2013 წლის 30 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, დეპუტატებს 2012 წლის საპარლამენტო ანგარიში „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში“ გააცნო. ანგარიშის წარდგენის შემდეგ სახალხო დამცველმა პარლამენტის წევრების კითხვებსაც უპასუხა.
ნანუაშვილს კითხვა „ქართული ოცნების“ წევრმა, ზურაბ აბაშიძემაც დაუსვა. იგი პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის მდგომარეობით დაინტერესდა და სახალხო დამცველს სთხოვა განემარტა, თუ რატომ არ ეძლევა ყოფილ პრემიერ მინისტრს ოჯახის წევრების ნახვის საშუალება. უჩა ნანუაშვილმა დეპუტატის შეკითხვაზე შემდეგი პასუხი გასცა: „ჩვენი წარმომადგენლები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ მასთან [ვანო მერაბიშვილთან]. შემიძლია გითხრათ, რომ მას პრობლემები არ აქვს... მას ჰქონდა სურვილი შეხვედროდა ოჯახის წევრებს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა, სწორედ ის, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არის მიღებული, კრძალავს ოჯახის წევრების ვიზიტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მანამ, სანამ გამოძიება არ არის დასრულებული.“
ფაქტ–მეტრი დაინტერესდა, კანონით მართლაც აკრძალულია თუ არა წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის მონახულება მისი ოჯახის წევრების მიერ.
ჩვენ დავუკავშირდით სახალხო დამცველს და ვთხოვეთ დაეზუსტებინა, კონკრეტულად რომელ კანონს გულისხმობდა განცხადების გაკეთებისას. უჩა ნანუაშვილმა გვაცნობა, რომ აღნიშნული საკითხი საპროცესო კანონმდებლობით რეგულირდება. პასუხის მიღების შემდეგ ჩვენ გამოვიკვლიეთ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს საკანონმდებლო აქტი ბრალდებულის პაემანთან დაკავშირებულ საკითხებს არ არეგულირებს.
2010 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა „პატიმრობის კოდექსი“, რომლის მე–17 მუხლის თანახმად აკრძალულია ბრალდებულის (ვანო მერაბიშვილს სწორედ ბრალდებულის სტატუსი აქვს), ან მსჯავრდებულის სრული იზოლაცია. ბრალდებულს წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს ოჯახის წევრების ნახვის საშუალება. ამავე კოდექსის გარდამავალი 123–ე მუხლი, რომელიც 2014 წლის 1 იანვრამდეა ძალაში, გვეუბნება, რომ ბრალდებული 1 თვის განმავლობაში სარგებლობს არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით, პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე.
ის რომ ბრალდებულს კანონი ოჯახის წევრების ნახვას არ უკრძალავს, იურიდიული დახმარების სამსახურმაც დაგვიდასტურა. ჩვენთვის მოწერილ წერილში ნათქვამია, რომ მსგავსი აკრძალვა არ არსებობს. ამასთან, როდესაც პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ბრალდებულის ნახვის უფლებაზე ნებართვას საქმეზე ზედამხედველი პროკურორი გასცემს.
დასკვნა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონში ბრალდებულის პაემნის აკრძალვა არ არსებობს და უჩა ნანუაშვილის განცხადება არაზუსტია. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრაქტიკაში ბრალდებულს შეიძლება მართლაც არ მიეცეს ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება პროკურორის ან გამომძიებლის მიერ დაწესებული შეზღუდვის გამო (იმ შემთხვევაში თუ ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პაემანი გამოძიების ინტერესებს დააზარალებს). ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენ სახალხო დამცველის განცხადებას ფაქტ–მეტრის ყველაზე დაბალი გრადაციით („ტყუილი“) არ ვაფასებთ და ვასკვნით, რომ უჩა ნანუაშვილის განცხადება: „ვანო მერაბიშვილს ჰქონდა სურვილი შეხვედროდა ოჯახის წევრებს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს ოჯახის წევრების ვიზიტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მანამ, სანამ გამოძიება არ არის დასრულებული“, არის მცდარი.