სოფლის მეურნეობის ჯამური გამოშვება ბოლო წლებში გვაქვს ზრდადი. უფრო მეტი ზრდა გვაქვს გადამამუშავებელ მრეწველობაში

რეზიუმე:     წინასწარი მონაცემით, 2018 წელს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 4.0 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 6.4%-ით აღემატება, ხოლო 2012 წლისას 43.8%-ით. ასევე გაზრდილია სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანი გამოშვება. 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 5.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემზე 4.2%-ით მეტია, 2012 წლის მაჩვენებელს კი 40.8%-ით აღემატება. 

თუმცა აგრარულ სექტორში პროგრესის სანახავად, მართებულია, დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადაროთ. ამ მეთოდით შედარება ფასების მატებით (ინფლაციით) გამოწვეულ ღირებულების ზრდას გამორიცხავს. 2018 წლის წინასწარი მონაცემით, სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა მუდმივ ფასებში 1.759 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.7 მლნ ლარით (0.7%-ით) აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს აღინიშნა, როცა ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 11.3% შეადგინა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ტემპი კლების ტენდენციით ხასიათდება და 2017 წელს 3.8 %-იანი კლებაა. რაც შეეხება 2018 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა მხოლოდ 0.7%-ია.

ასევე, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2013 წლიდან ყოველწლიურად მცირდება და 2018 წელს მთლიანი ეკონომიკის 7.7 % შეადგინა. რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სხვა სექტორები უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა ვიდრე სოფლის მეურნეობა. შეიძლება, ითქვას, რომ  2013-2018 წლებში გაზრდილი დაფინანსების პირობებში სოფლის მეურნეობის სექტორი უმნიშვნელოდ გაიზარდა აბსოლუტურ მაჩვენებელში, წილობრივი მაჩვენებელი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით კი შემცირდა.

ანალიზი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას სოფლის მეურნეობის მიღწევებზე ისაუბრა და  აღნიშნა: „ჩვენ სოფლის მეურნეობის ჯამური გამოშვება ბოლო წლებში გვაქვს ზრდადი. უფრო მეტი ზრდა გვაქვს გადამამუშავებელ მრეწველობაში“.

წინასწარი მონაცემით, 2018 წელს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 4.0 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 6.4%-ით, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელს 43.8%-ით აღემატება.

ცხრილი 1:  სოფლის მეურნეობის პროდუქციის მთლიანი გამოშვება (მლნ ლარი ) და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანი გამოშვება (მლნ ლარი)

წელი

სოფლის მეურნეობის პროდუქციის მთლიანი გამოშვება (მლნ ლარი)

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანი გამოშვება (მლნ ლარი)

2012

2 807

3 735

2013

3 210

3 983

2014

3 387

4 567

2015

3 653

4 513

2016

3 854

4 763

2017

3 796

5 045

2018

4 037

5 258

წყარო:  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2018 წელს  სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 5.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 4.2%-ით, 2012 წლისას კი 40.8%-ით აღემატება.

2018 წლის წინასწარი მონაცემით, აგროსასურსათო სექტორში შექმნილი დამატებითი ღირებულება  4.9 მილიარდ ლარს შეადგენს მიმდინარე ფასებში, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 6.1%-ით, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელს 48.7%-ით აღემატება. 2018 წლის წინასწარი მონაცემით, აგროსასურსათო სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 13.8%-ს შეადგენს. იგივე მონაცემი 2017 წელს 14.2% იყო, 2012 წელს კი 14.6%.

გრაფიკი 1:  აგროსექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება

წყარო:   სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში რეალურად შექმნილი დამატებითი ღირებულების ცვლილებით იზომება. სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა (წარმოების ოდენობის ცვლილება წინა წელთან მიმართებით) გვიჩვენებს თუ როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ფასების ცვლილების ეფექტის გარეშე. შესაბამისად, აგრარულ სექტორში პროგრესის სანახავად, მართებულია, დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადაროთ. ამ მეთოდით შედარება ფასების მატებით (ინფლაციით) გამოწვეულ ღირებულების ზრდას გამორიცხავს. 2018 წლის წინასწარი მონაცემით, სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა მუდმივ ფასებში 1.759 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.7 მლნ ლარით (0.7%-ით) აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გრაფიკი 2:  სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა 2012-2018 წლებში

სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს იყო, როცა ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 11.3% შეადგინა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ტემპი კლების ტენდენციით ხასიათდება და 2017 წელს 3.8 %-იანი კლება აღინიშნა. რაც შეეხება 2018 წელს, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა მხოლოდ 0.7%-ია. სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2013 წლიდან ყოველწლიურად მცირდება და 2018 წელს მთლიანი ეკონომიკის 7.7 % შეადგინა.

გრაფიკი 3:   სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2012-2018 წლებში

წყარო:   სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსების ზრდა 2012 წლიდან დაიწყო („ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელს). 2011 წელს სოფლის მეურნეობის სექტორის ხარჯი 39.9 მლნ ლარი იყო. ეს მაჩვენებელი 2012 წელს 212.8 მლნ ლარამდე გაიზარდა. მიუხედავად დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდისა, 2012 წელს სოფლის მეურნეობა 3.8%-ით შემცირდა. 2012-2017 წლებში სოფლის მეურნეობის სექტორის ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადებთან მიმართებით, საშუალოდ 2.5% იყო, რაც 2018 წელს 1.8%-მდე შემცირდა, მიმდინარე წელს კი 1.7%-ით არის დაგეგმილი.

2013-2018 წლებში გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სოფლის მეურნეობის სექტორი უმნიშვნელოდ გაიზარდა აბსოლუტურ მაჩვენებელში, წილობრივი მაჩვენებელი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით კი შემცირდა.