ბოლო 4 წელიწადში ეკონომიკა 40 მლრდ-ით გავზარდეთ

ირაკლი კობახიძე: ბოლო 4 წელიწადში ეკონომიკა 40 მლრდ-ით გავზარდეთ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2020 წელს ეკონომიკის მოცულობამ 49.8 მლრდ ლარი შეადგინა, 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 87.7 მლრდ ლარია, რომელიც მოსალოდნელზე მაღალი მშპ-ის ზრდის ტემპის გამო შესაძლოა, მცირედით გაიზარდოს.

2024 წლის ბოლოსთვის, 2020 წელთან შედარებით, ნომინალური ეკონომიკა მინიმუმ 38 მლრდ-ით იქნება გაზრდილი, თუმცა ამ რიცხვს ორი პრობლემა აქვს: საბაზო პანდემიური წელი და ინფლაცია, მათი ყურადღების მიღმა დატოვება რეალურ სურათს ამახინჯებს.

2020 წელს კოვიდრეგულაციების ფარგლებში საწარმოების დახურვის შედეგად მშპ 6.3%-ით შემცირდა - ყველაზე მეტად 1994 წლის შემდეგ. მომდევნო 2021 წელს დაფიქსირებული ორნიშნა ზრდა ძირითადად დახურული ბიზნესების ხელახალ გახსნას უკავშირდება.

2020 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ჯამურმა ზრდამ 27%-ს გადააჭარბა. თუ ეკონომიკას 2024 წლის მუდმივ ფასებში გავზომავთ, ის მხოლოდ 63-დან 88 მლრდ-მდე იქნება გაზრდილი.

რიცხობრივად მეტ-ნაკლებად სწორი მონაცემის, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის: საბაზო პანდემიური პერიოდისა და ინფლაციის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „Pos tv-ის“ ეთერში განაცხადა (39:18-დან): „ამ ოთხი წლის განმავლობაში, იგივე 2021, 2022, 2023, 2024 წლის მონაცემები რომ ავიღოთ, ჩვენ 40 მლრდ-ით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა“.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 49.8 მლრდ ლარს შეადგენდა, 2023 წელს - 80.2 მლრდ-ს, 2024 წლის პროგნოზი 87.7 მლრდ ლარია, თუმცა დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად (9 თვეში წლიურმა ზრდის ტემპმა 9.8% შეადგინა) შესაძლოა, მან მართლაც მიაღწიოს 90 მლრდ-ს. ნომინალური რიცხვები სწორია, თუმცა მტკიცებას მაინც გააჩნია ორი პრობლემა - ინფლაცია და საბაზო პანდემიური წელი.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო. ვარდნის გამომწვევი მიზეზი ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემები არ გამხდარა. რეგულაციების გამო კვების, განთავსებისა და სავაჭრო ობიექტები უბრალოდ დაიხურა. გაჩერდა ტრანსპორტიც. დახურული საწარმოების ხელახალ გახსნას 2021-ში ზრდა მოჰყვა.

გრაფიკი 1: მშპ და მშპ-ის ზრდის ტემპი


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ფინანსთა სამინისტრო

საქართველო გამონაკლისი არ ყოფილა. ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობაში 2020 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა, აშშ-ში დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა, 2021 წელს კი ზრდამ ათწლეულების რეკორდი მოხსნა.

2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 3.6%-ით გაიზარდა.

პანდემიის გარდა, რიცხობრივი ზრდა მაღალმა ინფლაციამაც გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ იმავე 2020 წელს ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა, ნომინალური მშპ-ის მოცულობა მცირედით, მაგრამ მაინც 49.7-დან 49.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

2021-2023 წლებში, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ჯამურად 32% შეადგინა, რაც სამწლიანი პერიოდისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, თუმცა ნომინალურად ორჯერ მეტი 61%-იანი ზრდა დაფიქსირდა - 49.8-დან 80.2 მლრდ-მდე. სხვაობის ძირითადი მიზეზი ინფლაციაა, აღნიშნულ პერიოდში სამომხმარებლო ფასები 26%-ით გაიზარდა. 2021 წელს ინფლაციამ 9.6%-ს და 2022 წელს 11.9%-ს მიაღწია. 2023 წელს ის მკვეთრად - 2.5%-მდე, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კიდევ უფრო მეტად - 1%-მდე შემცირდა. ბოლო პერიოდში სიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, 2024 წლის ფასებში, 2020 წლის 49.8 მლრდ 63.2 მლრდ-ს უთანაბრდება, ანუ რეალური ეკონომიკა ნომინალურზე დაბალი ტემპით - 63 მლრდ-დან 88 მლრდ-მდე გაიზარდა (რადგან 2024 წელი დასრულებული არაა, 2024 წლის მონაცემად ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული საპროგნოზო მაჩვენებელია აღებული).

გრაფიკი 2: მშპ მიმდინარე და მუდმივ ფასებში


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ფინანსთა სამინისტრო

რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წელთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლებია, თუ მასაც ინფლაციით დავაკორექტირებთ, აღმოჩნდება, რომ 2019-2024 წლებში მუდმივ ფასებში დათვლით, ეკონომიკა 66-დან 88 მლრდ-მდე გაზრდილა, ანუ პრემიერის მიერ დასახელებულ რიცხვთან შედარებით ორჯერ ნაკლებით.

რიცხობრივად მეტ-ნაკლებად სწორი მონაცემის, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის: საბაზო პანდემიური პერიოდისა და ინფლაციის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.