ესეც შესაძლებელია: ბრიტანელმა წამალი დალია და გეი გახდა
ვერდიქტი: „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ამბავი არის ყალბი.   რეზიუმე: მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია - „ესეც შესაძლებელია: ბრიტანელმა წამალი დალია და გეი გახდა“ - არის ყალბი. სტატიაში მოყვანილია 23 წლის ბრიტანელის, სკოტ პურდის, ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის „პრეგაბალინის“ მიღების შემდეგ გაუქრა ქალის მიმართ ინტერესი და კაცების მიმართ გაუჩნდა მიზიდულობა. აღნიშნული ცვლილების შედეგად კი თავს ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს. სინამდვილეში, გარეშე ფაქტორების გავლენით სექსუალური იდენტობის ცვლილება მეცნიერულად უარყოფილია. პრეპარატი „პრეგაბალინი“, რომელიც „ლირიკას“ სახელითაა ცნობილი, მღელვარებისა და შფოთის სამკურნალოდ გამოიყენება. კლინიკური ფსიქოლოგებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების განმარტების მიხედვით, პურდის ეს განცხადება გამოიწვია არა ზემოთ აღნიშნულმა პრეპარატმა, არამედ, ის მას საკუთარი სექსუალური იდენტობის გამჟღავნებასთან დაკავშირებული შიშისა და მღელვარების გადალახვაში დაეხმარა.   ანალიზი მედიასაშუალებამ „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „ესეც შესაძლებელია: ბრიტანელმა წამალი დალია და გეი გახდა“. სტატიაში მოყვანილია 23 წლის ბრიტანელის, სკოტ პურდის, ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატ „პრეგაბალინის“ მიღების შემდეგ გაუქრა ქალის მიმართ ინტერესი და კაცების მიმართ გაუჩნდა მიზიდულობა. მისი განცხადების თანახმად, ახალი სექსუალური პრეფერენცია ბედნიერს ხდის და ათავისუფლებს. სკოტ პურდის თქმით, პრეპარატის მიღების შედეგად თავს თავისუფლად გრძნობს და არ ადარდებს სხვების აზრი. იდეა, რომ ჰომოსექსუალობა არის სამედიცინო მდგომარეობა და სექსუალობის შეცვლა გარედან ჩარევის კონკრეტული ხერხებით შესაძლებელია, საკმაოდ მოძველებული და მეცნიერულად უარყოფილია. 1973 წელს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ჰომოსექსუალობა მენტალური ავადმყოფობების სიიდან ამოიღო და დაადგინა, რომ „ტრანსფორმაციისა და რეპარაციული თერაპიები“ (თერაპიები, რომლებიც ჰომოსექსუალიზმის „სამკურნალოდ“ გამოიყენებოდა) ლგბტ ადამიანების ჯანმრთელობისა და ფსიქიკისათვის საფრთხის შემცველია. 1990 წლის 17 მაისს ჰომოსექსუალიზმი მენტალური ავადმყოფობების სიიდან ამოიღო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული ოფისის დირექტორის, მირტა პერიაგოს, განცხადებით, არ არსებობს რაიმე სამედიცინო მტკიცებულება იმისა, რომ სექსუალური ორიენტაციის ცვლილება შესაძლებელია. ლგბტ ფონდის ფსიკური ჯანმრთელობის მთავარი სპეციალისტი, როსელა ნიკოსია, პერპარატის მიღების შედეგად სექსუალური იდენტობის ცვლილებას გამორიცხავს. მისი განცხადებით, საკუთარი სექსუალური და გენდერული იდენტობის მიღება ბევრი ლგბტ ადამიანისათვის მრავალ სირთულეს უკავშირდება. პრეპარატი პრეგაბალინი კი, რომელიც „ლირიკას“ სახელითაა ცნობილი, მღელვარებისა და შფოთის სამკურნალოდ გამოიყენება. ის ზემოქმედებს ტვინში ნეიროტრანსმიტერების (ნეიროტრანსმიტერი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა ნერვის დაბოლოების ადგილას და უზრუნველყოფს იმპულსის გადაცემას ერთი ნერვიდან მეორეში) მუშაობაზე, რომელსაც შედეგად ტკივილის, მღელვარებისა და ეპილეფტიური შეტევების შემცირება მოჰყვება. აღნიშნულ პრეპარატს ბევრი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენება აქვს, თუმცა, შეუძლებელია იმის თქმა, რომ „პრეგაბალინს“ სექსუალურ იდენტობასა და პრეფერენციებზე აქვს გავლენა. კლინიკური ფსიქოლოგის მაიკ ბერის თქმით, ლგბტ ადამიანები განიცდიან მღელვარებას, რომ საკუთარი სექსუალური იდენტობის გამჟღავნების შემთხვევაში შესაძლოა საზოგადოებისგან გარიყულები აღმოჩნდნენ. სწორედ იგივე შემთხვევა იყო სკოტ პურდის შემთხვევაშიც. პრეპარატ „პრეგაბალინის“ მიღების შემდეგ კი შფოთვა გადალახა და თავისი სექსუალური იდენტობის ღიად გამჟღავნება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ზუსტი ფაქტორები უცნობია, მეცნიერული კვლევები ადამიანის დაბადების შემდგომ შექმნილ ჰორმონალურ გარემოსა და სექსუალურ ორიენტაციას შორის კავშირს გამორიცხავენ. ჰარვარდის სამედიცინო სკოლისა და კალიფორნიის სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევიდან ჩანს, რომ პოსტნატალური პერიოდის ჰორმონალურ დონესა და სექსუალურ ორიენტაციას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს. ჰომოსექსუალიზმის თემასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა 2012 წელს კვლევა გამოაქვეყნა. ეპიდემიოლოგიური და კლინიკური კვლევების შედეგად ირკვევა, რომ სექსუალური იდენტობა სექსუალურად განსხვავებული ქცევის გამოხატულებაა, რომელსაც, უმეტესწილად, ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში არსებული ჰორმონალური გარემო განაპირობებს. ამრიგად, მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ამბავი არ შეესაბამება სინამდვილეს. ხოლო მტკიცება, რომ გარეშე ფაქტორებით ადამიანის სექსუალური იდენტობის ცვლილება შესაძლებელია, ყოველგვარ მეცნიერულ ანალიზსა და საფუძველს მოკლებულია.