სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის ციტატა: „ვფიქრობ, ირანი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის. მომავალში ალბათ ვესტუმრები ამ ქვეყანას“ (1, 2, 3, 4; 5). ციტატა გაავრცელეს მედია საშუალებებმაც, მათ შორის, „რუსთავი 2-მა“; „ნიუსჰაბმა“; „პრაიმ ტაიმმა“ და „რადიო იმედმა“. რეალურად, ილონ მასკის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება არ დასტურდება.
ილონ მასკის ციტატა მის ოფიციალურ X-ანგარიშზე არ იძებნება. ციტატა არ გამოუქვეყნებია არც ერთ ინგლისურენოვან სანდო მედიას. თანაც, ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას წარმოადგენს და მსგავსი განცხადება არა ერთი მედიის ყურადღებას მიიპყრობდა. გამოგონილი ციტატა, რომელსაც ამერიკელ მილიარდერს მიაწერენ, მხოლოდ ერთ ინგლისურენოვან X-ანგარიშზე გვხვდება, სახელწოდებით : „Sprinter Observer“. ანგარიშს, რომელსაც 607 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, დეზინფორმაცია აქამდეც არა ერთხელ გაუვრცელებია (1; 2; 3).
ღია წყაროებში ილონ მასკსა და ირანთან დაკავშირებით, მასკისა და ირანის ელჩის შეხვედრის ინფორმაცია იძებნება. შეხვედრა 2024 წლის ნოემბერში შედგა. შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი ბოლოს საჯაროდ 25 იანვარს Alternative für Deutschland (AfD) წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვიდეოჩართვით გამოჩნდა. მასკმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებს მიმართა. ამ მიმართვის დროს მას ირანთან დაკავშირებით არ უსაუბრია. მიმართვის შემდეგ ილონ მასკს საჯარო ინტერვიუ არ ჰქონია.
ამგვარად, ილონ მასკის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება არ დასტურდება.