ხილის ექსპორტში 40%-იანი ზრდა გვქონდა

ლევან დავითაშვილი:  ხილის ექსპორტში 40%-იანი ზრდა გვქონდა  

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე: 2020 წელს ხილის ექსპორტმა ჯამში 169 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (134 262  ტონა), რაც შარშანდელ მაჩვენებელს - 120 მლნ აშშ დოლარს (98 268 ტონა), 40%-ით აღემატება. ხილის ექსპორტი არამარტო მთლიანობაშია გაზრდილი, არამედ, ზრდა  ხილის ცალკეული სახეობების ექსპორტშიც ფიქსირდება. განსაკუთრებით მკაფიო ზრდა ატმის, მოცვის, წაბლის, ნუშის და ყურძნის შემთხვევაში გვაქვს. თუმცა ხილის ექსპორტის წამყვან ბაზრად, ტრადიციულად, კვლავ რუსეთის ბაზარი რჩება. მხოლოდ თხილის შემთხვევაში, ძირითადი საექსპორტო ბაზარი - ევროკავშირის ქვეყნებია (მთლიანი ექსპორტის 78.4%). აქედან გამომდინარე, ლევან დავითაშვილის განცხადება არის სიმართლე

ანალიზი

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის მაშინდელმა კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე საუბრისას ხილის ექსპორტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „მეხილეობაში წელს გვქონდა 169 მლნ დოლარის ექსპორტი, წინა წელს იყო 120 მლნ დოლარი, რაც 40%-იანი ზრდაა“. ( 20 თებერვალი,13:39  პარლამენტი

2020 წელს, საქართველოდან 942.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ძირითადად ექსპორტირებულია: ღვინო (22%), სპირტიანი სასმელები (14%), მინერალური და მტკნარი წყლები (12%), თხილი (10%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (3%) და სხვა. 2020 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 92 ქვეყანაში განხორციელდა.  

რაც შეეხება უშუალოდ ხილის ექსპორტს, 2020 წელს სულ 169 მლნ დოლარის ღირებულების ხილის (134 262 ტონა) ექსპორტი განხორციელდა, იგივე მონაცემი 2019 წელს 120 მლნ აშშ დოლარი იყო (98 268 ტონა). შესაბამისად, 2020 წელს ხილის ექსპორტი მართლაც 40%-ით არის გაზრდილი, როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს.

ცხრილი1: ხილის ექსპორტი 2019-2020 წლებში  

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2020 წელს,  ხილის ექსპორტი ჯამში და, მათ შორის, ცალკეული სახეობის  ხილისაც, როგორც რაოდენობრივად (ტონა) არის გაზრდილი, ასევე ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც (მლნ აშშ დოლარი), გაზრდილია. გამონაკლისს ვაშლი წარმოადგენს, რომლის ექსპორტი რაოდენობრივად შემცირებულია (224 ტონით), თუმცა ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი - გაზრდილი (505 ათასი აშშ დოლარით). 2019 წელთან შედარებით განსაკუთრებით  ატმის, მოცვის, წაბლის, ნუშის და ყურძნის ექსპორტია გაზრდილი.

ასევე საინტერესოა, ხილის ექსპორტი ძირითადად რომელ ქვეყნებში განხორციელდა.

 თხილის ექსპორტის 78.4% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ევროკავშირის გარდა, ყველაზე მეტი თხილი ექსპორტზე შემდეგ ქვეყნებში გავიდა: რუსეთი - 4%, სომხეთი - 4%, ბელარუსი - 3.7% და ა.შ.

ატმის ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთის ბაზარზე განხორციელდა - 80.8%, სომხეთში - მთლიანი ექსპორტის 17.2%, ევროკავშირის ქვეყნებში - 0.6%, უკრაინაში - 0.6%, აზერბაიჯანში- 0.6% გავიდა და ა.შ.

მანდარინის ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთში არის გატანილი, მთლიანი ექსპორტის 71.5%, სომხეთში -16.3%, უკრაინაში -8.7%, ევროკავშირში - 0.5% და ა.შ.

ვაშლის ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთის ბაზარზე განხორციელდა - 91%, სომხეთში - 4.4%, აზერბაიჯანში - 2,2%, ევროკავშირში - 0.3% და ა.შ.

ხურმის ყველაზე დიდი რაოდენობა - 59.2% რუსეთშია გატანილი, შემდეგ მოდის უკრაინა - 23.4%,  სომხეთი - 16.4%, ევროკავშირში ხურმის ექსპორტი არ განხორციელებულა.

მოცვის მთლიანი ექსპორტის 94% რუსეთზე მოდის, ევროკავშირის ქვეყნებზე - მხოლოდ 1.4%, სომხეთში - 2%  გავიდა, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში -1.5%.

წაბლის მთლიანი ექსპორტის 35.9% რუსეთის ბაზარზე მოდის, ევროკავშირის ქვეყნებზე - 28.6%. სომხეთში - 12.7%, აზერბაიჯანში -13.5%, ლიბანში - 8.5% წაბლის ექსპორტი განხორციელდა და ა.შ.

მსხლის ყველაზე დიდი რაოდენობა სომხეთში - 61.4% გავიდა, რუსეთში - 34.4%, აზერბაიჯანში -3.5% და ა.შ.

ნუშის მთლიანი ექსპორტის 94.3% ყირგიზეთზე მოდის, უკრაინაში ნუშის 5.7%-ია ექსპორტირებული.

ყურძნის ყველაზე დიდი რაოდენობა - 80.1% რუსეთში იქნა შეტანილი, ექსპორტის 6.3%- აზერბაიჯანში, 6.2% -სომხეთში, უკრაინაში - 5.4%, ევროკავშირის ქვეყნებში - 0.4%, განხორციელდა.

როგორც განხილული მაგალითები გვიჩვენებს, ხილის ექსპორტის ძირითადი ბაზარი მაინც რუსეთის ბაზარია და ყველაზე დიდი რაოდენობის ხილი სწორედ რუსეთში გადის, გამონაკლისი მხოლოდ თხილი, მსხალი და ნუშია. აქედან, ძირითადი საექსპორტო ბაზარი - ევროკავშირის ქვეყნები - მხოლოდ თხილის შემთხვევაშია (მთლიანი ექსპორტის 78.4%).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლევან დავითაშვილის განცხადება არის სიმართლე.