არეულობის მოწყობის მცდელობის მიუხედავად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10%-ით გაიზარდა

ირაკლი კობახიძე: არეულობის მოწყობის მცდელობის მიუხედავად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

2024 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.3%-ით - 574 მლნ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა 6 თვიან ჭრილში მკვეთრად - 34%-ით, 769 მლნ-მდე შემცირდა.

ბოლო წლების მსგავსად, ინვესტიციებში ახალი ინვესტიციები მცირეა და უდიდესი წილი რეინვესტირებაზე მოდის. კერძოდ, რეინვესტირების მაჩვენებელმა 6 თვეში - 70%-ს, ცალკე აღებულ მეორე კვარტალში კი 79%-ს მიღწია.

ინვესტიციების კიდევ ერთი საზომი მისი მშპ-სთან ფარდობაა. 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 5.3% შეადგინა, რაც თუ არ ჩავთვლით 2020 წელს, ბოლო 20 წლის მინიმუმია. წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რა მოცულობის ინვესტიცია შემოვა დარჩენილ ორ კვარტალში, თუმცა თანხობრივად 2023 წლის მაჩვენებელთან დასაწევადაც კი 57%-იანი ზრდაა საჭირო. ასეთ შემთხვევაშიც კი, ეკონომიკის ზრდის გათვალისწინებით, ინვესტიციის ფარდობა მშპ-სთან უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე 2023 წელს.

პრემიერი სწორად  მხოლოდ მეორე კვარტლის ნომინალურ მაჩვენებელს ასახელებს და გვერდს უვლის 6-თვიან მნიშვნელოვან კლებას, აგრეთვე მშპ-სთან ფარდობის კლებასა და ახალი ინვესტიციების სიმცირეს. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე კვარტალში ზრდა, „არეულობის მოწყობის მცდელობის“ მიუხედავად, მაინც მოხერხდა. ამ მიდგომით, პირველ კვარტალში ზრდა კიდევ უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალურად, იანვარ-მარტში 70%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, რაც არსებული ეკონომიკური მდგომარეობის რეალურზე უკეთესად წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა ვერდიქტით მეტწილად მცდარი.  

ანალიზი: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 სექტემბერს ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა: „მეორე კვარტალში 10%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით. ეს იყო ის კვარტალი, როდესაც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ცდილობდა არეულობის მოწყობას და აქაც კი 10%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.3%-ით 520-დან 574 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ორი კვარტლის ჯამში კი 34%-ით - 769 მლნ-მდე შემცირდა.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია, რომ პრემიერმა მეორე კვარტალში, „არეულობის მოწყობის მცდელობის მიუხედავად“, ზრდა დადებით კონტექსტში წარმოაჩინა. „არეულობის მოწყობად“ ირაკლი კობახიძემ, სავარაუდოდ, აპრილ-მაისში „რუსული კანონის“ გასაპროტესტებლად მოწყობილი აქციები მიიჩნია. პოლიტიკური პროცესები ეკონომიკაზე მართლაც ახდენს გავლენას, მაგრამ თუ მხოლოდ ამ დაშვებას გავყვებით, მაშინ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რატომ შემცირდა ინვესტიციები 70%-ით პირველ კვარტალში, მაშინ, როცა აქციები არ ყოფილა.

მეორე კვარტალში ინვესტიციების თითქმის ნახევარი - 267 მლნ, ბრიტანეთიდან შემოვიდა, 59 მლნ-ით მეორე ადგილს იაპონია იკავებს, 38 მლნ-ით სამეულს მალტა ასრულებს. ათეულში ასევე მოხვდნენ: აზერბაიჯანი, ჩეხეთი, ნიდერლანდები, აშშ, ისრაელი ავსტრია და ვირჯინიის კუნძულები.

გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვითმეორე კვარტალში (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სექტორულად, ყველაზე მეტი - 300 მლნ დოლარის ინვესტიცია, საფინანსო სფეროში განხორციელდა, 79 მლნ-ით მეორე ადგილს ვაჭრობა იკავებს, დამამუშავებელი მრეწველობის წილი კი 56 მლნ-ა.

გრაფიკი 3: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვითმეორე კვარტალში (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

კომპონენტების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამი წყაროსგან შედგება: სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები.  საქსტატი თითოეულ კომპონენტს ცალ-ცალკე 2013 წლიდან აღრიცხავს. მთელ ამ პერიოდში, რეინვესტირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 9%, 2015 წელს დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი 84% - 2020 წელს.

2017 წლიდან ე.წ. ესტონური მოდელი შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც, თუ კომპანია მოგების რეინვესტიციას განახორციელებდა, ის მოგების გადასახადისგან თავისუფლდებოდა. თუ 2016 წელს მოგების გადასახადით სახელმწიფო ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტით შეივსო, 2017 წელს 300 მლნ-ით ნაკლების, 757 მლნ ლარის, მობილიზება მოხერხდა, თუმცა დანაკლისის ანაზღაურება თამბაქოს ნაწარმისა და საწვავზე აქციზის განაკვეთის ზრდით მოხერხდა.

რეფორმა დაეტყო ინვესტიციებსაც. 2017 წელს რეინვესტირების მაჩვენებელმა 31%-ს მიაღწია, 2019 წელს - 47%-ს. რეფორმამდე, 2013-2016, წლებში რეინვესტირების საშუალო მაჩვენებელი 18%-ს შეადგენდა, 2017-2023 წლებში სამჯერ მეტს - 57%-ს. მაშინაც კი, თუ პანდემიურ 2020-2021 წლებს არ გავითვალისწინებთ, რეინვესტირების საშუალო მაჩვენებელი,საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ, 51%-ს გაუთანაბრდა.

2024 წლის პირველ კვარტალში რეინვესტირების მაჩვენებელი 40%-მდე შემცირდა, თუმცა მეორე კვარტალში ისევ 79%-მდე გაიზარდა, ორი კვარტლის ჯამში კი 70%-მდე.

გრაფიკი 4: რეინვესტირების მაჩვენებელი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ეკონომიკური თვალსაზრისით, ინვესტიციაა სააქციო კაპიტალიც ანუ ახალი ინვესტიციის შემოსვლაც და რეინვესტირებაც. ის ფაქტი, რომ ინვესტორი ამონაგებს უკან აბრუნებს, მისასალმებელია, თუმცა ახალი ინვესტიციების ნაკლებობა გარკვეულ პრობლემებზე მიუთითებს.

ინვესტიციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საზომი მისი მშპ-სთან ფარდობაა. 2022 წელს, მაშინ როცა ინვესტიციებმა თანხობრივად რეკორდი მოხსნა, მისმა მშპ-სთან ფარდობამ 8.5% შეადგინა, თუმცა იქამდე, უფრო მცირე ზომის ეკონომიკის პირობებში, მსგავსი ფარდობა ორნიშნა მაჩვენებელზე შვიდჯერ გავიდა.

2023 წელს ფარდობა 5.3%-მდე შემცირდა, რაც თუ არ ჩავთვლით 2020 წელს, 20-წლიანი მინიმუმია. წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვა დარჩენილ ორ კვარტალში. ინვესტიციების მოცულობა თანხობრივად 2023 წლის მაჩვენებელს რომ გაუთანაბრდეს, დარჩენილ 6 თვეში ის 57%-ით უნდა გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაშიც კი, ეკონომიკის ზრდის გათვალისწინებით, ინვესტიციების შეფარდება მშპ-სთან 2023 წელს დაფიქსირებულ 5.3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციები მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნამდვილად გაიზარდა 10%-ით, 6-თვიან ჭრილში მაინც მნიშვნელოვანი - 34%-იანი ვარდნა ნარჩუნდება. პრემიერი სწორად ასახელებს მხოლოდ მეორე კვარტლის ნომინალურ მაჩვენებელს და 6-თვიანი მნიშვნელოვანი კლების ფაქტს გვერდს უვლის, აგრეთვე მშპ-სთან ფარდობის კლებასა და ახალი ინვესტიციების სიმცირეს. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე კვარტალში ზრდა - „არეულობის მოწყობის მცდელობის“ მიუხედავად, მაინც მოხერხდა. ამ მიდგომით, პირველ კვარტალში ზრდა კიდევ უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალურად, იანვარ-მარტში, 70%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, რაც არსებული ეკონომიკური მდგომარეობის რეალურზე უკეთესად წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა ვერდიქტით მეტწილად მცდარი.