ქრისტიან მშობლებს შვილებს ართმევენ
ვერდიქტი: „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ახალი ამბავი არის ყალბი.   რეზიუმე: მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ახალი ამბავი, თითქოს კანადაში მიღებული კანონით ქრისტიან მშობლებს შვილებს ართმევენ, არის დეზინფორმაცია და აშკარა მცდელობა მკითხველში ამ ქვეყნისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გააღვივოს. Bill 89 არის კანონქვემდებარე აქტი, რომელიც იცავს და მხარს უჭერს კანადელ ბავშვებს, ახალგაზრდებს და ოჯახებს. იგი ეხმარება ეთნიკურ უმცირესობაში მყოფ ოჯახებს კანადურ საზოგადოებასთან ღირსეულ ინტეგრაციაში და ხელს უწყობს ბავშვებისა და მოზარდების უფლებების დაცვას. სავარაუდოა, რომ გამოცემამ კანონის ამგვარი ინტერპრეტირება მიზანმიმართულად მოახდინა.   ანალიზი 2018 წლის 6 მარტს მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ გაავრცელა სტატია პროვოკაციული სათაურით: „ქრისტიან მშობლებს შვილებს ართმევენ“. სტატიაში ვკითხულობთ, თითქოს, კანადის ონტარიოს პროვინციის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც შეიძლება შვილები წაართვან იმ მშობლებს, რომლებიც აკრიტიკებენ არატრადიციულ ქორწინებას და გენდერულ იდეოლოგიას. აქვე ავტორი აგრძელებს, კანადის ქრისტიანული ოჯახების შეფასებით მიღებული „ბილი 89“ ტოტალიტარულია და ეს კანონი უკრძალავს ტრადიციულ ოჯახებს ბავშვების აღზრდას. ფაქტ-მეტრმა ამ სტატიის სიზუსტე გადაამოწმა. 2017 წელს კანადის პროვინცია ონტარიოში, საკანონმდებლო ორგანომ მიიღო ბავშვების, ახალგაზრდების და ოჯახების მხარდაჭერის კანონქვემდებარე აქტი (Bill 89). აქტის ინიციატორი იყო კანადის ახალგაზრდობის მინისტრი მაიკლ კოტო (Michael Coteau), რომელიც ონტარიოს ლიბერალური პარტიის წარმომადგენელია და ანტირასიზმზეა პასუხისმგებელი. ინიციატივის აქტიური მხარდამჭერი იყო ონტარიოს პრემიერ-მინისტრი კეტლინ ვინი (Kathleen Wynne). აღნიშნული აქტი ეხმარება კანადის კანონმდებლობას მეტად იყოს დაცული ოჯახების, ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესები. ეს არის ე.წ. განმარტებათა კრებული ყველა იმ მნიშვნელოვანი ცნებისა, რომელიც საზოგადოების ამ სამ მნიშვნელოვან ნაწილს მიემართება. თუმცა, აქტის ძირითადი მიზანი მაინც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების და ოჯახების დაცვაა. კანადა ერთ-ერთი ყველაზე მულტიეთნიკური სახელმწიფოა. აქ წარმოდგენილია საკმაოდ ბევრი უმცირესობა, მათ შორის, 2.9% ის ჯგუფია, რომელიც საკუთარ თავს „პირველ ერს“, ნაციონალურ ამერიკელებს უწოდებს. მოქალაქეთა ეს ჯგუფი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილია. განსხვავებული კულტურის გამო, ისინი ვერ ახერხებენ ინტეგრაციას. სწორედ მათ ოჯახებში არსებული მდგომარეობა და ბავშვთა უფლებები გახდა აქტის ინსპირაცია. 89-ე კანონქვემდებარე აქტი სხვა არაფერია თუ არა თანასწორობის განმსაზღვრელი დოკუმენტი კანადის ოჯახებსა და ბავშვებს შორის ეთნიკურობის, რელიგიურობის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. გამომდინარე იქიდან, რომ „საქართველო და მსოფლიო“ სტატიაში აქტიურად მანიპულირებს ტრადიციული ოჯახების საკითხით, ჩვენ გავარჩიეთ აქტის ყველა ის ნაწილი, რომელიც ოჯახებს მიემართებოდა. Bill-ში ნათქვამია, რომ მისი ერთ-ერთი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის შესაფერისი გარემო, რათა მათი კულტურა და ტრადიციები კანადის დანარჩენ მოსახლეობასთან ინტეგრაციის პროცესში არ იყოს დაკარგული. მისი მიზანია გააფართოვოს ამ ოჯახების და მათი ბავშვების კავშირები და ამავე დროს შეუნარჩუნოთ მათ არსებული ტრადიციები. ოჯახებისთვის გათვალისწინებული მომსახურებები ძირითადად უნდა იყოს ბავშვებზე კონცენტრირებული და იმ ფორმით შემუშავებული, რომ უზრუნველყოს მისი ჯანსაღად აღზრდა. თუ ეს ოჯახები განიცდიან შევიწროებას რასისტული ნიშნებით, მათ სახელმწიფოსგან უნდა მიიღონ აბსოლუტური მხარდაჭერა. იგივე აქტი მკაცრად იცავს ბავშვებს და მოზარდებს სექსუალური ექსპლუატაციისგან. რაც შეეხება ბავშვის შვილად აყვანისა და აღზრდის ნაწილს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აქტში არანაირი ჩანაწერი, რომ ტრადიციულ ოჯახებს ეკრძალებათ ბავშვის შვილად აყვანა არ არსებობს. ეს ფაქტი გამოგონილია და არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. შვილად აყვანის პროცესში ოჯახი მთავარია აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. გაუგებარია, რას გულისხმობს „საქართველო და მსოფლიო“, როდესაც მიუთითებს ტრადიციული ოჯახების დისკრიმინაციაზე. აგრეთვე გაუგებარია რა იგულისხმება ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიტყვაში „ტრადიციული.“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტყუილი, რომელიც სტატიის სათაურმა გაავრცელა არის ის, რომ თითქოს აქტი ქრისტიან ოჯახებს შვილებს ართმევს. აქტის არცერთ ნაწილში არათუ მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადება, არამედ სიტყვა ქრისტიანიც კი არსად წერია. კანადის მოსახლეობის დაახლოებით 67% ქრისტიანია, ამ ფონზე, მითუმეტეს წარმოუდგენელია მსგავსი კანონის მიღება. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელი „საქართველო და მსოფლიო“ ონტარიოში მიღებულ Bill 89-ს იყენებს, დასავლეთისადმი ნეგატიური დამოკიდებულებების გასავრცელებლად. უნდა ითქვას, რომ აქტის მიმართ მსგავსი რიტორიკა 2017 წლის ივნისში დაიწყეს ისეთმა პროპაგანდისტულმა სააგენტოებმა, როგორიც არის მაგალითად breitbart.com. ძირითადი პრობლემები და პოლემიკა, რომელიც აქტის მიღებას მოჰყვა იყო იდეოლოგიური დაპირისპირებები, უნდა გაიზარდოს თუ არა სახელმწიფოს წონა და მსგავსი საკითხების რეგულაცია. სხვა ყველა ინტერპრეტირება არასწორია და კანადის დისკრედიტაციას ემსახურება.