2017 პირველი წელია, როცა საგარეო ვაჭრობის დეფიციტის ნაწილი ტურიზმისა და პირდაპირი ინვესტიციების ჯამით დაიფარა

რეზიუმე: ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საქონლით ვაჭრობის მუხლი საქართველოს შემთხვევაში უარყოფითია ე.ი. ქვეყნიდან უფრო მეტი ვალუტა გადის (ანუ იმპორტი მეტია ექსპორტზე), ვიდრე შემოდის, რასაც დაბალანსება სჭირდება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებასთან შესაბამისობაშია ფაქტი, რომ 2017 წელს ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალებით მოხდა საქონლით ვაჭრობის უარყოფითი მაჩვენებლის დაბალანსება, რაც გამონაკლისი შემთხვევაა. კერძოდ, წმინდა შემოსავლები ტურიზმიდან და ინვესტიციებიდან, შესაბამისად, 2.2 და 1.6 მლრდ, ხოლო მათი ჯამი 3.8 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც ფარავს 3.79 მლრდ დოლარის მოცულობის დეფიციტს საქონლით ვაჭრობიდან.

ანალიზი

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა: „2017 პირველი წელია, როცა საგარეო ვაჭრობის დისბალანსის ნაწილი, რომელიც არ დაგვიფინანსებია ტურიზმით, დავაფინანსეთ პირდაპირი ინვესტიციებით, ვხედავთ, რომ ამისთვის ფულს არ ვსესხულობთ“.

ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც ასახავს კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას. ბალანსი შედგება მიმდინარე ანგარიშის, კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ანგარიშისგან.

მიმდინარე ანგარიში მოიცავს საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის მუხლს, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს. თავის მხრივ, შემოსავლების მუხლი გვიჩვენებს შემოსავლის ნაკადებს საზღვარგარეთიდან (კერძოდ, შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს) და საქართველოდან გადარიცხულ შემოსავლებს. ტრანსფერები მოიცავს მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის (მაგალითად, გრანტები, ფინანსური დახმარებები). კაპიტალის ანგარიში შედგება კაპიტალური ტრანსფერებისა და არაწარმოებული არაფინანსური აქტივების შეძენა/გადაცემისგან. კაპიტალური ტრანსფერის ერთ-ერთი სახეა ვალის პატიება. ფინანსური ანგარიში მოიცავს ინვესტიციებს, ფინანსურ წარმოებულებს და სარეზერვო აქტივებს. თუ ქვეყნის მიმდინარე ანგარიში დეფიციტურია, ანუ უფრო მეტი ვალუტა გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, ეს დანაკლისი ფინანსური ანგარიშით იფარება (ინვესტიციებით, ვალის აღებით და ვალუტის რეზერვების შემცირებით).

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე ანგარიში პროფიციტული იყო, მსგავსი ფაქტი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში პირველად დაფიქსირდა.

რაც შეეხება ვაჭრობას, საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობა ისტორიულად დეფიციტურია, ე.ი. უფრო მეტი საქონელი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს, რაც შემოსავლის სხვა წყაროებით დაფინანსებას საჭიროებს.


გრაფიკი 1: სავაჭრო დეფიციტი და ტურიზმიდან/პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლები (მლნ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი


როგორც გრაფიკ 1-ზე ჩანს, 2017 წელი გამონაკლისია იმ თვალსაზრისით, რომ ტურიზმიდან და ინვესტიციებიდან მიღებული წმინდა შემოსავლები, ჯამში საგარეო ვაჭრობის დეფიციტს აბალანსებენ. კერძოდ, წმინდა შემოსავლები ტურიზმიდან და ინვესტიციებიდან, შესაბამისად, 2.2 და 1.6 მლრდ, ხოლო მათი ჯამი 3.8 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც ფარავს 3.79 მლრდ დოლარის მოცულობის დეფიციტს საქონლით ვაჭრობიდან.