„ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად ახსენებენ, რომ საქართველოში, მათ შორის, აჭარაში, ტურიზმის მაჩვენებლები გაზრდილია. რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი თორნიკე რიჟვაძე აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ შეეხო და განაცხადა: „ჩვენ ყველას გვქონდა ოცნება, რომ აჭარა, ბათუმი გვექცია ნამდვილ მოკაშკაშე ვარსკვლავად, ტურისტულ მიმართულებად და მიხარია, რომ ეს მიზანი მიღწეულია“.
„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, გაგაცნოთ, როგორი მდგომარეობაა აჭარაში ტურიზმის მიმართულებით და რომელი ქვეყნების მოქალაქეები სტუმრობენ ყველაზე ხშირად რეგიონს. ამ ეტაპზე საქსტატს მხოლოდ სამი კვარტლის მაჩვენებლები აქვს გამოქვეყნებული. აქვე აღვნიშნავთ, რომ ის გარკვეულ პარამეტრებს არ ითვლის რეგიონების მიხედვით. თუმცა, საზღვრის კვეთის თვალსაზრისით, საერთო სურათის დანახვა შესაძლებელია.
ვინაიდან 2020-2021 წლები პანდემიური იყო და გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა, შედარების მიზნით, საწყის მაჩვენებლად 2019 წლის პარამეტრები ავიღეთ. ირკვევა, რომ 2019 წლიდან 2024 წლის სამი კვარტლის მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ, აჭარაში ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა. ამავე პერიოდში რეგიონში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს რეზიდენტებმაც.
დიაგრამა 1. 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა აჭარაში, 2019-2024 წლების კვარტალური მონაცემები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
შენიშვნა: პანდემიასთან დაკავშირებით, მათ შორის, საზღვრის კვეთასთან მიმართებით შემოღებული შეზღუდვების დროს, 2020 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის პირველ კვარტლამდე, საქსტატი მონაცემებს არ ითვლიდა.
საშუალო თვიური მაჩვენებლების წლიურ ჭრილში გადაანგარიშებით, არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ 2023 წელს განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა აღემატება პანდემიამდელ, 2019 წლის, მაჩვენებელს.
დიაგრამა 2. 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების წლიური რაოდენობა აჭარაში, 2019-2023 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლა
რაც შეეხება 2024 წლის სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელს, ის, დაახლოებით, 2 113 500 ვიზიტს შეადგენს (სამი კვარტლის საშუალო თვიური მაჩვენებლის 9 თვეზე გადაანგარიშებით). შეგახსენებთ, რომ შარშანდელი რაოდენობა საბოლოო არაა და ის ზუსტად გვეცოდინება რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც საქსტატი მეოთხე კვარტლის მონაცემებსაც გამოაქვეყნებს. არსებული მდგომარეობით, 2024 წლის სამი კვარტლის ჯამური რაოდენობა 57 300-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის რაოდენობაზე (2 170 800 ვიზიტი).
2024 წლის სამი კვარტლის მიხედვით, გაზრდილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. უკვე 2023 წელს რეზიდენტმა პირებმა რეგიონში იმაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს, ვიდრე პანდემიამდელ 2019 წელს. იხ. ფაქტ-მეტრის სტატია. შარშანდელი სამი კვარტლის ჯამური მაჩვენებელი კი მეტია 2023 წლის სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელზე.
დიაგრამა 3. 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა აჭარაში, 2019-2024 წლების კვარტალური მონაცემები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დიაგრამა 3 ადასტურებს, რომ შარშანდელი სამი კვარტლის საშუალო თვიური მაჩვენებლები აღემატება 2019 წლისა და 2023 წლის ანალოგიური პერიოდების მონაცემებს. წლიური პარამეტრები კი ასე გამოიყურება:
დიაგრამა 4. 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების წლიური რაოდენობა აჭარაში, 2019-2023 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლა
თუ 2024 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლებს დავაჯამებთ, ვნახავთ, რომ რეზიდენტი პირების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1 731 600 შეადგინა. ეს 130 500-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (1 601 100 ვიზიტი).
თუ საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი პირების მიერ განხორციელებულ ვიზიტებს დავაჯამებთ, ასეთ სურათს მივიღებთ:
დიაგრამა 5. 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების წლიური (ჯამური) რაოდენობა აჭარაში, 2019-2023 წლები და 2024 წლის სამი კვარტალი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლა
შენიშვნა: დიაგრამები ასახავს ვიზიტების რაოდენობას და გულისხმობს, რომ ერთი ვიზიტორის მიერ, შესაძლოა, განხორციელდა ორი ან მეტი ვიზიტი.
როგორც აღვნიშნეთ, საქსტატი გარკვეულ პარამეტრებს რეგიონების მიხედვით არ ითვლის. მაგალითად, საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილება მოქალაქეობის ქვეყნების მიხედვით დათვლილია მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიზიტორები, თბილისის შემდეგ, აჭარას სტუმრობენ, ხოლო 2024 წლის მესამე კვარტალში ზღვისპირა რეგიონში უფრო მეტი ვიზიტი განხორციელდა, ვიდრე დედაქალაქში (აჭარა - 393 200 და თბილისი - 374 900), გონივრულია, რომ მოქალაქეობის მიხედვით ვიზიტების გადანაწილება აჭარაზეც ვრცელდება და რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეების მხრიდან ვიზიტების რაოდენობა ყველაზე მეტია.
ცხრილი 1. 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილება მოქალაქეობის ქვეყნების მიხედვით, ათასი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
შენიშვნა 1: იგულისხმება საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყნის რეზიდენტები არიან
თუ ცხრილი 1-ის მიხედვით ვიმსჯელებთ, ვნახავთ, რომ პანდემიამდელ წელს საქართველოში ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზერბაიჯანზე მოდის - 127 200 ვიზიტი, მეორე ადგილზე, 122 600 ვიზიტით, რუსეთის ფედერაციაა, ხოლო მესამეზე, 113 800 ვიზიტით, სომხეთი. რაც შეეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა, წლიურ ჭრილში, 40 400-ს შეადგენს. 2023 წელს კი მკვეთრადაა შემცირებული სომხეთის, აზერბაიჯანისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური მაჩვენებლები.
დიაგრამა 6. 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა მოქალაქეობის ქვეყნების მიხედვით, 2019-2023 წლები და 2024 წლის სამი კვარტალი, პირველი ექვსეული
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2024 წლის სამივე კვარტლის მიხედვით კი, საშუალო თვიური მაჩვენებლები არის: სომხეთი - 81 400; აზერბაიჯანი - 18 100; რუსეთის ფედერაცია - 123 400; თურქეთი - 117 800; ევროკავშირი - 35 900. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ 2019 წელთან შედარებით, 2024 წლის სამი კვარტლის მიხედვით, ვიზიტების რაოდენობის საშუალო თვიური მაჩვენებლები გაზრდილია რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის მოქალაქეების მხრიდან. თუ დიაგრამა 6-ს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ საანგარიშო პერიოდში, 2021-2022 წლების გამოკლებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მუდმივად აღემატება თურქეთის მოქალაქეების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას, ხოლო 2019 წლის გარდა - ყველა სხვა მონაცემსაც. 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანის მოქალაქეებმა განახორციელეს[1]. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები კი საქართველოს შარშან ცხრა თვეში უფრო მეტჯერ ესტუმრნენ, ვიდრე 2023 წელს, თუმცა 2019 წელთან მიმართებით, ვიზიტების რაოდენობა შემცირებულია. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხარჯავს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ტურისტული მარკეტინგისთვის. კერძოდ, ამ მიზნით 2023 წელს გათვალისწინებული იყო 7 135 500 ლარი (ფაქტი), 2024 წელს - 9 885 000 ლარი (გეგმა), ხოლო 2025 წელს 8 611 000 ლარის გახარჯვა იგეგმება.
[1] 2019 წლის ივლისში რუსეთმა საქართველოში პირდაპირი ფრენები აკრძალა. აკრძალვა 2023 წლის მაისამდე გაგრძელდა. აზერბაიჯანს 2020 წელს პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრები ამ დრომდე არ გაუხსნია. როგორც მოსკოვის, ასევე ბაქოს გადაწყვეტილებებმა გავლენა საქართველოს ტურისტულ მაჩვენებლებზეც იქონია.