2013 წლის 25 ივლისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ მდგომარეობა თვითდინებაზე მიუშვა, რის გამოც, დღეს მოვალეთა რეესტრში ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქეა დარეგისტრირებული. მისი თქმით, ასი ათასობით ადამიანი ან გამოსახლებულია, ან გამოსახლების პირას იმყოფება, მათი ქონება კი ყადაღადადებულია, ან აღსრულების პროცესშია.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეკა ბესელიას განცხადება. ამ მიზნით, ჩვენ მივმართეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოვალეთა რეესტრის შესახებ შესაბამისი საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
აღსრულების ეროვნული ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მისი უმთავრესი დანიშნულებაა სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოების და კანონით გათვალისწინებული სხვა გადაწყვეტილებების აღსრულება. ამ მიზნის მისაღწევად, აღსრულების ეროვნული ბიურო ეწევა სააღსრულებლო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც ის უფლებამოსილია გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები. იგი ემსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს), გაერთიანებებს, სახელმწიფოს - ყველა იმ პირს, რომლის უფლებების დარღვევაც დადასტურებულია სათანადო წესით.
აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ: "შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობა. მოვალეთა რეესტრში მოვალე რეგისტრირდება მის მიმართ წარმოებაში არსებულ საქმეთა რაოდენობის შესაბამისად". წერილის მიხედვით, მოვალეთა რეესტრში 2013 წლის 12 აგვისტოს მონაცემებით რეგისტრირებული მოვალეების რიცხვი [ფიზიკური და იურიდიული პირი ერთად] შეადგენს 92 933-ს.
ასევე, 2013 წლის აგვისტოს დასაწყისისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში მიმდინარე საქმეთა რაოდენობა უტოლდებოდა 102 322 სააღსრულებო წარმოებას, საიდანაც გამოსახლების კატეგორიის საქმეთა რაოდენობამ მხოლოდ 288 ერთეული [დაახლოებით 0.28%] შეადგინა.
2011 წლიდან დღემდე კი აღსრულდა 282 გამოსახლების კატეგორიის სააღსრულებო წარმოება, რომლის გადანაწილება წლებისა და კვარტლების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.
ამასთანავე, აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიღებულ წერილში ნათქვამია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არ ახდენს წარმოებათა მიმდინარეობისას გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების რაოდენობის აღრიცხვასა და სტატისტიკურ დამუშავებას. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, რამდენი ფიზიკური თუ იურიდიული პირის ქონებას დაედო ყადაღა.
დასკვნა
მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირებულია 92 933 ფიზიკური და იურიდიული პირი და არა ნახევარი მილიონი მოქალაქე, როგორც ამას პარლამენტარი იტყობინება.
ასევე, ცალსახად მცდარია პარლამენტარის განცხადების მეორე ნაწილიც. აღსრულების პროცესში იმყოფება ყველა ის პირი (ფიზიკური და იურიდიული), რომელიც დარეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული წერილის თანახმად, შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რამდენი მოქალაქის ქონება არის ყადაღადადებული, რადგან აღსრულების ეროვნული ბიურო მათ აღრიცხვას არ აწარმოებს. რაც შეეხება გამოსახლების პირას მყოფ ადამიანებს, თეორიულად მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირებული ყველა მოქალაქე შესაძლოა იყოს გამოსახლების პირას [გამომდინარე იქიდან, რომ თეორიულად არსებობს შანსი, თუნდაც მინიმალური, რომ მოვალე მასზე დაკისრებული თანხის გადახდას ვერ უზრუნველყოფს], თუმცა მათი მთლიანი რიცხვი (აღსრულების პროცესში მყოფი პირები, იქნება ეს გამოსახლების პირას მყოფი თუ ყადაღადადებული ადამიანები, როგორც ამას ეკა ბესელია აღნიშნავს) 92 933-ს ვერ გადააჭარბებს. გამოსახლების კატეგორიის საქმეთა რაოდენობამ კი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანახმად მხოლოდ 288 ერთეული შეადგინა.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ეკა ბესელიას განცხადება: „წინა ხელისუფლებამ მდგომარეობა მიუშვა თვითდინებაზე და დღეს მივიღეთ, რომ მოვალეთა რეესტრში ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქე არის დარეგისტრირებული და ასი ათასობით ადამიანი ან გამოსახლებულია ან გამოსახლების პირას, ყადაღადადებულია ან აღსრულების პროცესშია“, არის ტყუილი.
„...დღეს მივიღეთ, რომ მოვალეთა რეესტრში ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქე არის დარეგისტრირებული და ასი ათასობით ადამიანი ან გამოსახლებულია, ან გამოსახლების პირასაა, ყადაღადადებულია, ან აღსრულების პროცესშია“
04/09/2013
Ложь
заявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные