წლებში, ქალაქ ზესტაფონის ატმოსფერული ჰაერის მანგანუმის დიოქსიდით დაბინძურების მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილში დაფიქსირებული მონაცემების თანახმად, 2012 წელს ზესტაფონის ატმოსფერულ ჰაერში მანგანუმის დიოქსიდის საშუალო წლიური მნიშვნელი 6,8–ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ საშუალო სადღეღამისო კონცენტრაციას, ხოლო მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია 4–ჯერ აღემატებოდა შესაბამის ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას.
2009–2012 წლებში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაცია თვეების მიხედვით გამოქვეყნებულია საიტზე www.aarhus.ge, ხოლო მიმდინარე წლის მონაცემების ნახვა ყოველთვიურად შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.meteo.gov.ge.
იმის გადასამოწმებლად, ხომ არ იყო გიორგი ცაგარეიშვილის მიერ დასახელებული ციფრი (237), საუბრის დროს მექანიკურად დაშვებული შეცდომა, საქართველოს პარლამენტიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შესაბამისი წლიური ანგარიში გამოვითხოვეთ, სადაც იგივე მონაცემია დაფიქსირებული. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში განგვიმარტეს, აღნიშნული ანგარიში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშებზე დაყრდნობით არის მომზადებული.
ზესტაფონის ჰაერში შემავალი მავნე ნივთიერებების მონიტორინგს საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სწორედ მათი დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემებია ასახული გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხში, რომლის თანახმადაც, 2012 წლის მდგომარეობით ზესტაფონის ატმოსფერულ ჰაერში მანგანუმის დიოქსიდის საშუალო წლიური მნიშვნელობა 6,8–ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ საშუალო სადღეღამისო კონცენტრაციას - 0,001 მგ/3–ს. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ეს თავისთავად მაღალი მაჩვენებელია და გარკვეულ რისკებზე საუბარი, ცხადია, შესაძლებელია, თუმცა, მასზე დაყრდნობით, კატასტროფული სურათის დახატვა არამართებულია. რაც შეეხება დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ნორმის 237-ჯერ მატების შესახებ, აღნიშნული მონაცემი გარემოს დაცვის სააგენტოს დაკვირვების შედეგს არ წარმოადგენს და მასზე კომენტარის გაკეთება უჭირთ.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით მანგანუმის ორჟანგის ტოქსიკურობა მაღალია. განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს მანგანუმის მოპოვებისას პიროლუზიტის გაფრქვევა–გადაზიდვა და ფოლადის დნობა. მანგანუმი და მისი ნაერთები სამრეწველო შხამებს მიეკუთვნება, რომლებიც ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევენ და ხასიათდებიან ნეიროტროპული ეფექტით. მას ახასიათებს კუმულაციის უნარი და იწვევს მხოლოდ ქრონიკული ინტოქსიკაციის განვითარებას. ქრონიკული მოქმედებისას ის გროვდება პარენქიმულ ორგანოებში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში, ძვლებში, თავისა და ზურგის ტვინში. სისხლში მანგანუმის მომატება ინტოქსიკაციის აუცილებელი მაჩვენებლი არ არის. ასევე, არ არსებობს მკაფიო კავშირი ინტოქსიკაციის ინტენსივობასა და სამუშაო ზონის ჰაერში მანგანუმის კონცენტრაციას შორის.
სამუშაო ზონის ჰაერში მანგანუმის მაღალი კონცენტრაციის არსებობისას (ფეროშენადნობთა წარმოება, მაღაროებში მშრალი ბურღვის წარმოებისას) შესაძლებელია მძიმე ფორმის ინტოქსიკაციების სწრაფი ტემპით განვითარება მუშაობის დაწყებიდან 2–6 თვის შემდეგ.
დასკვნა
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მანგანუმის დიოქსიდი (იგივე მანგანუმის ორჟანგი) ატმოსფერულ ჰაერში შემავალი მავნე ნივთიერებების ჩამონათვალს განეკუთვნება და მისი ზღვრულად დასაშვები საშუალო დღეღამური კონცენტრაციის ნორმა 0,001 მგ/მ3–ია. ზღვრული ნორმის გადაჭარბება ადამიანის ჯანმრთელობისათვის რისკებს შეიცავს.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვებას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს. უშუალოდ ქ. ზესტაფონში კი, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვება ჩიკაშუას ქუჩაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვების პუნქტის საშუალებით ხორციელდება. დაკვირვება დღეში 3–ჯერ წარმოებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროც სწორედ ამ უკანასკნელის მონაცემებით სარგებლობს და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისათვის მათი მხრიდან რაიმე დამატებითი, ან განსხვავებული ანგარიშების გაგზავნა არ ხდება.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2012 წელს ქ. ზესტაფონის ატმოსფერულ ჰაერში მანგანუმის დიოქსიდის საშუალო წლიური მნიშვნელობა 6,8–ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ საშუალო სადღეღამისო კონცენტრაციას (რაც ჯანმრთელობისათვის რისკებს ნამდვილად შეიცავს), თუმცა, არა 237–ჯერ, როგორც ეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა ანგარიშის წარდგენისას გააჟღერა. აღნიშნული ციფრის რეალობასთან შესაბამისობა კატეგორიულად უარყვეს, როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, ისე გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
შესაბამისად ფაქტ–მეტრი ასკვნის, რომ დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება: „ქალაქ ზესტაფონში აღებული ჰაერის ნიმუშებში მანგანუმის ორჟანგის შემცველობა 237–ჯერ აღემატება საშუალო დღეღამური კონცენტრაციის ნორმას“, არის მცდარი.
„ქალაქ ზესტაფონში აღებული ჰაერის ნიმუშებში მანგანუმის ორჟანგის შემცველობა 237–ჯერ აღემატება საშუალო დღეღამური კონცენტრაციის ნორმას“
21/10/2013
Неправда
заявление не точное
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные