„2010 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის, ადმინისტრაციულისა და სამოქალაქოს 26 ათასი საქმე მოისმინა. მხოლოდ სამ საქმეზე იქნა გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი“

2013 წლის 30 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, დეპუტატებს 2012 წლის საპარლამენტო ანგარიში -„ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში“ გააცნო. ანგარიშის წარდგენისას მან განაცხადა, რომ „2010 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის, ადმინისტრაციულისა და სამოქალაქოს 26 ათასი საქმე მოისმინა. მხოლოდ სამ საქმეზე იქნა გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი“.

 

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა სახალხო დამცველის განცხადებით და გადაწყვიტა გადაემოწმებინა, რამდენად შეესაბამება ის სიმართლეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოსგან გამოთხოვილი წერილით ირკვევა, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში:

 

 

  • ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განხილული იქნა 6858 ადმინისტრაციული სარჩელი, მათგან დაკმაყოფილდა 3350 სარჩელი;

 

 

  • სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განხილული იქნა 13 256 სამოქალაქო სარჩელი, მათგან დაკმაყოფილდა 6549 სარჩელი;

 

 

  • სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში განხილული იქნა 7945 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა 6738 საქმეზე, ხოლო არსებითი განხილვით განხილული იქნა 1114 საქმე, მათგან გამამართლებელი განაჩენი დადგა 3 პირის მიმართ და ნაწილობრივ გამამართლებელი  - 19 პირის მიმართ.

 

 

ამ ინფორმაციიდან ჩანს, რომ 2010 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სულ განხილული იქნა 26 852 საქმე. აქვე, აუცილებელია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ტერმინები გამამართლებელი განაჩენი და სარჩელის დაკმაყოფილება. გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენი დგება სისხლის სამართლის საქმეებზე, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილება კი - ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.

 

დასკვნა

 

2010 წელს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში განხილული იქნას 7945 სისხლის სამართლის საქმე, აქედან 1114 არსებითად განიხილეს და მათგან მხოლოდ 3 პირის მიმართ იქნა გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი. საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა 6738 საქმეზე. დანარჩენი 20 114 საქმე 26 852 საქმიდან მოდის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. აქედან გამომდინარე, 2010 წელს გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკის სწორი კონტექსტი არსებითად განხილული 1114 სისხლის სამართლის საქმეა და არა ჯამური 26 852.

 

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ უჩა ნანუაშვილის განცხადება: „2010 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო 26 ათასი საქმე მოისმინა. მხოლოდ სამ საქმეზე იქნა გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი“ არის ნახევრად სიმართლე.