"პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებული არ იყო"
2013 წლის 14-17 მაისს  საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ლოს-ანჟელესს, ჩიკაგოს და ნიუ-იორკს ეწვია. პრეზიდენტი შეხვდა ამერიკის საქმიან და პოლიტიკურ წრეებს, სენატორ მარკო რუბიოს და ნიუარკის მერ კორი ბუკერს.  წმ. გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა ბილ კლინტონი. აღნიშნულმა ვიზიტმა საქართველოში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. 2013 წლის 15 მაისს გამართულ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან მიხეილ სააკაშვილის საგარეო ვიზიტებზე ინფორმაცია მოითხოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა: „სულ ცოტა ხნის წინ ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და სამინისტროში დამიდასტურეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის საგარეო მივლინებების შესახებ სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, საქართველოს საგარეო დიპლომატიური კორპუსი არანაირად არ არის ჩართული მისი ვიზიტების მომზადებასა და  განხორციელებაში“. უმრავლესობის წარმომადგენელმა  გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული ვიზიტის სტატუსისა  და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ასევე დაინტერესდა, რა სტატუსით მოგზაურობდნენ პრეზიდენტთან ერთად საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.
ამავე სესიაზე პრეზიდენტის საგარეო ვიზიტების საკითხს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით,  საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე უნდა განმარტოს, რა მიზანს ემსახურება მისი ვიზიტები უცხოეთში: ,,ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს პასუხი, ისეთ კითხვებზე, თუ რა მიზანს ემსახურება, სააკაშვილის უცხოური ვიზიტები. მეორე, რა სარგებელი მოქვს, ამ ვიზიტებს, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი ხალხისთვის“, განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, იყო თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმირებული და ჩართული მის მომზადებაში. 2013 წლის 20 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ დავით ზალკანიანმა განაცხადა: "საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფებოდა რამდენიმე ხნის წინ. იცით, რომ იქ საელჩო ფუნქციონირებს, არის ახლად დანიშნული ელჩი და მან შესთავაზა პრეზიდენტს, რომ მიიღებდა მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომლებიც პრეზიდენტს ჰქონდა დაგეგმილი. ეს ბუნებრივია, ელჩი, საელჩოს წარმომადგენელი უნდა იღებდეს მონაწილეობას ასეთ შეხვედრაში. მან პრეზიდენტისგან უარი მიიღო". დავით ზალკალიანის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციმ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე ოფიციალური წერილით უპასუხა, რომელსაც თან პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის ამსახველი რამდენიმე ფოტო ერთვოდა: „იძულებული ვართ, გამოვეხმაუროთ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის მეტად „საინტერესო" განცხადებებს, რომლებშიც მან პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ვიზიტების არაკოორდინირებულობაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადანაშაულა. ვიდრე ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებდა, კარგი იქნებოდა, მინისტრის მოადგილეს ფაქტები ერთმანეთთან შეეჯერებინა... საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ პრეზიდენტის ამჟამინდელი ვიზიტის (14-17 მაისი) თაობაზე ყველა დეტალი იცოდა. მიხეილ სააკაშვილმა მას აეროპორტშივე გააცნო საკუთარი ვიზიტის პროგრამა და გეგმები. შესაბამისად, არჩილ გეგეშიძე, მიხეილ დარჩიაშვილთან ერთად, ახლდა კიდეც ქვეყნის პირველ პირს კონგრესში საქართველოს პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე .“ ქვეყნის ორი მნიშვნელოვანი უწყების მიერ ერთმანეთისგან გამომრიცხავი ინფორმაციის გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. საგარეო უწყების ოფიციალურ წერილში  ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ვიზიტების შესახებ საგარეო უწყების ინფორმირების ერთგვაროვანი პრაქტიკა არ არსებობს. 2013 წლის 14-17 მაისს საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ინფორმირებული არ ყოფილა, თუმცა, ვიზიტის დაგეგმვასა და ორგანიზებაში ჩართული იყო აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. აღნიშნულ საკითხზე ფაქტ-მეტრს ოფიციალური განმარტება მისცა საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ დარჩიაშვილმაც: „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტების მომზადებისას. უმაღლესი თანამდებობების პირების ჩასვლა საზგვარგარეთ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით ხდება. არავითარი პრობლემა არც ამ კონკრეტულ და არც სხვა შემთხვევებში საელჩოებთან კოორდინაციისას დღემდე არ ყოფილა და არც ველით. ხოლო დასტური ამისა, არის საქართველოს პრეზიდენტის შემდგარი ვიზიტები.“ პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, პროტოკოლის სამსახურის მხირდან, საგარეო უწყების წინასწარ ინფორმირება პირველი პირის საგარეო ვიზიტის თაობაზე გრიფით საიდუმლო წერილის საშუალებით ყოველთვის ხდება. არც ეს კონკრეტული ვიზიტი ყოფილა გამონაკლისი. თუმცა, პრესსამსახურში კითხვაზე, საგარეო უწყების წარმომადგენლებს ვიზიტის ორგანიზებაში ჩართვა შესთავაზეს, თუ არა, კონკრეტული პასუხი არ გააჩნიათ. დასკვნა ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ  პრეზიდენტის საგარეო ვიზიტების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირების კონკრეტული წესი არ არსებობს. ამასთან, 14-17 მაისს მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებული ვიზიტის შესახებ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ გეგეშიძე ინფორმირებული იყო. მეტიც, ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობას ის თავად იღებდა და ვაშინგტონში, კონგრესის წარმომადგენლებისთვის საქართველოს საელჩოს სახელით გამართულ მიღებას პრეზიდენტთან ერთად დაესწრო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე, როგორც ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილშია ნათქვამი, სურვილის მიუხედავად, ყველა შეხვედრას არ დასწრებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვასკვნით, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“  წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადება: „სამინისტროში დამიდასტურეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის საგარეო მივლინებების შესახებ სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, საქართველოს საგარეო დიპლომატიური კორპუსი არანაირად არ არის ჩართული მისი ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებაში“, არის მეტწილად მცდარი.