ვერდიქტი: „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ახალი ამბავი არის ყალბი.
რეზიუმე: მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ახალი ამბავი, თითქოს პენტაგონმა აღიარა, რომ ვერ გაუმკლავდება რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ ძალებს, არის ყალბი, რომელიც, აშკარად, ემსახურება ამერიკის დისკრედიტაციასა და ამავე დროს რუსეთის განდიდებას. სტატიის მიხედვით, ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯონ რუდმა გააკეთა. რეალურად, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2017 წლის ივლისიდან პატრიკ შანანია. ამერიკის ისტორიის მანძილზე რუდი არასდროს ყოფილა თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის დეპარტამენტში იგი თანამდებობრივი რანგის მიხედვით გაცილებით დაბალ საფეხურზეა.
რაც შეეხება განცხადებას, რუდს მსგავსი არაფერი უთქვამს, თავდაცვის კომიტეტის შეხვედრაზე იგი მუდმივად ხაზს უსვამდა აშშ-ის შეიარაღების სიდიდეს, თუმცა საუბრობდა მისი გაზრდის აუცილებლობაზეც. არც პენტაგონს და არც მის რომელიმე წარმომადგენელს ეს განცხადება არ გაუვრცელებია. „საქართველო და მსოფლიო“ კვლავ აქტიურად აგრძელებს ყალბი ამბების გავრცელების მანკიერ პრაქტიკას.
ანალიზი
მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ გაავრცელა სტატია სათაურით: „პენტაგონმა აღიარა, რომ ვერ გაუმკლავდება რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ ძალებს“. ავტორი ირწმუნება, თითქოს, გასულ ოთხშაბათს (სტატია 13 მარტს არის გამოქვეყნებული, შესაბამისად, გასულ ოთხშაბათში იგულისხმება 7 მარტი) ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯონ რუდმა განაცხადა რომ მოწინააღმდეგეს სტრატეგიული ძალები ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო ძალებს ვერ შეაჩერებს. ამავე დროს, სტატიის მიხედვით, შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა სენატორებმა რუდს ჰკითხეს, შეძლებს თუ არა აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა წინ აღუდგეს რუსეთის უახლეს იარაღს, რაზეც ჯონ რუდმა უპასუხა: „აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა იმ სახით, როგორითაც შეიქმნა და დღეს მოქმედებს, ვერ მოერევა რუსეთის ან ჩინეთის სტრატეგიულ ბირთვულ არსენალს”.
ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა აღნიშნული სტატიით გავრცელებული ინფორმაცია.
სტატიაში, პირველი მცდარი ფაქტი ჯონ რუდის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დასახელებაა. 2017 წლის 19 ივლისიდან დღემდე, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს პატრიკ შანანი (Patrick M. Shanahan) იკავებს. შანანი 33-ე თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. ამერიკის ისტორიის მანძილზე, ჯონ რუდი არასდროს ყოფილა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. რეალურად, ჯონ რუდი (John C. Rood), ნამდვილად მუშაობს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში და იკავებს თავდაცვის პოლიტიკის მდივნის თანაშემწის თანამდებობას. რუდის პოზიცია აბსოლუტურად განსხვავდება მინისტრის მოადგილის თანამდებობისგან და იგი რანგის მიხედვით გაცილებით უფრო დაბალ საფეხურზეა.
მეორე მცდარი ფაქტი ჯონ რუდის სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება და მისი მცდარი კონტექსტით გადმოცემაა. 2018 წლის 7 მარტს ამერიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა შეიარაღებული ძალების კომიტეტთან. ამ შეხვედრაზე განიხილებოდა 2019 წლის ფისკალური წლის გეგმები ბალისტიკური იარაღის, თავდაცვის პოლიტიკის და პროგრამის შესახებ, ამავე დროს, თავდაცვის დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტი და დაფინანსება. 2018 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო თავდაცვის ახალი ნაციონალური სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, პირველად, 2001 წლის 9/11-ის ტრაგედიის შემდეგ, ქვეყნის ნომერ პირველ გამოწვევად დასახელდა არა ტერორიზმი, არამედ რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების დაბალანსება. ზემოთ აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი 2019 წლის გეგმების ამ სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა იყო. შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ ჯონ ჰაიტენი და ჯონ რუდი. რაც შეეხება რუდის გამოსვლას, იგი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება შეიარაღების და უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ. მას უწევს ძალიან რთული და კომპლექსურად მზარდი გამოწვევების გადალახვა. ამ გამოწვევებში შედის რუსეთისა და ჩინეთის რევიზიონისტული მისწრაფებების დაბალანსებაც. იგი შეეხო ვლადიმერ პუტინის მიერ ახალი იარაღის დემონსტრირების საკითხსაც და თქვა, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯები მოითხოვს კიდევ უფრო გაიზარდოს აშშ-ის შეიარაღება. რუდის გამოსვლა საკმაოდ ხანგრძლივი იყო, თუმცა მის გამოსვლაში არცერთი სიტყვა არ ყოფილა იმის შესახებ, რაც „საქართველო და მსოფლიომ“ გაავრცელა, რომ „აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ვერ მოერევა რუსეთის ან ჩინეთის სტრატეგიულ ბირთვულ არსენალს“. პირიქით, შეხვედრის ყველა ეტაპზე რუდი აღნიშნავდა, რომ ამერიკის ძალები არის ყველაზე ძლიერი, თუმცა, აუცილებელია კიდევ უფრო გაძლიერება. სავარაუდოა, რომ რუდის გამოსვლა „საქართველო და მსოფლიომ“ მიზანმიმართულად გააყალბა და გამოიყენა ისეთი შეცვლილი კონტექსტი, რომელიც ამერიკის დაკნინებისთვის და რუსეთის „უძლეველად“ წარმოჩენისთვის საუკეთესო იქნებოდა.
მესამე მცდარი ფაქტი სტატიის სათაურია: „პენტაგონმა აღიარა, რომ ვერ გაუმკლავდება რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ ძალებს“. ეს განცხადება არც თავდაცვის დეპარტამენტის სახელით გავრცელებულა, არც მის რომელიმე წევრს და მით უმეტეს არც ჯონ რუდს არ უთქვამთ.
აღნიშნული სტატიით „საქართველო და მსოფლიო“ აგრძელებს ყალბი ამბების გავრცელების მანკიერ პრაქტიკას, რომელიც, როგორც წესი, დასავლეთის დისკრედიტაციას და რუსეთის განდიდებას ემსახურება.
პენტაგონმა აღიარა, რომ ვერ გაუმკლავდება რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ ძალებს
19/03/2018
Ложная информация
- Ложная или манипулятивная информация, распространяемая теми или иными СМИ, политиком или страницей в социальной сети
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные